4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში 10 მაჟორიტარული ოლქიდან ათივე „ოცნებამ“ მოიგო. პროპორციული სიით კი საკრებულოში 15 წევრი შევა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ოცნება“ პროპორციული სიით ბათუმის საკრებულოში 12 წევრს შეიყვანს, პარტიები: „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“ თითო წევრის შეყვანას შეძლებენ. საკრებულო 25-წევრიანი იქნება.
შესაძლოა ეს მონაცემები მცირედ შეიცვალოს, მას შემდეგ, როცა საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება. გარდა ამისა, პარტიის სიით წარდგენილი პირი თუ საკრებულოში შესვლაზე უარს იტყვის, შესაძლებელია მისი ადგილი სიით მომდევნომ დაიკავოს.
6 ოქტომბრის მდგომარეობით, წინასწარი მონაცემებით, ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში „ოცნებას“ პროპორციული სიით 12 წევრი და პლუს ათი მაჟორიტარი ეყოლება, ანუ 22 წევრი. ოპოზიციიდან კი მხოლოდ სამი წევრი იქნება საკრებულოში.
ეს რადიკალურად განსხვავდება იმ მონაცემებისგან, რაც ბათუმის საკრებულოში წინა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იყო. რა ძალისხმევა დასჭირდა „ოცნებას“ მაშინ იმ მონაცემების შესაცვლელად, რაც საკრებულოში არჩევნების შემდეგ დაფიქსირდა, დეტალურად წაიკითხეთ აქ.
ამ დროის მონაცემებით საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე მოქმედი 3061 უბნიდან ყველა დათვლილია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური პარტიებიდან შევიდნენ: „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი ნომერი ჯემალ ანანიძე, „ლელოს“ პირველი ნომერი ვაჟა დარჩია და „გირჩის“ პირველი ნომერი – გიორგი მასალკინი.
„ოცნებიდან“ კი, რიგითობის მიხედვით, 12 პირის სია ასე გამოიყურება: ივანე მაისურაძე, ნატალია ზოიძე, ლევან ბერიძე, ნერიმან ცინცაძე, დავით მიქელაძე, ნინო ცხვარაძე, ლევან დავითაძე, გიორგი ლომთათიძე, მამუკა კაკაბაძე, დავით მახარაძე, ალექსანდრე ბერძენიშვილი, გიორგი მურადიშვილი.
„ოცნების“ მაჟორიტარები არიან: გალაქტიონ ორმოცაძე, გოჩა მგელაძე, ირაკლი სანადირაძე, ლევან დოლიძე, ჯაბა ჭანტურია, არჩილ გოგიტიძე, ლევან ცხოიძე, ირაკლი დევაძე, მინდია გოგუაძე, ირაკლი თავდგირიძე.
ცესკოს ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116-მა ამომრჩეველმა. არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო 3 მილიონ 513 818 ამომრჩეველი.
საქართველოს ისტორიაში ეს არჩევნები ყველაზე დაბალი აქტივობით არის გამორჩეული და იმითაც, რომ საარჩევნო პროცესს არ აკვირდებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები.
ცესკოს 5 ოქტომბრის მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ხმების 80,6 პროცენტი, ანუ 42 876 ხმა მიიღო. იგივე ცესკოს მონაცემებით კი, ბათუმში 157 439 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა საერთო ანუ რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 27,2-მა პროცენტმა მისცა.
ისევე როგორც ბათუმის მერის შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შევადარებთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნებში იმაზე გაცილებით ნაკლები ხმები მიიღეს პროცენტულად, ვიდრე ცესკო აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ცესკო ამა თუ იმ კანდიდატის მიერ მიღებულ პროცენტს ანგარიშობს მხოლოდ ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობიდან, ანუ, ჯამში არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით, ვისი ხმაც არ გაბათილებულა.






