„თბილისში სახლის ჩამონგრევის შემდეგ უფრო გვეშინია. იქნებ ისევ დაწეროთ ჩვენზე, მერე ყველა მოვა, ნანგრევებში რომ აღმოვჩნდებით“ – მოგვწერა მოქალაქემ „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 14 ივლისს, თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჩვენი რესპონდენტი ბათუმში, ფიროსმანის #1-ში მდებარე ისტორიულ სახლში ცხოვრობს. უკვე წლებია ამ სახლს ბზარები გაუჩნდა და მისი მდგომარეობა მდგრადობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით წლიდან წლამდე უარესდება.

ბათუმი, ფიროსმანის #1 – ში მდებარე ისტორიული სახლი
სახლი ბათუმის მერიის ავარიული სახლების პროგრამაში მას შემდეგ ჩასვეს, რაც აქ მცხოვრებთა თხოვნით ბათუმის მერიამ შენობის ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს დაუკვეთა, ექსპერტიზის ბიურომ კი დასკვნაში ჩაწერა, რომ შენობა აღდგენას არ ექვემდებარება:
„ფიროსმანის ქ.#1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. დაზიანებათა ხასიათისა და მოცულობიდან გამომდინარე შენობის აღდგენა არარენტაბელურია და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად“ – წერს ექსპერტი ალექსანდრე კაიფანჯიანი.
ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ამ დასკვნის შემდეგ სახლის მდგომარეობა უფრო დამძიმდა და ეშინიათ ერთ დღეს ნანგრევებში არ აღმოჩნდნენ.

ბზარი სახლის ფასადზე

ბათუმი, ავარიული სახლი ფიროსმანის #1-ში

ბათუმი, ავარიული სახლი ფიროსმანის #1-ში – სადარბაზო
ამ სახლში 14 ოჯახი ცხოვრობს. მათთან მოსალაპარაკებლად სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი არაერთხელ იყო მისული, შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე, თუმცა აქ ამბობენ, რომ ინვესტორმა პირობა დაარღვია და ისინი ისევ ავარიულ სახლში ცხოვრობენ.
„გაურკვევლობაში ვართ, არ ვიცით რა ხდება. არავინ გვეუბნება სიმართლეს, 3-4 წელია ამ ამბავში ვართ. ჯერ დაიწყო პროცესი, მოვილაპარაკეთ, შემდეგ გაჩერდა. პარალელურად ბზარები ჩნდება ისევ … უკვე ისე გვეშინია, არაფერს არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, გადაგვიყვანონ. სულ 14 ოჯახი ვცხოვრობთ აქ“ – გვიყვება ეკატერინე ქემხაძე, ფიროსმანის #1-ში მდებარე სახლში მცხოვრები.

ეკატერინე ქემხაძე
სახლის მდგომარეობა რომ საგანგაშოა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ფიროსმანის #1-ში მცხოვრებებმა იციან, რომ ისინი ისტორიულ სახლში ცხოვრობენ, თუმცა შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამბობენ, რომ მზად არიან ამ სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი სახლი აშენდეს, მანამდე კი 14 ოჯახი სხვა უსაფრთხო გარემოში გადაიყვანონ.

ბზარი – ფიროსმანის #1

ავარიული სახლი ეზოს მხრიდან
ბათუმის მერიის ავარიული სახლების პროგრამა 2 შესაძლებლობას განიხილავს:
ერთ შემთხვევაში მერია თავად სთავაზობს ოჯახებს სხვა ალტერნატიულ საცხოვრებელს მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდიდან ან ამ ოჯახების დროებითი ცხოვრების საფასურს ბიუჯეტიდან ფარავს, ვიდრე ავარიული სახლის სანაცვლოდ სხვა ახალ სახლს თავად მერია არ ააშენებს;
მეორე შემთხვევაში კი ავარიულ სახლს მესაკუთრეებთან და მერიასთან შეთანხმებით სამშენებლო კომპანია აითვისებს, სამაგიეროდ მშენებლობის ნებართვის მიღებისას კომპანია იღებს გაზრდილ კოეფიციენტს და სხვა შეღავათებს.
ასეთი მოლაპარაკება ფიროსმანის #1-ში მცხოვრებ 14 ოჯახს ბოლოს შპს „კომუნა კონსტრაქშენთან“ ჰქონია. შეთანხმების დეტალებზე ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა რეესტრის ამონაწერის მიხედვით შენობის მეტი წილი კომპანიას „მშენებლობის განხორციელების შესახებ“ ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გაფორმებული, ზოგიერთი შეთანხმება 2023 წლით თარიღდება, რამდენიმე შეთანხმება კი 2024 წლით არის დათარიღებული.
ფიროსმანის #1-ში მდებარე სახლში მცირე ფართობი აჭარის განათლების სამინისტროს ეკუთვნის. აქ მცხოვრებლების თქმით, წლების წინ ამ ფართობში ბათუმის რესურსცენტრი ფუნქციონირებდა, სახლის ამ ნაწილს აქვს მიშენებული ფართობიც, რაც ასევე განათლების სამინისტროს ეკუთვნის. ისტორიული სახლისთვის სახელმწიფო უწყებას 90-იან წლებში მიუშენებია.

ამ მიშენებულ ფართობსაც ბზარი აქვს

ბზარი
სწორედ ამ ფართობთან დაკავშირებით რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ ეს ხელშეკრულებები მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიულ შენობაში მდებარე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩანაცვლების თაობაზე გააფორმეს 2024 წელს და დაამოწმეს იუსტიციის სახლში.
ფიროსმანის #1-ში მცხოვრებთა ნაწილი ფიქრობს, რომ ინვესტორმა ისინი მოატყუა, რადგან ახალი სახლის მშენებლობის დაწყება დროში გაჭიანურდა და მათ დღესაც საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ ცხოვრება, რამდენიმე მათგანი კი მიიჩნევს, რომ პრობლემა გვერდით მდებარე სახლია. ამ სახლში მცხოვრებლები მათი კორპუსის წინ მდებარე ორსართულიანი ავარიული სახლის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობას იმის გამო ეწინააღმდეგებიან, რომ არ დაკარგონ ზღვის ხედი და დღის შუქი.
პროექტი, რომელიც მერიას ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ფიროსმანის #1-ში ავარიული სახლის ჩანაცვლების სანაცვლოდ წარუდგინა, ზემოთ ჩამოთვლილ მოლოდინებს ნამდვილად გაამართლებდა:

ავარიული სახლის უკან მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლები ორსართულიანი სახლის ადგილზე ახალი კორპუსის აშენებას ეწინააღმდეგებიან

პროექტის რენდერი ფიროსმანის ქუჩის მხარეს
ფიროსმანის #1-ში მცხოვრებლებმა მერიას არაერთხელ მიმართეს:
„მოქმედმა მერმა [მერის მოვალეობის შემსრულებელი] გვითხრა, ყველაფერი არის მზად და ჩვენ ველოდებით, რომ ინვესტორმა შემოიტანოს განაცხადი, მესამე ეტაპი აქვს შემოსატანი და დააჩქაროსო. თავად გვეუბნება, მანდ არ შენდება, ის სახლი უარზეაო. ვერ ვხვდებით რა ვქნათ. ძირითად კედლებსაც უკვე ბზარები აქვს, ეს მართლა არ იყო. მეორე სართული არის საშინელ მდგომარეობაში. ვდარდობდი, რამე არ ჩამოვარდეს-მეთქი, გუშინდელი ამბის შემდეგ.
ეს სახლი არ ექვემდებარება გამაგრებას, ისეთი ბზარებია, რომ არ გამაგრდება. ყველანაირი დოკუმენტები გვაქვს, უბრალოდ ველოდებით ინვესტორს, რომ დაასრულოს. ჩვენი მხრიდან, ყველაფერი მზადაა. ჩვენთვის მთავარია გადაგვიყვანონ, ნორმალურ პირობებში, ისეთში, რომ არ შეგვეშინდეს ცხოვრება, არა აქვს მნიშვნელობა.
უკვე 4 წელია ველოდებით. მე ვერ ვიტყვი უარს, რამე რომ მოხდეს და მე არ გავედი -ეს უკვე ჩემი დანაშაული იქნება. ჩვენ არცერთი არაფერს არ ვამბობთ, ოღონდ გვიშველონ“ – ამბობს ვარდო ბერიძე.

ვარდო ბერიძე
ლევან მაკარაძის თქმით, თუ მერია გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არც ინვესტორი იმოქმედებს ახალ სახლს თავად მესაკუთრეები ააშენებენ:
„ირგვლივ კომერციული ობიექტებია, მომარაგებისთვის 5-ტონიანი მანქანაც რომ შემოდის, სახლი ზანზარებს.
ძალიან საშიშია, ყველა მხრიდან არის ბზარი, როგორც შიდა სივრცეში, ასევე ფასადზე. სადარბაზოში წვიმს.
ჩვენ უკვე არავისი იმედი არ გვაქვს.
წლები გადის, მოტყუებულები ვართ, ხუთ წელზე მეტია ინვესტორი გვპირდება, თუმცა არაფერი გაუკეთებია, ტყუილში გვაცხოვრებს.
2023 წელს გაგვიფორმეს ხელშეკრულებები, ჯერ ამბობდნენ გვერდითა კორპუსს პრობლემები შეექმნებაო, ჩვენ მოვამზადებინეთ დასკვნა, რომ არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ, ახლა ახალი მიზეზები მოიგონეს, იმიტომ, რომ მათ უნდათ მზე და ხედი. გასაგებია, რომ ყველას უნდა კარგი ხედი და ეზო მაგრამ უმცირესობაში რადგან ვართ, 13 ოჯახი და იქ 200 ოჯახი ცხოვრობს… უმცირესობაში ხომ არ შეიძლება ადამიანები დაჩაგრო, თქვენ აქ ჩაიხოცეთ და ჩვენ ბედნიერები ვიქნებითო.
იმედი აღარ გვაქვს, დავიბრუნებთ ჩვენს ბინებს და ავაშენებთ სახლს, ექვსსართულიანი საკმარისი იქნება ჩვენთვის, ექვსი სართულის ნებართვას ხომ მოგვცემენ… ინვესტორს თუ უნდა, რომ ამ ადგილზე ძალიან მდიდარი გახდეს, არ გამოდის ასე, ჩამოინგრევა და ვიღაცას მოიყოლებს. სიცოცხლის ფასად შემდეგ უკვე მოვლენ და მოგვაქცევენ ყურადღებას. ჩვენ ვიყავით მერიაში, ინვესტორსაც შევხვდით ყოველი დაპირება მათგან არის ტყუილი.
აქ ასაკოვანები ამ სახლის სტრესმა მოკლა“ – გვიყვება ზვიად მაკარაძე.

ზვიად მაკარაძე
ლევან მაკარაძის თქმით, რომელიც 60 წელია ამ სახლში ცხოვრობს, ეს სახლი საუკუნის წინ ააშენეს. იგი ფიქრობს, რომ ის აღდგენას არ ექვემდებარება და აქ ცხოვრება საშიშია.

ლევან მაკარაძე
აქ მცხოვრებმა ვარდო ბერიძემ გვითხრა ისიც, რომ ბათუმის ყოფილმა მერმა არჩილ ჩიქოვანმა გვითხრა, თქვენს სურვილს 300 ოჯახი ეწინააღმდეგება და გადაწყვეტილება როგორ უნდა მივიღოო. „შვილებს გეფიცებით, ასე მითხრა“ – ამბობს ვარდო.

ბათუმი, ფიროსმანის #1 – სადარბაზო
ავარიული სახლების პროგრამა ითვალისწინებს სახლის გამაგრების სამუშაოებსაც, იმ შემთხვევაში, თუ ამის რეკომენდაციას ექსპერტიზა გასცემს. ამ შემთხვევაში ექსპერტი წერს, რომ შენობის გამაგრება არარენტაბელურია.
ბათუმში ზოგადი ტენდენციაა ისიც, რომ არათუ ისტორიულ სახლს, ხშირად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც კი არავინ უვლის და ბოლოს ექსპერტი ადგენს, რომ შენობა დასანგრევია. ასე კარგავს ქალაქის თითქმის ყველა უბანი ავთენტურ იერსახეს, რაც ამ დრომდე ქალაქის სტუმრებს ძალიან მოსწონდათ.






