მთავარი,სიახლეები

არაბულ კომპანიას გონიოში 258,8 ჰექტარ ტერიტორიას უზუფრუქტით გადასცემენ

09.07.2026
არაბულ კომპანიას გონიოში 258,8 ჰექტარ ტერიტორიას უზუფრუქტით გადასცემენ

კომპანია „იგლ ჰილს საქართველომ“ საჯარო რეესტრს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასა და მიმდებარე ნაკვეთებზე უზუფრუქტის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა.

ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 2 588 888 კვადრატული მეტრია [258,8 ჰექტარი]. „Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ კი გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ეს მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც სახელმწიფოს საკუთრებაში აჭარის მთავრობამ გადასცა უსასყიდლოდ 2025 წელს.

2026 წლის 6 ივლისს „იგლ ჰილს საქართველოს მიერ“ გონიოს ნაკვეთებზე უზუფრუქტის რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრში ოთხი განცხადებაა შეტანილი. რეესტრმა გადაწყვეტილება 11 ივლისამდე უნდა მიიღოს.

„იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტით გადასაცემი 258,8 ჰექტარი ტერიტორია ჭოროხის დელტაში / მონიშნულია წითელი ფერით.

შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წილის 66,67 პროცენტის მესაკუთრეა შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედ“[არაბთა გაერთიანებული საემიროები], ხოლო წილის 33,33 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის [ამ წილის მმართველი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა].

ამ დროისთვის უცნობია რამდენი წლით და რა პირობებით გადაეცემა არაბულ-ქართულ კომპანიას უზუფრუქტით ნაკვეთები ბათუმში[გონიოში], თუმცა, თბილისთან, კრწანისის პარკისა და მიმდებარე ტერიტორიები ამავე კომპანიაზე 2 წლით არის გადაცემული.

თბილისსა [კრწანისის პარკი] და ბათუმში [გონიოს ყოფილი პოლიგონი] „ოცნების“ მთავრობას არაბული „იგლ ჰილსის“ საინვესტიციო პროექტების განხორციელება აქვს დააანონსებული.

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოში / რენდერი

არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები „ოცნების“ მთავრობამ გაასაიდუმლოვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით „თბილისსა და ბათუმში „იგლ-ჰილსის“ პროექტი ხორციელდება არასაკმარისი გამჭვირვალობის პირობებში, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, მასში არ მონაწილეობს საზოგადოება, ხოლო პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და დოკუმენტაცია კომერციულ საიდუმლოებად არის გამოცხადებული, რაც კანონს და საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება“.

ვრცლად: „იგლ-ჰილსის“ ხელშეკრულებების გასაიდუმლოება კანონსა და საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება – SJC

გონიოს ნაკვეთებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში წარდგენილია ასევე „საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის N453 განკარგულება“, თუმცა აღნიშნული განკარგულებაც გასაიდუმლოებულია. მთავრობის ოფიციალურ საიტზე ეს განკარგულება დღემდე არ არის გამოქვეყნებული.

2026 წლის 27 თებერვლის N453 განკარგულება მთავრობის ოფიციალურ საიტზე ამ დრომდე [9.07.2026] არ არის გამოქვეყნებული

ირაკლი კობახიძის განცხადებების მიუხედავად, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებენ, „ბათუმელების“ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ მთავრობა ათობით განკარგულებას მალავდა და მალავს [მარტო მიმდინარე წელს 20-ზე მეტი განკარგულება არ არის გასაჯაროებული, მათ შორის ზემოთ აღნიშნული N453 განკარგულებაც].

ამ თემაზე: კობახიძემ 61 განკარგულება დამალა ბოლო 1 წელში

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორია შედის ზურმუხტის ქსელის „ჭოროხის დელტას“ [საიტის] საზღვრებში და მას ბერნის კონვენცია იცავს.

საქართველოს ასოცირების შეთანხმებითაც აქვს ვალდებულება შექმნას და დაიცვას ზურმუხტის ტერიტორია. არაბული საინვესტიციო პროექტის გამო კი მთავრობა, „საჭიროების შემთხვევაში“, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის საზღვრის კორექტირებასაც განიხილავს.

ვრცლად ამ თემაზე:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: