მთავარი,სიახლეები

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ირანსა და ისრაელს მიუსამძიმრა

02.03.2026
„ქართული ოცნების“ მთავრობამ ირანსა და ისრაელს მიუსამძიმრა

„ქართული ოცნების“ მთავრობა ირანელ ხალხს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ებრაელ ხალხს და ისრაელს სამძიმარს, ხოლო ყურის არაბულ ქვეყნებს სოლიდარობას უცხადებს.

სამძიმრის წერილი მთავრობის ფეისბუქზე დღეს, 2 მარტს გამოქვეყნდა.

„საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.

საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად,“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ამავე თემაზე:

რა ხდება ირანში – მოკლედ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.