ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როგორც ნატალია თურქაძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, სკოლის დირექტორი მას ეთიკური ნორმების დარღვევას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია.
საქმე ეხება ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღებას.
კერძოდ, ნატალია თურქაძის თქმით, გასულ წელს, როცა გასულ წელს მე-12 კლასელებმა 20 მაისს სკოლა დაასრულეს, მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა, გამოსაშვებ ბანკეტზე, რომელიც 13 ივნისს გაიმართა, სიურპრიზად გააჟღერეს, რომ ყოფილ დამრიგებელს იტალიის საგზურს აჩუქებდნენ. ნატალია თურქაძე იტალიაში, შვებულებაში ყოფნისას, 7 ივლისს გაემგზავრა.
„თუ არ იყო ეთიკური ყოფილი მოსწავლეებისგან ამ საჩუქრის მიღება, ხომ შეეძლო მაშინვე ეთქვა დირექტორს, რომ არ მიმეღო ეს საჩუქარი თუ ამით რაიმე ირღვეოდა, ეს ამბავი ხომ ბანკეტზე გაჟღერდა? ან გავეფრთხილებინე მაინც. რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური შვიდი თვის შემდეგ?
ამ ახალგაზრდებთან მე სამსახურებრივი ურთიერთობები აღარ მაკავშირებდა, რადგან უკვე ამორიცხულები იყვნენ სკოლიდან. შესაბამისად, მათი დამრიგებელიც აღარ ვიყავი და ეს საჩუქარი ვერანაირ გავლენას ვეღარ მოახდენდა ვერც მათ აკადემიურ მოსწრებაზე, ვერც ნიშნებზე ან ოქროს მედლებზე“- გვეუბნება ნატალია თურქაძე.
მისი თქმით, ამ საკითხზე სკოლის დისციპლინურმა საბჭომ დიდხანს იმსჯელა, თუმცა დარღვევა არ დაუდგენია.
„საერთოდ არ მინდოდა ამ ამბის აფიშირება, რადგან იმედი მქონდა, რომ სკოლის დირექტორი სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან სკოლის დისციპლინურმა საბჭომ გამოიტანა დასკვნა, რომ მასწავლებლის მხრიდან გადაცდომა არ ყოფილა.
მთელ სკოლას და მათ შორის მეც, მქონდა განცდა, რომ დირექტორი გაიზიარებდა დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ასე არ მოხდა“- ამბობს ნატალია თურქაძე.
მისი თქმით, 24 თებერვალს სკოლაში იყო და პირველი გაკვეთილიც ჩაატარა, როცა შემთხვევით გაიგო, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.
„23 თებერვალს დაუწერია ბრძანება და მე არც კი ვიცოდი ამის შესახებ. დირექტორმა მითხრა eFlow-ში გამოგიგზავნე წერილიო, მაგრამ ამ სისტემას რომელი მასწავლებელი ხსნის სახლში?!
არც დაურეკავს და არც ფოსტაზე ყოფილა შეტყობინება“- ამბობს ნატალია თურქაძე.
ნატალია თურქაძე ქუთაისის 36-ე სკოლაში 2015 წლიდან მუშაობს მასწავლებლად და როგორც ამბობს, თავადაც ეს სკოლა აქვს დამთავრებული.
„ეს სკოლა არის ჩემი მშობლიური სკოლა, იქიდან მოყოლებული ვზრუნავ ამ სკოლის პრესტიჟზე. როგორც მასწავლებელს არაერთი წარმატებული პროექტი განმიხორციელებია სკოლაში და არცერთი წუთი არ ყოფილა, რომ სკოლის განვითარებაზე არ მეფიქრა.
ბრძანებაში მითითებული მუხლებით კი სკოლის იმიჯის შელახვას მედავება დირექტორი, რასაც არავინ არ დაეთანხმა.
ან რას ნიშნავს იმიჯის შელახვა? – ნაკლები მოსწავლე მოვიდა სკოლაში სექტემბერში, მოსწავლეების გადინება დაიწყო სკოლიდან, მშობლებს ჰქონდათ რაიმეზე პრეტენზია ან ვინმეს აღარ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა ამ ფაქტის შემდეგ? რით დაადგინა სკოლის დირექტორმა „იმიჯის შელახვა“?
მოვითხოვე კიდეც განმარტება და ალბათ მომაწვდის წერილობით, შვიდი დღე აქვს ვადა ამისთვის, თუმცა მანამდე სამართლებრივ დავის წამოწყებას ვაპირებ სასამართლოში“ – ამბობს მასწავლებელი.
რა ფუნქცია აქვს მაშინ დისციპლინურ საბჭოს, თუკი სკოლის დირექტორი მის გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს და მაინც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს? – კითხვას სვამს ნატალია თურქაძე.
მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებას მისი კოლეგებიც გამოეხმაურნენ ფეისბუქზე და საშიშ პრეცედენტად აღიქვეს. მათი აზრით, შესაძლოა მსგავსი მეთოდები აქტიური და კრიტიკული მასწავლებლების წინააღმდეგ გამოიყენოს სისტემამ.
„მე არ ვიცი რა არის რეალური მოტივი, არ მაქვს ამაზე პასუხი.
თუ ყოფილ მოსწავლეებთან ურთიერთობა ან მათგან საჩუქრის მიღება დასჯადია, ეს უნდა ჩავწეროთ ნათლად სკოლის შინაგანაწესში, რომ მსგავსი პრეცედენტები თავიდან ავიცილოთ.
მე ვმეგობრობ ამ ბავშვებთან, მათ დაბადების დღეებზეც დავდივარ, ზოგიერთი უკვე ქორწილშიც მეპატიჟება და ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ და ურთიერთობები გავწყვიტოთ ყოფილ მოსწავლეებთან? – ამბობს ნატალია თურქაძე.
ნატალია თურქაძის მხარდასაჭერად, დღეს 25 თებერვალს სკოლის წინ, მოსწავლეებმა აქციაც გამართეს, – „დაბრუნდეს ნატალია მასწავლებელი სკოლაში“- ამ პლაკატით და შეძახილებით იდგნენ მოსწავლეები სკოლის შესასვლელთან.
„ბათუმელები“ სკოლის დირექტორს ეკატერინე დოლიძესაც დაუკავშირდა ტელეფონზე და სთხოვა განმარტება, თუ რატომ მიიღო მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მაშინ, როცა დისციპლინურ საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია.
სკოლის დირექტორმა შეკითხვა მოისმინე, შემდეგ კი თქვა, რომ არ ესმოდა და ტელეფონი გათიშა. მას შეკითხვა წერილობითაც მივწერეთ და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, თუმცა დირექტორს ჩვენი ზარებისთვის აღარ უპასუხია.






