მთავარი,სიახლეები

„ვფიქრობ, მზიას სასამართლოზე გამოსვლა იყო სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი“ – ექიმი

20.10.2025 •
„ვფიქრობ, მზიას სასამართლოზე გამოსვლა იყო სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი“ – ექიმი

ექიმი ნევროლოგი ნათია ხარატი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაუშვეს, ამბობს, რომ შესაძლოა მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არამხოლოდ პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს.

„რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ჩემთან ხელშეკრულება გაწყვიტა. როცა ვცადე გარკვევა, ჩემს ფეისბუქ პოსტებზე მიმითითეს. ამ ამბის შესახებ ვისაუბრე. ჩემს ინტერვიუს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, ამბობდა: იგივე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბევრი ექიმია განსხვავებულ აზრზე და მათთან რატომ არ გაწყვიტეს ხელშეკრულებაო.

აქ ვფიქრობ რამდენიმე მიზეზია: ეს ექიმები ამ აზრს შეიძლება ისე ხმამაღლა არ აფიქსირებენ როგორც მე და მეორეც, მე ვიყავი მიწვეული ექსპერტად მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე პროფესიული დასკვნა დავდე. თან ივლისში მოხდა ეს ამბავი, ივლისში იყო სასამართლო პროცესი, კლინიკამ ხელშეკრულება კი სექტემბერში შემიწყვიტა.

ვფიქრობ, სასამართლოზე გამოსვლა იყო რეალური მიზეზი, თორემ მე ჩემს აზრს შარშანაც ვაფიქსირებდი, შარშანწინაც და ადრეც შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჩემი ფეისბუქ პოსტები იყო პრობლემა, ან საერთოდ არ ავეყვანე სამსახურში თუ იმათთვის აზრის დაფიქსირება იყო პრობლემა,“ – ამბობს ნათია ხარატი.

ნათია ხარატი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე 23 ივლისს გამოვიდა. მან სასამართლოზე თქვა, რომ ე.წ დაზარალებულის, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი დგებუაძის ჩვენება, რომ მან განიცადა ტკივილი, მისი აზრით, იყო სიმულაცია.

მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ირაკლი დგებუაძემ და თქვა, რომ სილის შემდეგ „ლოყა გაუწითლდა და ეტკინა“.

ექსპერტმა, ექიმმა-ნევროლოგმა ნათია ხარატმა კი სასამართლოზე განაცხადა:

„[ტკივილის აღქმის] ფსიქოლოგიურ ფაქტორშიც არ ჯდება ის, რომ 30 წუთი ჰქონდა ლოყა გაწითლებული და შემდეგ გაქრა. ეს უფრო სიმულაციაში ჯდება. „მეტკინა“ – ჩემთვის უფრო სიმულაციაა.

ფიზიოლოგიურად არანაირად არ შეიძლება, რომ [სილის გაწვნიდან] ორ წუთში არაფერი არ იყოს სახეზე, ნახევარ საათში გაჩნდეს და შემდეგ ორ საათში გაქრეს. იმიტომ, რომ ეს არის სისხლის მიმოქცევა. სისხლის მიმოქცევით გამოწვეული გაწითლება ხდება ძალიან მალე, წამში თუ არაა, ორ წუთში აუცილებლად გამოჩნდებოდა. 30 წუთში არანაირად არ გამოჩნდებოდა.

სიწითლე ჰაერიდან არ მოდის. ეს არის ვეგეტატიური პასუხი. ვეგეტატიური ნერვული სისტემა ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემაა და ამ სიწითლეზე ჩვენ პასუხისმგებელი არ ვართ“.

  • რა მოხდა

ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო დასაქმებული კლინიკური ელექტროფიზიოლოგის პოზიციაზე.

ექიმი ამბობს, რომ კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ექიმმა ხელშეკრულების ამბავი მოიკითხა და აღმოჩნდა, რომ მასთან სამი თვით იყო გაფორმებული ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ვადა 17 სექტემბერს იყო ამოწურული.

ნათია ხარატს ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმეს. კლინიკის ხელმძღვანელმა კახა აღამანაშვილმა მას შეხვედრისას, პირად საუბარში მიზეზად „მისი ფეისბუქპოსტები“ დაუსახელა.

ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი კი თვლის, რომ მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა უკავშირდება როგორც მის კრიტიკულ დამოკიდებულებას არსებული ხელისუფლებისადმი, ისე იმ ფაქტს, რომ იყო მოწმე მზია ამაღლობელის საქმეზე.


ამავე თემაზე:

დგებუაძის „გაწითლებული ლოყა და ტკივილი“ კიდევ ერთმა ექიმმა შეისწავლა – რა უთხრა სასამართლოს ნათია ხარატმა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: