„ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ პასიურად იქნებიან, ხმას არ ამოიღებენ – არ შეეხებიან.
მაგრამ მას დაავალდებულებენ კობახიძის, მდინარაძის და ივანიშვილის ქებას დილას, საღამოს და შუადღეს. აქტიურად დაავალდებულებენ ამას, ზოგ შემთხვევაში კანონით და ზოგ შემთხვევაში – ბარტერით. ეტყვიან: აი, ბიძინა უნდა აქო და მოგცემ მშენებლობის ნებართვას, თუ არ აქებ – არ მოგცემ. ასე მუშაობს სისტემა ყველა დიქტატორულ ქვეყანაში,“ – ამბობს პოლიტიკოსი, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში, თემურ გორგაძე. მას ვესაუბრეთ დანაწევრებულ პროტესტზე, როცა სხვადასხვა პრობლემის მქონე მოქალაქეები ერთობას და შესაბამისად, შედეგის დადებას ვერ ახერხებენ.
დღეს, 18 მაისს, ბათუმში, 5 სხვადასხვა აქცია გაიმართა: ცალ-ცალკე გამართეს აქციები ბულვარში და სანაპიროზე წვენებით და სუვენირებით მოვაჭრეებმა, შემდეგ კვადროციკლების გამქირავებლები გამოჩნდნენ. ქალაქში ასევე გაიმართა აქცია მშენებლობის წინააღმდეგ. იყო პროევროპული აქციაც, სადაც მიაჩნიათ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ევროპულ გზაზე დაბრუნებაა საჭირო და სისტემის შეცვლა.
რასთან გვაქვს საქმე, როცა საზოგადოებაში არსებობს პროტესტი სოციალურ, მუნიციპალურ, პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ ეს პროტესტი დანაწევრებულია? – „ბათუმელები“ ამ თემაზე თემურ გორგაძეს ესაუბრა.
- ბატონო თემურ, დღეს, 18 მაისს ბათუმში 5 სხვადასხვა აქცია გაიმართა: სუვენირებით მოვაჭრეების აქცია, მშენებლობით დაზარალებულები, წვენებით მოვაჭრეები, „კვადროციკლების აქცია“ და დღის ბოლოს – პროევროპული აქცია. რას აჩვენებს ეს ამბავი თქვენთვის?
სულ ვფიქრობ, რომ ამ სხვადასხვა აქციაზე რომ გამოვჩნდე, არ იფიქრონ, რომ შეიძლება, საქმეს ვუფუჭებ, რადგან პოლიტიკოსი ვარ და შეიძლება მიცნონ. ვცდილობ, ნებისმიერ უფლებადარღვეულთან რითაც შემიძლია, გვერდით დავუდგე.
ზუსტად ვიცი, რომ ცოტა ხანში ფასების ამბების აფეთქება დაიწყება. ეს პროცესი არ გაჩერდება. სხვადასხვა სოციალური ჯგუფი შეწუხდა და თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც შეწუხდნენ.
- დღეს „ოცნების“ მხარდამჭერი უყვებოდა „ბათუმელებს“, კვადროციკლის გამქირავებელი: „ოცნებას“, როგორც ჩანს, მხოლოდ არჩევნებზე ვახსოვართო…
ბევრია ასეთი. მე არ მაქვს რეცეპტი რაა გამოსავალი, მაგრამ რაღაცნაირად ამ ადამიანებამდე მისატანი გვაქვს ის, რომ ისინი რასაც ამბობენ: „პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ საწვავი გაძვირდა“, „პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ აი, ჩემი სახლის წინ ტროტუარი გამიყიდეს“… ჰგონიათ, რომ რაც გადახდათ და სჭირთ, ეს პოლიტიკა არ არის.
არ ვიცი, როგორ, მაგრამ ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა.
- ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეები რატომ არიან ცალ-ცალკე, მაგალითად, წვენებით მოვაჭრე და სუვენირებით მოვაჭრე?
იმიტომ არიან ცალ-ცალკე, რომ არსებული პროტესტი არის მიმართული კონკრეტულად იმისკენ, რის მოპოვებაც უნდათ. მაგალითად, წვენების გამყიდველს უნდა, რომ უბრალოდ იქ წვენი გაყიდოს ისევ და იმის იქით არ ადარდებს არაფერი. ამ პრობლემის იქით ეს ქვეყანა რუსეთი იქნება, ჩინეთი, ბელარუსი თუ ჩრდილოეთ კორეა, არ ადარდებს.

თემურ გორგაძე
საბჭოთა კავშირის დროს სტალინმა რომ „არ იცოდა“ ხალხს როგორ ხვრეტდნენ, ასეთი ამბავია. ვერ დაიჯერა ხალხმა, რომ „მათიანი“ რომ არიან, ამის გამო კი არა აქვთ პრობლემა, პრობლემა აქვთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა იმართება ასეთი ადამიანების მიერ.
კვადროციკლების გამქირავებლის მიზანია კვადროციკლი ისევ გააქირაოს, სულ არ აინტერესებს, წვენებით მოვაჭრე ისევ წვენს გაყიდის თუ ვერა.
ისინი უყურებენ ასე – რახან კვადროციკლებიც არის, წვენებიც არის და სხვებიც არიან, ყველა პრობლემის ერთად მოგვარება მთავრობისთვის უფრო რთული იქნება და შეიძლება კვადროციკლებს არ მისცენ იქ უფლება, ამიტომ, ჩვენ მაინც ცოტანი ვართ და იქნებ, ჩვენ მაინც მოგვცენო.
ყველა ცდილობს, რომ თავისი მერკანტილური პრობლემა მოაგვაროს და დაალაგოს „ოცნებასთან“.
- გამოდის, რომ „ოცნება“ ცდილობს მიაღწიოს მიზანს: სოლიდარობა შეასუსტოს ადამიანებში, რომ ერთმანეთის პრობლემები ვერ დაინახონ და ერთობის ძალა ვერ იგრძნოს საზოგადოებამ?
კი, ამაზე წლებია მუშაობენ.
საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე მუშაობს პროპაგანდა. მაგალითად, გსმენიათ ალბათ: „პოლიტიკა ბინძური საქმეა“. როგორც კი იგივე კვადროციკლების გამქირავებლების პროტესტში ჟღერდება სიტყვა „პოლიტიკა“, ადამიანების ტვინებში ეგრევე ვარდება ჩანერგილი კოდი – „პოლიტიკა ხომ ბინძური საქმეა“, მოდი, პოლიტიკას საერთოდ არ ვახსენებ, უბრალოდ, მოვითხოვ იმას, რომ კვადროციკლით მამუშაონ, ან ისევ მომცენ წვენებით ვაჭრობის საშუალება.
და რადგან წვენების გაყიდვა მხოლოდ მერკანტილური ინტერესია და პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის, ის ცდილობს, თავისი ინტერესი დაიკმაყოფილოს და სხვის მიმართ არ იყოს სოლიდარული, იმიტომ, რომ შეიძლება სხვის მიმართ სოლიდარობამ თავისი ინტერესის დაკმაყოფილებაში ხელიც კი შეუშალოს.
მაგალითად, შენ წვენების გაყიდვა გინდა და ამ დროს შშმ პირების აქციაზეც დადექი. მთავრობამ თუ დაგინახა, რომ იქ მისული ხარ, შეიძლება წვენი აღარ გაგაყიდვინოს, ამიტომაც ფიქრობ – მოდი, იქ არ ვიქნები, ჩემს წვენს მოვითხოვ და მორჩა. ასე უყურებენ.
- სინამდვილეში როგორ მუშაობს ეს მიდგომა? რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი?
სინამდვილეში ყველა შეწუხებულია უკვე, მათ შორის, მასწავლებლები, სოცდაუცველები, რომელთა გადამოწმებები დაიწყეს, ასევე დასაქმებული სოცდაუცველები უმუშევრები დარჩნენ… ნებისმიერი ჯგუფი საბოლოო ჯამში შეწუხდება და მოუწევთ, რაღაც გაიაზრონ. შეიძლება, ამას ბევრი დრო დასჭირდეს. გააზრება სჭირდება იმას, რომ პრობლემის სათავე არის არა ის, რომ რაღაც ვერ გაყიდე, არამედ ის, რუსული რეჟიმი გვყავს.
საბოლოო ჯამში, თუ ამან იფეთქა, მერე შეიძლება პოლიტიკოსებმა მართლა ვეღარ მოაგვარონ პრობლემა.
- ხედავთ საფრთხეს, რომ შეიძლება იგივე ადამიანებს ხვალ პროტესტის გამოხატვის საშუალება საერთოდ აღარ ჰქონდეს?
დღეს შეიტანეს კანონპროექტი პრაქტიკულად სოციალური პლატფორმის აკრძალვაზე. ცოტა ხნის მერე სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების აკრძალვის ნაცვლად დაავალდებულებენ ადამიანებს, რომ ბიძინაზე კარგი პოსტები უნდა წერონ. ასე მუშაობს ყველგან რეჟიმი. ეს კლასიკური მაგალითია.
ბათუმში კი ვდგავართ აქციაზე, მაგრამ რეალურად ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს 5000 ლარით აჯარიმებენ თბილისში, რუსთაველზე. ამიტომაც, პროტესტი ისედაც აკრძალეს. ეს გაუვიდათ, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ხალხი შეშინდა, შეძრწუნდა, თბილისში საკმაოდ ცოტა ადამიანები დადის და ახლა უკვე შემოვიდნენ სოციალურ პლატფორმაზე.
ფიზიკური პროტესტი აკრძალეს და ახლა გადავიდნენ ონლაინ პროტესტის აკრძალვაზე. ეს თუ გაუვიდათ, მერე გადავლენ აქტიურ ნაწილზე.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ პასიურად ვიქნები, ხმას არ ამოვიღებ, არ შემეხებიან, მაგრამ მას დაავალდებულებენ კობახიძის, მდინარაძის და ივანიშვილის ქებას დილას, საღამოს და შუადღეს. აქტიურად დაავალდებულებენ ამას, ზოგ შემთხვევაში კანონით და ზოგ შემთხვევაში – ბარტერით. ეტყვიან: აი, ბიძინა უნდა აქო და მოგცემ მშენებლობის ნებართვას, თუ არ აქებ – არ მოგცემ. ასე მუშაობს სისტემა ყველა დიქტატორულ ქვეყანაში.
- რამდენად არსებობს ამ სოციალური ჯგუფების ერთობის რესურსი?
როგორც უკვე აღვნიშნე, არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხოთ ეს ერთობა. თბილისში ცოტ-ცოტა მოგვარდა ეს საკითხი, რაღაცნაირად შედგა კონტაქტი კონკრეტულ ჯგუფებს და რუსთაველის ხალხს შორის. მინიმუმ ერთმანეთის არ რცხვენიათ, ერთმანეთს არ აგინებენ…
ბათუმში სამწუხაროდ ასე არაა. ახსნა სჭირდება ნებისმიერ მხარეს, მაგალითად, ის, რომ შესაძლოა კონკრეტული ჯგუფი „ქართული ოცნების“ მომხრედ პოზიციონირებს, მაგრამ უნდა მოახერხო საერთო გადაკვეთის წერტილების მოძებნა.
მეც უნდა ვცადო, სხვებმაც უნდა სცადონ ამ გზების მოძებნა. იქნებ სხვას გამოუვიდეს. იქნებ მეც გამომივიდეს.






