მთავარი,სიახლეები • •

„იქ დავდგებით, სადაც ორი წლის წინ ვიდექით“ – მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ

28.11.2026
„იქ დავდგებით, სადაც ორი წლის წინ ვიდექით“ – მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ
ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებიდან ორი წლის თავზე მოქალაქეები მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობასა და აქციას გეგმავენ.

ორი წლის შემდეგ პროტესტის რეჟიმში მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროტესტი მიემართება ყველა იმ უსამართლობას, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეიქმნა.

სწორედ ამ შინაარსის პოსტებს წერენ სოციალურ ქსელში: მოქალაქეები აქვეყნებენ 2024 წლის 28 ნოემბერს აქციაზე გადაღებულ საკუთარ ფოტოებს. ასევე წერენ, რომ ორი წლის შემდეგ იმავე მიზნით, იმავე ადგილას დადგებიან.

მათ შორის არის ციალა ქათამიძეც, ბათუმის აქციების აქტიური მონაწილე:

„მაშინაც, როცა კობახიძემ განცხადება გააკეთა, სხვადასხვა ჯგუფებში დაიწერა ამის შესახებ, ყველამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და სპონტანურად გავედით — ევროპის მოედანზე დაიწყო შეკრება. ორი წლის წინ დაიწყო ეს პროცესი, რომელსაც მერე უწყვეტი სახე მიეცა. მე, როგორც იმ პროცესის მონაწილე, დღესაც ველოდები იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც დავიწყეთ, რადგან მას შემდეგ არაფერი გამოსწორებულა. პირიქით, კიდევ უფრო მძიმდება ვითარება და ჩვენს მაშინდელ შიშებსა და მოლოდინებს გადაასწრო უკვე რეალობამ, არსებულმა მდგომარეობამ“, — ამბობს ციალა.

ბათუმის აქციების მონაწილეები დღეს ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან. ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა საპროტესტო მსვლელობა ბათუმში.

თბილისში კი დანიშნულების ადგილამდე — თავისუფლების მოედნამდე — მოქალაქეები ორ მხრიდან მივლენ: ნაწილი 19:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბება და შაბათის ტრადიციულ მარშთან ერთად გაემართება, მეორე ნაწილი კი ოპოზიციის ალიანსის მიერ დაგეგმილ მსვლელობას შეუერთდება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველი კორპუსიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებდა  ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ მოულოდნელი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. იმავე საღამოს პარლამენტის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. აქცია სპეცრაზმმა დაარბია, მიუხედვად ამისა მოქალაქეები ქუჩაში 29 ნოემბერსაც გავიდნენ, 30 ნოემბერსაც და ყოველ მომდევნო დღე,  ასე დაიწყო ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი.

გასული ორი წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ პროტესტის შემზღუდავი არაერთი რეპრესიული კანონი და რეგულაცია მიიღო, რის გამოც დემონსტრანტთა ნაწილი ტროტუარზე დგომისთვისაც კი  იყო პატიმრობაში, ნაწილს კი ათობით ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

მიუხედავად ამისა, მოქალაქეები ორი წელია ყოველდღე გამოდიან რუსთაველის გამზირზე და მმართველი პარტიის გადადგომასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: