დღეს, 16 თებერვალს, საიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის საკითხზე.
საია მოითხოვს გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, დაზარალებული პირების გამოკითხვების ჩატარებას, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის შეფასებას შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან მიმართებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებას და ასევე, იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობას, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს.
„ვიწყებთ სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ქიმიური ნივთიერებების შედეგად დაზიანდნენ და შესაბამისი კომუნიკაციით მივმართავთ გენერალურ პროკურატურას.
როგორც ცნობილია, 2024 წელს შსს-მ დემონსტრაციების დასაშლელად გამოიყენა სხვადასხვა სპეციალური საშუალება, მათ შორის წყლის ჭავლი.
გამოყენებული საშუალებების კანონიერებას და პროპორციულობას მივყავართ იქამდე, რომ ეს უტოლდება სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებებს, ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი:
წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევის პრაქტიკა საქართველოში მკაფიოდ არ არის რეგულირებული, პოლიციის შესახებ კანონი და შსს-ს ინსტრუქციები არ შეიცავს ნორმებს, რომლებიც დაასაბუთებდა ასეთ გამოყენებას.
მაშინ, როდესაც 2015 წლის #1002-ე ბრძანების ძველი რედაქციიდან ამოღებულია წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროული გამოყენების პირდაპირი აკრძალვა, დამატებითი კანონიერი სტანდარტების გარეშე.
ამ პირობებში, ქიმიური გამაღიზიანებლების თუ სხვა ტიპის გამაღიზიანებლებით გაჯერებული წყლის ჭავლი ვერ ჩაითვლება კანონით განსაზღვრულ შეკრების მართვის საშუალებად და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე კონვენციურ სტანდარტს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული.
საია არაერთხელ მიუთითებდა ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივ შედეგებზე, რაზეც დემონსტრანტები საუბრობენ.
ესენია: კანის დამწვრობა, მხედველობის გაუარსება, სუნთქვის უკმარისობა, ნევროლოგიური და ალერგიული დარღვევები, სმენის პრობლემები, სახსრების ტკივილი და სხვა.
მიუხედავად მრავალგვარი მოწოდებებისა, ხელისუფლებამ 2025 წლის დეკემბრამდე არ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენებოდა 2024 წლის აქციებზე. ხოლო შსს-მ საიას მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას მანამდე პასუხი საერთოდ არ გასცა.
2025 წლის 10 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მიუთითა, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა სერიოზულ კითხვებს აჩენს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ და ეს უნდა გახდეს გამოძიების ნაწილი,“- აცხადებს საია.
საიას შეფასებით, სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების კონვენციურ სტანდარტს, რადგან ერთი და იგივე ორგანო პარალელურად იძიებს როგორც შესაძლო უფლებადარღვევას, სპეციალური საშულებების არაპროპორციულ უკანონო გამოყენებას, ასევე თავადვე აყენებს ამ უფლებების დარღვევას ეჭვის ქვეშ.
„ასეთ კონფიგურაციაში გამოძიება ძირს უთხრის როგორც ინსტიტუციურ, იერარქიულ, ასევე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას.
ამ ეტაპზე საია იცავს 7 დაზარალებულს, რომლებიც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას უკავშირებენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს.
ჩვენ მივმართავთ გენერალურ პროკურატურას და ვითხოვთ, გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, დაზარალებული პირების გამოკითხვების ჩატარებას, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის შეფასებას შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან მიმართებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებას ასევე იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობას, რომელთა ინტერესებსაც ჩვენ წარმოვადგენთ,“ – აცხადებს საია.
საიას განცხადებით, ორგანიზაცია განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო უფლებადაცვით პლატფორმებზე.






