ცესკოს 5 ოქტომბრის მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ხმების 80,6 პროცენტი, ანუ 42 876 ხმა მიიღო. იგივე ცესკოს მონაცემებით კი, ბათუმში 157 439 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა, საერთო, ანუ რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 27,2-მა პროცენტმა მისცა.
ისევე როგორც ბათუმის მერის შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შევადარებთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნებში იმაზე გაცილებით ნაკლები ხმები მიიღეს პროცენტულად, ვიდრე ცესკო აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ცესკო ამა თუ იმ კანდიდატის მიერ მიღებულ პროცენტს ანგარიშობს მხოლოდ ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობიდან, ანუ, ჯამში არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით, ვისი ხმაც არ გაბათილებულა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე აჭარის მუნიციპალიტეტებში „ოცნების“ მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგია:
ბათუმი – გიორგი ცინცაძე – 42 876 ხმა [80,63%], ანუ საერთო ამომრჩევლის 27,23%
ქობულეთი – ირაკლი ცეცხლაძე – 26 847 ხმა [92,299%], ანუ საერთო ამომრჩევლის 40,44%
ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე – 17 026 ხმა [88,319%], ანუ საერთო ამომრჩევლის 39,22%
ქედა – მამუკა თურმანიძე – 9 024 ხმა [91,124%], ანუ საერთო ამომრჩევლის 57,56%
შუახევი – ომარ ტაკიძე – 7 756 ხმა [90,333%], ანუ საერთო ამომრჩევლის 53,79%
ხულო – ვახტანგ ბერიძე – 11 265 ხმა [86,547%], ანუ საერთო ამომრჩევლის 48,33%
რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ცესკოს მონაცემებით აჭარაში სულ 320 615 ამომრჩეველია, საიდანაც არჩევნებში 4 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო 146 845-მა ამომრჩეველმა [45,8 პროცენტმა]. აქედან „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა 104 692-მა ამომრჩეველმა, ანუ აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 32,6-მა პროცენტმა.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ მონაცემს თუ ავიღებთ, ბათუმში 157 439 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 59 901-მა ამომრჩეველმა, ანუ 38,05-მა პროცენტმა.
მთლიანად აჭარაში კი, ცესკოს მონაცემებით: რეგისტრირებული 320 615 საერთო ამომრჩევლიდან [ბათუმის ჩათვლით] 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 146 845-მა ამომრჩეველმა, ანუ 45,8 პროცენტმა.
ზოგადად ამ არჩევნებზე 1991 წლიდან დღემდე პერიოდში ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ამ თემაზე: ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116-მა ამომრჩეველმა






