სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუს-ი] დაარსების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებაში კი, ტენდერის გარეშე, 80 ათას 10 ლარს დახარჯავს – „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ საფუძვლით.
„ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონცეფციის ჩამოყალიბებას დასჭირდა დაგეგმილზე დიდი პერიოდი, ასევე გარკვეული პერიოდი დასჭირდა ბაზრის კვლევის პროცედურებს, პროცედურების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ შედგა კომუნიკაცია ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიებთან, რათა საბოლოოდ დადასტურებულიყო, რომ კარგად იქნა აღქმული ტექნიკური დავალება და ღონისძიების ხარისხზე, მცირე ვადები ვერ მოახდენდა გავლენას.
ღონისძიების სპეციფიკიდან, მასშტაბებიდან და ვადებიდან გამომდინარე, შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა და შემდგომ ელექტრონული ტენდერის პროცედურებით განხორციელება შეუძლებელია.“ – წერს სუს-ი შესყიდვების სააგენტოს.
რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს? – შესყიდვების პორტალზე არსებულ ამ შეკითხვაზე პასუხად სუსი წერს:
„აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია მასშტაბური საზეიმო ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან საპატიო სტუმრები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ასევე გაიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია.“
პორტალის მიხედვით, ღონისძიების ჩატარების თარიღია 2026 წლის 1 აგვისტო [სუს-ი ცალკე სამსახურად 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან ფუნქციონირებს].
„ღონისძიების მნიშვნელობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, საზეიმო ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის გვესაჭიროება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და სივრცის დეკორირება, კერძოდ:
გახმოვანების სისტემა, განათება, როგორც სასცენო ასევე სრული დარბაზის, ლედ-ეკრანები, ვიზუალური კონტენტის დამზადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სააქტო დარბაზის დეკორირება-შეფუთვა ბრენდირებული მასალებით, სცენის მოწყობა და აღნიშნულ სცენასთან ვიზუალურად თავსებადი ტრიბუნის დამზადება. ასევე გვესაჭიროება არსებული ღონისძიების ვიდეო გადაღება სატელევიზიო ფორმატში“, – წერს სუს-ი.

სუს-ის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებიდან
სუს-ი ასევე წერს, რომ მომსახურების შესყიდვა არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას და ღონისძიების ორგანიზება დაფინანსდება სუს-ისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში.


