მთავარი,სიახლეები

რას ითხოვდნენ დღეს ბათუმში აქციაზე – „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება“

01.05.2026
რას ითხოვდნენ დღეს ბათუმში აქციაზე – „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება“

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფი გაერთიანდა და საპროტესტო აქცია გამართა.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ უსახლკარო ოჯახები, რომლებმაც მოითხოვეს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველა ოჯახის ბინით უზრუნველყოფა; იპოთეკით და საბანკო დავალიანებით დაზარალებულები; ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები; დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულები და მოქალაქეები, რომლებიც ქობულეთში, წინაპრების საკუთრებაში არსებული მიწების აღიარებას ითხოვენ.

აქციაზე ყველა ჯგუფს თავისი გზავნილი ჰქონდა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ბათუმის ბულვარიდან, საოცრებათა პარკიდან დაიწყეს და რუსთაველის ქუჩა სრულად აითვისეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მიემართებიან აჭარის მთავრობის სახლისკენ

მოქალაქეები თავდაპირველად აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, საიდანაც ასევე მსვლელობით განაგრძეს გზა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ.

„სამი აქცია გავმართეთ, არცერთზე არ მოვიდა აჭარის ტელევიზია. ახლა მივალთ ტელევიზიასთან და გავიგებთ, რატომ არ აშუქებენ ჩვენს აქციებს“, – ასე ახსნა ტელევიზიასთან მისვლის მოტივი უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.

მას შემდეგ რაც საპროტესტო აქცია ტელევიზიასთან მივიდა და საჯაროდ, მიკროფონით დაუსვეს ქუჩიდან კითხვა ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თუ რატომ არ აშუქებდა სოციალური საკითხების შესახებ გამართულ აქციებს, ტელევიზიიდან გადამღები ჯგუფი გამოვიდა და აქციის გაშუქება დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ რადგან ტელევიზიამ ამბის გაშუქება დაიწყო, ამით მათი მიზანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღწეული იყო და გზა ბათუმის მერიისკენ გააგრძელეს.

ბათუმის მერიასთან მისულმა აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მათ მერი არ შეხვდა.

მოგვიანებით კი მერია დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა  და ვრცელი განმარტება გააკეთა.

„უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებების განხილვის პროცესი მოიცავს დეტალურ, მრავალეტაპიან შემოწმებასა და ინდივიდუალურად თითოეულ შემთხვევაზე კოორდინაციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყბასთან ინფორმაციის გამოთხოვისა თუ გადამოწმების მიზნებისთვის.

აღნიშნული პროცესის კომპლექსურობა და ინფორმაციის დიდი მოცულობა განაპირობებს გადაწყვეტილებების მიღებისთვის შესაბამის პერიოდს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობა ღიაა მოქალაქეებისთვის. ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისუფლად ისარგებლოს ცენტრალური შესასვლელით, მიმართოს კანცელარიას განცხადების დასატოვებლად ან მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხებზე დადგენილი წესით.

მერიის შიდა სივრცეში აქციის ჩატარების საკითხი რეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, დაცვის სამსახურის მოქმედება შიდა ტეროტორიაზე აქციის მონაწილეთა გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე ემყარებოდა კანონის მოთხოვნებს და მიზნად ისახავდა საჯარო დაწესებულების უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ განცხადებაში.

ბათუმის მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მოქალაქეები ისევ მსვლელობით წავიდნენ აჭარის მთავრობისკენ და ზურაბ პატარაძეს, რომელიც ახლახან დაინიშნა, ორი კვირის ვადა მისცეს მათ პრობლემებში გასარკვევად.

მორიგი საპროტესტო აქცია 15 მაისს დაანონსდა.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია! ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას შანსს, დაინახოს ხალხის ერთობა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ დასაწყისი დიდი და შეუჩერებელი პროტესტისა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება და არ გავჩერდებით, სანამ თითოეული მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული!“ – ასეთი იყო დღევანდელი აქციის გზავნილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: