მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის სოფლების გაზიფიცირების შეფერხების მიზეზად 4 წლის წინ და დღესაც ხულო-ზარზმის გზის სამუშაოებს ასახელებენ 

15.11.2025 •
აჭარის სოფლების გაზიფიცირების შეფერხების მიზეზად 4 წლის წინ და დღესაც ხულო-ზარზმის გზის სამუშაოებს ასახელებენ 

აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის 1 მილიონ 400 000 ლარი უნდა დახარჯულიყო ბიუჯეტიდან 2025 წლის 3 კვარტალში, თუმცა მხოლოდ 487 ათას 100 ლარი აითვისეს. ანუ, ქვეპროგრამის ცხრა თვის შესრულებამ გეგმის მხოლოდ 34,8 პროცენტი შეადგინა.

ქვეპროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტის, ხიჭაურის დასახლებაში, კერძოდ გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

აჭარის ფინანსთა და ეკნომიკის სამინისტრო 2025 წლის 9 თვის სამუშაოებთან დაკავშირებით წერს, რომ  „ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყო 2 077 გრძ/მ გაზსადენი დაბა ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე, თუმცა გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს შეფერხებით, რაც გამოწვეულია ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებით, ვინაიდან გაზსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს.

გზის რეკონსტრუქციის პროფილის ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს და შესაბამისად ხორციელდება გაზსადენის სამონტაჟო სამუშაოები.“

„აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების“ ქვეპროგრამისთვის 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში სულ 3 მილიონ 268 000 ლარია გაწერილი და სამუშაოები ამავე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. დასრულდება თუ არა სამუშაოები უცნობია, თუმცა, აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გაზიფიცირებისთვის თანხა ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.

აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირების პროგრამა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. აჭარის ბიუჯეტიდან მხოლოდ ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა ფინანსდება, უშუალოდ სოფლების გაზიფიცირებაზე კი, გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიაა პასუხისმგებელი. შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის დაწყებისთანავე გაწერილი იყო გეგმა-გრაფიკიც, რომელიც ვერ შეასრულეს და ვადებიც გადაწიეს.

აჭარის შემთხვევაში სამუშაოების შეფერხების მიზეზად გზის რეკონსტრუქციას ასახელებდნენ 4 წლის წინაც. „ძირითადი გაზსადენის მილის სამონტაჟო სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების მიხედვით“ – მოგვწერეს 2021 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია კი, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, 5 წლის წინ მაინც უნდა დასრულებულიყო მთლიანად, თუმცა, დღემდე დაუსრულებელია.

„…მილი აუცილებლად ტრასის გასწვრივ უნდა გავიდეს. თუ ყველაფერი გეგმით წარიმართა, 2021 წელს დავასრულებთ, თუ არადა, არის შეთანხმება და გაზსადენის ამ მონაკვეთის მშენებლობას 2022 წელში დავასრულებთ“, – ეს „ბათუმელებს“ გაზსადენის მშენებელ კომპანიაში 2020 წელში გვითხრეს.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: