მთავარი,სიახლეები

„4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – როგორ აღიქვამენ დედას კალაძე და სხვები, როგორია დედა ქართულ მენტალიტეტში

31.03.2026
„4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – როგორ აღიქვამენ დედას კალაძე და სხვები, როგორია დედა ქართულ მენტალიტეტში

„ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – თქვა კახა კალაძემ.

„ჰქონდა არჩევანი, ეფიქრა თავის 4 შვილზე და არა ეპატაჟზე“- თქვა შალვა პუპუაშვილმა.

„თავისმა ოთხმა შვილმა მოჰკითხოს დედამისს“ – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და 4 შვილის დედაა“- თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.

ასეთია „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე. 

„შვილებმა მოჰკითხონ პასუხი“ – სინქრონულად იმეორებს პროპაგანდა. პოლიტიკოსი ქალი, დედა, რომელმაც კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე ორი სიტყვა – „რუსული ოცნება“ მიაწერა, 1.5 წლით გაუშვეს ციხეში. 

რას ნიშნავს ეს ფრაზები, თავად „ოცნების“ წარმომადგენლებს თუ აქვთ განცდა, რომ ერთ დღეს, საკუთარი შვილები დაუსვამენ კითხვებს? რა პასუხს სცემს უსამართლო სისტემის მსახურებს ისტორია და როგორია წარსული გამოცდილება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოში ფსიქოტრავმის საზოგადოების ერთ-ერთ თანადამფუძნებელს, ჯანა ჯავახიშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ჯანა, როცა „ქართული ოცნების“ წევრები პატიმარ ქალზე, დედაზე ამბობენ, რომ თავად არის საკუთარ პატიმრობაზე პასუხისმგებელი, რადგან მან არ იფიქრა შვილებზე, მმართველი ძალის როგორ ბუნებაზე მეტყველებს ეს და თქვენ როგორ აღიქვით სისტემის ასეთი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ?

პრინციპში, თვითონაც აცნობიერებენ, რომ დიდი ბოროტებაა არასრულწლოვან შვილებს, ოთხ შვილს, დედა ჩამოაცილონ 18 თვით, ქუჩაში, ბანერზე ფლომასტერით მიჯღაბნილი წარწერისთვის.

ძალიან დისპროპორციულია ეს სასჯელი ამ „სამართალდარღვევისთვის“, ისევე, როგორც აბსურდულია საპატიმრო სასჯელი ტროტუარზე დგომისთვის; ასევე დისპროპორციულია, მზია ამაღლობელის ციხეში გამოკეტვა დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მაქსიმალური სიმკაცრეა და უფრო მეტიც, სისასტიკეა.

ქართული საზოგადოება კონსერვატულია მაინც, ამიტომ ოთხი შვილის დედის მიმართ ჩადენილი სისასტიკის გამო, როგორც ჩანს, მაინც გაჩნდა შიში, რომ მათი ამომრჩეველიც კი არ მიიღებდა ასეთ დამოკიდებულებას ქალის, დედის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართულ მენტალიტეტში. ამიტომ დაიწყეს ბრალეულობის ვექტორის გადატანა ელენეზე, რომ „მას უნდა ეფიქრა შვილებზე“. 

სინამდვილეში, ელენე იბრძვის თავისი და სხვისი შვილების მომავლისთვის, ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის, ჩვენი საკონსტიტუციო კურსის შესაბამისად და რასაკვირველია, პროპაგანდა აქაც ცდილობს რეალობის გაყალბებას, გამრუდებას, რომ თურმე არ უნდა ებრძოლა სამშობლოსთვის. თურმე – სამშობლოზე ფიქრი და შვილებზე ფიქრი სხვადასხვა რამეა. ეს გზავნილია თავიანთი ამომრჩევლისთვის.

ჯანა ჯავახიშვილი.

ასე ცდილობენ დაარწმუნონ ისინი, რომ სისასტიკე კი არ ჩაუდენიათ, რომ ეს „აკაცუკია“ და არა დედა და ქალი. დეჰუმანიზაციას ახდენენ აქტიური ქალების იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე გაიმართლონ თავი.

  • კალაძესაც ხომ ჰყავს ოთხი შვილი. როგორ ფიქრობთ, არასდროს დაუდგება მომენტი, როცა ერთი შვილი მაინც ჰკითხავს, რატომ დააპატიმრებინა ქალი მისი პლაკატის „დაზიანების“ გამო?

კალაძე თავისი ფასეულობების მიხედვით ფიქრობს თავის შვილებზე – მდიდრდება, მდიდრდება, მდიდრდება და ეს ჰგონია შვილებზე ფიქრი.

ასე ფიქრობდა ღარიბაშვილიც. ამიტომ ამგზავრებდა ჩარტერული რეისით, სახელმწიფოს ხარჯზე შვილს ამერიკაში, ამიტომ აგროვებდა ოქროს ზოდებს, რადგან ასე ესმით შვილებზე ფიქრი – ყველაფრის ფასად, სახელმწიფოს ხარჯზე, სინდისის სანაცვლოდ სიმდიდრის მოხვეჭა.

აქედან გამომდინარე, „შვილებზე ფიქრშიც“ ძალიან სპეციფიკურ რამეს გულისხმობენ ხოლმე. იმას, რაშიც ჩვენ ვერ გავუგებთ მათ. გულისხმობენ, რომ შვილებზე ფიქრი და სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრი ურთიერთგამომრიცხველია. ანუ, სამწუხაროდ, მათი „შვილებზე ფიქრი“, სახელმწიფოს წინააღმდეგაა, ელენე ხოშტარიას ფიქრი შვილებზე კი, ყველას შვილზე ფიქრია.

  • ფიქრობთ, რომ მათ შვილებს არასდროს შერცხვებათ მათი მამების, არასდროს აუჯანყდებიან?

გააჩნია როგორ ზრდიან ისინი შვილებს, როგორ წარიმართება მათი განვითარება, ვინ იქნებიან მათი როლური მოდელები, ვინ იქნება მათი ზნეობის ორიენტირი. თუ ისე გაზრდიან, რომ თავიანთი მამების და დედების ფასეულობებს გაიზიარებენ, მაშინ მათ არ ექნებათ იმის შიში, რომ შვილების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

ჩვენც ხომ ვამბობთ ხოლმე, ვაშლის ნაყოფი ვაშლის ხისგან შორს არ ვარდებაო.

  • მაგალითად, რუხაძე ავიღოთ, პროპაგანდისტული „იმედის“ ყოფილი მფლობელი, რომელიც ახლა ბრიტანეთში ცხოვრობს, მისი შვილი კი – აშშ-ში. ნუთუ არასდროს გასჩენია მის შვილს კითხვა, რატომ აშენებს მამამისი რუსულ კედლებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რატომ ქმნის მტრის ხატს მისი ტელევიზია იმ დასავლეთისგან, რომლის სიკეთეებითაც თავად სარგებლობენ?

ვერ განვაზოგადებთ ასე. შესაძლებელია, შვილები ყოველთვის ვერ ხედავდნენ მამების უზნეობას, ერთი თარგით არ არის ყველა მოჭრილი. მაგრამ ფაქტია, რომ ორმაგი და სამმაგი სტანდარტიც აქვთ ხოლმე, როგორც საკუთარი, ისე სხვისი შვილების მიმართ.

ვნახეთ, რომ ღარიბაშვილმა ძარცვა, ძარცვა ქვეყანა და შვილი ამერიკაში გაუშვა სასწავლებლად. მაშინ როცა ქართველ ახალგაზრდებს ამის შესაძლებლობას უსპობენ და ბოლონიის პროცესიდან თიშავენ ქართული განათლების სისტემას.

სხვის შვილებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ და საერთოდ არ უწევენ ანგარიშს. სხვები კიდევ უფრო დიდი ხნით გამოკეტეს ციხეში.

ზოგადად, რეჟიმის ბუნებაა, მებრძოლი ადამიანის შვილები ამოიღოს მიზანში.

  • რაც ეს ანტიდემოკრატიული პროცესები დაიწყო „ოცნებამ“ საქართველოში, – შემოიღო რეპრესიული კანონები, დააკავეს პროტესტის მონაწილეები, ბევრმა გაიხსენა ცნობილი ფილმი „მონანიება“. არაერთისგან მოვისმინე, რომ დადგება დრო, როცა რეჟიმის მსახურები გაიზიარებენ ამ ფილმის პერსონაჟის, აბელ არავიძის ბედს. თქვენ თუ გაქვთ იგივე განცდა?

ორჯონიკიძის სახელი სალანძღავი მეტაფორაა ჩვენს სინამდვილეში, მაგრამ სხვადასხვანაირად იჩენს ხოლმე თავს მშობლების სამარცხვინო წარსული შვილებისა და შვილიშვილების თაობაში. სინამდვილეში, ეს დიდი მორალური ტვირთია, რომელმაც შეიძლება, შემდგომ თაობაში გამოიწვიოს ნიჰილიზმი, იმედგაცრუება ცხოვრებით და ამასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც „მონანიებაშია“ ნაჩვენები.

„მონანიებაში“ რა მოხდა, – თავი გაინადგურა მომავალმა თაობამ, ხომ?! მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარი თავი ამ რეჟიმის მსახურებს არ წარმოუდგენიათ არავიძის ადგილას და არავინ ფიქრობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება „აბელი“ თვითონ იყოს.

მეორე მხრივ, ვხედავთ, როგორ ცდილობენ შეგვიცვალონ ისტორია. აგერ, ყველასთვის საამაყო მარო მაყაშვილზე რას ლაპარაკობენ, როგორ ცდილობენ ანწუხელიძის გმირობის დესაკრალიზაციას და ასე შემდეგ. თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ არ იმალება ბოროტი ზრახვები, ბოროტი ქმედებები და ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის შთამომავლობას რცხვენიათ თავიანთი გვარის.

თუმცა, თუ შენ შენი აზროვნების და განწყობის საწინააღმდეგოდ იქცევი, მერე ეს აზროვნება და განწყობაც გეცვლება ქცევის შესაბამისად და შენ ტყუილს იჯერებ. მურუსიძეს თავი ყოჩი ჰგონია, ლექსებს დეკლამირებს, იმიტომ, რომ დაირწმუნა თავი, რომ კლანური მმართველობა კარგია, რომ „ასე სჭირდება ქვეყანას“.

ამგვარი ადამიანები ვერასდროს გაუგებენ ელენე ხოშტარიას, ვერასოდეს გაუგებენ მზია ამაღლობელს, ზვიად რატიანს, რადგან ოქროს ზოდების დაგროვება ჰგონიათ შვილებზე ზრუნვა. ხომ თქვეს ლილუაშვილზე, 100-ზე მეტ სახლს ფლობს გერმანიაშიო, ამ ხალხმა როგორ უნდა გაუგოს რუსთაველზე, პროტესტში მყოფ ადამიანებს.

  • დაუსჯელობის იმედი აქვთ, რადგან პასუხი არ მოეთხოვა იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ აზიანებდნენ ამ ქვეყანას?

დესტალინიზაციაც რომ არ მოხდა, ალბათ ამის ბრალია. როგორც გერმანია გაიწმინდა მეორე მსოფლიო ომის მერე ჰიტლერისგან და ფაშიზმისგან, ასე უნდა მომხდარიყო დესტალინიზაცია საქართველოშიც. გადასინჯულიყო კოლონიური წარსული, ცრუ რუსული ნარატივები რუსეთის „გადამრჩენელი“ როლის შესახებ. ასე უნდა დარქმეოდა სახელი მტერს – მტრის და მოყვარეს – მოყვრის. მაგრამ არ მოხდა ასე.

იმ ხალხის რეაბილიტაციაც არ მოხდა რეალურად, რომელმაც სტალინური რეპრესიების დროს, ჩვენი მოსახლეობის 10%-ი იმსხვერპლა. „აგენტები“ დაარქვეს და დახვრიტეს ან გადაასახლეს. „ეს დაცინვა იყო და არა რეაბილიტაცია“- ამბობენ რეპრესირებულთა შთამომავლები.

თავის დროზე ზურაბ კიკნაძემ დაწერა, – როგორც მკვლელი ბრუნდება მკვლელობის ადგილას, ისე მობრუნდნენ ესენი, – ბოლშევიკებზე. იგულისხმა კვლავ რუსული ძალა და რუსეთის სინამდვილეში ცხოვრება.

„არავის მოეთხოვა და ჩვენ რატომ მოგვთხოვენ პასუხს?“ – ალბათ ასე ფიქრობენ ისინიც, ვინც დღეს ისევ რეჟიმს ემსახურება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: