მთავარი,სიახლეები

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა

20.10.2025
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა

20 ოქტომბერს, ღამით, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა.

„მე ცოტა ხნის წინ ვიყავი სავალ ნაწილზე [რუსთაველის გამზირზე] და გადავკეტე გზა ჩემს სხვა თანამებრძოლებთან ერთად. ამას აქვს მოტივი, მე მგონია, რომ თუ გვინდა გადავრჩეთ და ამ ყველაფერს ვუწოდოთ ბრძოლა, ეს ყველაფერი უნდა იყოს წინააღმდეგობა. დღეს წინააღმდეგობა მხოლოდ სავალ ნაწილზეა.

ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ მოვიდე ამ დაწესებულებაში, რომელსაც პოლიციას ვეღარ ვუწოდებ, თვითმარქვია პოლიცია, არალეგიტიმური სტრუქტურაა და მათ უნდა ვუთხრა, რომ ჩემი მეგობრები და ჩემი თანამებრძოლები როგორც დააკავეს და დაატყვევეს, დამატყვეონ ზუსტად იმავენაირად, იმიტომ, რომ გუშინაც, გუშინწინაც, დღესაც მე ვკეტავდი ამ გზას და რატომღაც ჩემთან არ გამოჩნდნენ. ამიტომ, მე მოვედი ახლა მათთან“, — განაცხადა გიორგი თავართქილაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ჩართვისას, სანამ პოლიციის განყოფილებაში შევიდოდა.

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პროევროპული აქციების მონაწილე და მოძრაობის – „ქართული კინო საფრთხეშია“ – წევრია.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ პროტესტის წინააღმდეგ მიღებული მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოში აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბის დაფარვა და გზის გადაკეტვა იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

თბილისში 18 ოქტომბრის აქციაზე გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ და/ან სახის დაფარვის საბაბით, 19-20 ოქტომბერს, პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა და უმეტესობას პატიმრობა გუშინვე შეუფარდეს.

_________________

ფოტოზე: გიორგი თავართქილაძე. კადრი „ფორმულას“ ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: