პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგან, ხოლო უკვე ქვეყანაში მყოფებს ურჩევს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.
ამის შესახებ განცხადება მინსკში პოლონეთის საელჩომ გაავრცელა.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რეგიონში მზარდი დაძაბულობის, მიმდინარე ომის და ბელარუსში პოლონეთის მოქალაქეების თვითნებური დაპატიმრებების გამო.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ბელარუსის რესპუბლიკაში დარჩენილ პოლონელ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ მისი ტერიტორია არსებული კომერციული და კერძო საშუალებების გამოყენებით“ – აფრთხილებს საელჩო პოლონეთის მოქალაქეებს და ასევე, დასძენს, რომ საზღვრების დახურვის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, ევაკუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გართულდეს ან შეუძლებელიც კი გახდეს.






