მთავარი,სიახლეები

„სავარაუდოდ, გზა ჩაიწია“ – რატომ ჩაიკეტა ხაჯალია-სუფსის ავტობანი ცალმხრივად

01.05.2026
„სავარაუდოდ, გზა ჩაიწია“ – რატომ ჩაიკეტა ხაჯალია-სუფსის ავტობანი ცალმხრივად

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი ცალმხრივადაა ჩაკეტილი.

ავტოტრანსპორტი ხაჯალიიდან სუფსა-გრიგოლეთის მიმართულებით პარალელური, ასე ვთქვათ, ძველი გზით მოძრაობს. გრიგოლეთიდან ხაჯალიას მიმართულებით კი ავტობანზე ტრანსპორტი ჩვეულებრივად გადაადგილდება.

გზაზე შეზღუდვა 2026 წლის 23 აპრილს დაწესდა და გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე წლის 14 ივნისამდე გაგრძელდება.

„ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ერთ-ერთ სახიდე გადასასვლელზე, სავარაუდოდ, გზა ჩაიწია და ეს მონაკვეთი დემონტაჟს და ხელახლა აღდგენას ექვემდებარება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებით კი „23 აპრილიდა ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება“. 

ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ერთი წლის შემდეგ გზა „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საგარანტიო ვადის დასრულების გამო“ ორი კვირით გადაიკეტა – „დეპარტამენტისთვის პროექტით შესრულებული სამუშაოების გადაბარების მიზნით“.

გზის იგივე მონაკვეთი 2025 წლის ნოემბერშიც ჩაიკეტა რამდენიმე დღით – „მიმდინარე სამუშაოების გამო“.

ხაჯალია-სუფსის გზა სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ავტომაგისტრალის მეოთხე მონაკვეთის[ლოტის] შემადგენელი ნაწილია.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი მაქსიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო მთლიანად.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მხოლოდ ორი მონაკვეთი იყო დასრულებული/გახსნილი:

  • ლოტი 1 – სამტრედია-ჯაპანა [დაუსრულებელია]
  • ლოტი 2 – ჯაპანა-ლანჩხუთი [გახსნილია]
  • ლოტი 3 – ლანჩხუთი-ხაჯალია [დაუსრულებელია, გაიხსნა ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი / დარჩენილია ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი]
  • ლოტი 4 – ხაჯალია-სუფსა [გახსნილია. სწორედ ეს მონაკვეთია ამჯერად ჩაკეტილი ცალმხრივად]

აღნიშნული გზის სამტრედია-ჯაპანის მშენებარე მონაკვეთზე [ლოტი 1] 2023 წლის თებერვალში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრამანამდე, 2 წლით ადრე კი, ამ მონაკვეთის დასასრულებლად ბიუჯეტიდან 72 მილიონი ლარის გამოყოფა გახდა აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დონორების მიერ იყო დაფინანსებული.

ამ თემაზე:

ლანჩხუთში ავტობანის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს – მაგისტრალი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: