რატომ არ იყო მიწვეული საქართველოს წარმომადგენელი ნიუ-იორკში, მარკო რუბიოს მასპინძლობით გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე, სადაც რეგიონის საკითხები განიხილებოდა და ესწრებოდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც, ასე ალაგებთ ურთიერთობას აშშ-სთან? – ჰკითხეს დღეს, 25 სექტემბერს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა.
კობახიძე პასუხად „დიფ სთეითზე“ და „მეორე ფრონტის“ გახსნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აშშ-ისთან ურთიერთობები მას შემდეგ შეიცვლება თუ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითს დაამარცხებს.
„არ ვიცი, შეიძლება უფრო დემოკრატიულ ქვეყნებთან საუბრობენ და საქართველოსთან არ საუბრობენ, მაგრამ, რაც შეეხება დემოკრატიას, თავად გამოიტანეთ დასკვნები ყველაფერთან დაკავშირებით.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის.
ამ შემთხვევაში, ურთიერთობები დალაგდება. თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში გაგრძელდება სირთულეები, თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეული ვართ, ყველა შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ის ისევ იმეორებს პროპაგანდას მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.
„როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, „დიფ სთეითთან“ ვერ დავალაგეთ იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. პირდაპირ იყო მათი წარმომადგენელი მოსული, მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა ეს შეხვედრა, სადაც ერთხელ, ორჯერ მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა. ამაზე ვთქვით უარი და ამის მერე „დიფ სთეითთან“ გვიჭირს ურთიერთობების დალაგება“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზეც:
„ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევიან ევროკავშირის, ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ზომა. ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია. ელჩი ხომ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებს“.






