მთავარი,სიახლეები

რა ხდება ირანში – მოკლედ

28.02.2026
რა ხდება ირანში – მოკლედ

28 თებერვალს, ირანის დროით დაახლოებით 10 საათისათვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში მდებარე სხვადასხვა ობიექტები დაბომბა. შეტევა განხორციელდა როგორც თეირანში, ისე ირანის სხვა ქალაქებში მდებარე შენობებზე.

დაზუსტებული ინფორმაციით, დაიბომბა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია.

უცნობია, დაბომბვის მომენტში ხამენეი რეზიდენციაში იმყოფებოდა თუ არა.

ალი ხამენეის რეზიდენცია, სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ რეზიდენცია განადგურებულია და შავი კვამლი ამოდის, 28 თებერვალი, 2026 წელი

ბოლო ცნობები, ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასეთია:

  • ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ ბომბავენ ირანში რაკეტების გამშვებ ობიექტებს.
  • როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად, სავარაუდოდ დაიღუპა ირანის თავდაცვის მინისტრის და რევოლუციური გვარდიის მეთაური.
  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა ამერიკულ არხ NBC News-თან და თქვა „შესაძლოა რამდენიმე მეთაური დავკარგეთ, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის“.

ირანმა მასზე მიტანილი იერიშის საპასუხოდ სარაკეტო დარტყმები განახორციელა სხვადასხვა ობიექტებზე ბაჰრეინში, ქუვეითში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

  • ირანმა რაკეტები და დრონები გაუშვა ისრაელის მიმართულებითაც.
  • აშშ-ის საჰაერო თავდაცვამ ერბილის აეროპორტთან ახლოს მდებარე აშშ-ის ბაზის თავზე დრონი ჩამოაგდო.
  • ძლიერი აფეთქება იყო აბუ-დაბიში.
  • საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ირანი თავს დაესხა მის დედაქალაქ ერ-რიადსა და აღმოსავლეთ რეგიონს.

გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაგმეს ირანის თავდასხმები რეგიონის ქვეყნებზე და განაცხადეს, რომ ირანმა თავი უნდა შეიკავოს განურჩეველი სამხედრო დარტყმებისგან და განაახლოს მოლაპარაკებები.

  • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა, დაგმო ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმები ირანზე, ასევე ირანის საპასუხო დარტყმები და განაცხადა, რომ საბოლოო ფასს მშვიდობიანი მოსახლეობა გადაიხდის.

აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მისი დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ვალდებულებას, თვალი ადევნოს ირანის ფარგლებს გარეთ გადაადგილებული ყველა უკანონო თანხის მოძრაობას და ეს თანხა ირანელ ხალხს დაუბრუნოს.

სკოტ ბესენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ ირანელ ოფიციალურ პირებს ქვეყნიდან თანხები გაჰქონდათ.

ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით როიტერსი წერს, რომ ზოგიერთმა მსხვილმა ნავთობკომპანიამ შეაჩერა ნედლი ნავთობისა და საწვავის გადაზიდვები ჰორმუზის სრუტით, აშშ-სა და ისრაელის ირანზე მიმდინარე თავდასხმებისა და თეირანის საპასუხო ქმედებების ფონზე.

ჰორმუზის სრუტე ომანსა და ირანს შორის მდებარეობს. სრუტე აკავშირებს მის ჩრდილოეთით მდებარე ყურეს სამხრეთით მდებარე ომანის ყურესთან და მის იქით მდებარე არაბეთის ზღვასთან.

მსოფლიოში ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედი ჰორმუზის სრუტეში გადის.

  • ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა დაწყებით სკოლაში 85 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანზე განხორციელებულ შეტევას „პრევენციული თავდასხმა“ უწოდა. ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დახურულია საჰაერო სივრცე სამოქალაქო რეისებისთვის. ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, არ შევიდნენ არცერთ აეროპორტში. აკრძალულია საგანმანათლებლო და სამუშაო სივრცეების გახსნა, გარდა აუცილებელი ეკონომიკური სექტორებისა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 თებერვლის დილას, თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციისას თქვა, რომ აშშ ირანში „მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციას“  ახორციელებს.

ტრამპის თქმით, აშშ-ის მხრიდან დარტყმების მიზანია ირანის საზღვაო ფლოტისა და რაკეტების განადგურება. პრეზიდენტმა გააფრთხილა მოსახლეობა და თქვა, რომ შესაძლოა იყოს მსხვერპლი აშშ-ის მხრიდანაც.

ირანში მიმდინარე მოვლენებს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.

„კრიტიკულად მნიშნელოვანია ბირთვული უსაფრთხოება და ნებისმიერი იმგვარი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს. ევროკავშირმა მიიღო ფართომასშტაბიანი სანქციები ირანის მკვლელი რეჟიმისა და რევოლუციური გვარდიის საპასუხოდ, ასევე მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების საკითხის გადასაჭრელად,“ – ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

——————————-

ირანში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა მომზადებულია საერთაშორისო სააგენტო როიტერსზე დაყრდნობით.

როიტერსს არ აქვს წარმომადგენლობა ირანში. ირანის მთავრობა მკაცრად აკონტროლებს უცხოური და სხვა მედია საშუალებების მუშაობას ირანში. მკაცრი კონტროლის ქვეშაა ადგილობრივი მედიაც.

როიტერი განმარტავს, რომ ამ შეზღუდვის მიუხედავად, „როიტერი“ მუდმივ კონტაქტშია ირანის შიგნით არსებულ სხვადასხვა წყაროსთან, აკონტროლებს ირანულ მედიას, იკვლევს ინტერნეტსა და სოციალურ მედიას მასალების მოსაძებნად. ამ მასალების სიზუსტეს კი ყურადღებით ამოწმებს ვიზუალურ და ტექსტურ რეპორტაჟებში გამოყენებამდე.

ამასთან, ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, აუცილებლად ითხოვენ კომენტარს მთავრობისა და სხვა ოფიციალური პირებისგან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.