მთავარი,სიახლეები

„ნახავთ, 4 ოქტომბერს რამდენი პოლიციელი დადგება ხალხის მხარეს“ – გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

16.09.2025 •
„ნახავთ, 4 ოქტომბერს რამდენი პოლიციელი დადგება ხალხის მხარეს“ – გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

„თქვენი თვალით იხილავთ, 2025 წლის 4 ოქტომბერს შსს-ს რამდენი თანამშრომელი გადმოვა და დადგება საზოგადოების გვერდით“, – ამბობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება.

ირაკლი შაიშმელაშვილი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ასევე საუბრობს გდდ-ს იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

  • ბატონო ირაკლი, როგორც იცით, ლევან ხაბეიშვილი დააკავეს იმ მიმართვის გამო, რაც მან პოლიციელების მისამართით გააკეთა – თუ გადმოხვალთ ხალხის მხარეს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჯილდოდ 200 000 დოლარს მიიღებთო. ხაბეიშვილი 3 პირის – შოთა არჯევანიძის, შოთა პაპუაშვილის და ბექა რუხაძის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს ამ შეთავაზების გამოო. თუ იცნობთ ამ ადამიანებს და რა ნიშნით შეარჩიეს ისინი, როგორ ფიქრობთ?

ეს ადამიანები, სამივე, არიან ერთი დანაყოფიდან. მასობრივი ღონისძიებების მთავარი სამმართველო არსებობს გდდ-ში და აქედან არიან სამივე. ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს ხელმძღვანელია.

ითქვა, რომ ეს პოლიციელები შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს, რაც აბსურდია. არანაირი შემთხვევითობა არ არსებობს.

36 სამმართველო არსებობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში და „შემთხვევითობის პრინციპით“ სამივე პირი ერთი სამმართველოდან აარჩიეს?

შოთა არჯევანიძე არის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების მეორე ქვეგანყოფილების უფროსი. ბექა რუხაძეც არის იმავე მთავარი სამმართველოს, პირველი სამმართველოს მესამე განყოფილების ინსპექტორი.

შემთხვევითობის პრინციპი რომ ყოფილიყო, მაშინ ეს ხალხი, მინიმუმ 50-100 კაცი, უნდა შეეკრიბათ, მაგალითად, სადღაც დარბაზში ან ბრიფინგების ოთახში, ეჩვენებინათ ხაბეიშვილის განცხადება ჯილდოს თაობაზე და ეკითხათ, იგრძნეს თუ არა თავი შეურაცხყოფილად ან ქრთამის შეთავაზებად მიიღეს თუ არა ეს განცხადება. იქ ვიღაცას უნდა აეწია ხელი.

მიმოწერები, რომელიც გასაჯაროვდა, აჩვენებს, რომ ყველაფერი ერთ დღეშია გაკეთებული. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიწერილი აქვს გდდ-ს უფროსზე და იმავე დღეს აქვს პასუხი გაცემული რომან ქარცივაძეს.

ეს რომ სამართლებრივ ჩარჩოებში გაკეთებულიყო, სამიდან ხუთ სამუშაო დღემდე გაიწელებოდა პროცესი. მაგრამ ეს დადგმული სპექტაკლია და ამ სპექტაკლში  ყველაზე მძიმე ფაქტორი არის ის, რომ ეს პოლიციელები, ჩემი ვარაუდით, დაითანხმეს გარკვეული პრემიების, ფულადი კომპენსაციების სანაცვლოდ. სხვა შემთხვევაში, ისინი ამაზე ხელს არ მოაწერდნენ.

  • ფიქრობთ, რომ დიდი თანხა გადაუხადეს?

200 000-ს არავინ გადაუხდის. პრემიის სახით მისცემდნენ ალბათ 1500 ან 5000 ლარს. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს თანხის სანაცვლოდ აქვთ გაკეთებული.

22 წელი ვიყავი ამ სისტემაში და ვფიქრობ, ასეთი რამ ძალიან შეურაცხმყოფელია. მე რომ ახლა მოქმედი თანამშრომელი ვიყო, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა ის, რასაც ეს ადამიანები იძახიან, რომ თურმე ტელევიზიით მოისმინეს ხაბეიშვილის განცხადება და თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად.

იმ მოცემულობაში, როდესაც წულუკიანი გვიგინებს ანწუხელიძეს და თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობ; მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიდან მოქალაქეებს იტაცებენ ოკუპანტები და თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობ; მოქალაქეებს გვიკლავენ – ვგულისხმობ გინტურის მკვლელობას ეკლესიაში და თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობ; როდესაც შენი შვილის ტოლა ბავშვებს ასისხლიანებენ, ამაზე არათუ ვინმეა დასჯილი, ფორმალურადაც კი არ არის ჩატარებული გამოძიება და შენ, სამართალდამცავი, რომელსაც ფიცი გაქვს დადებული, რომ ემსახურო შენს მოქალაქეებს და შენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ამაზე შეურაცხყოფილად არ გრძნობ თავს; ტელევიზორში მოსმენილი განცხადების გამო იგრძენი თავი „შეურაცხყოფილად“?

ხაბეიშვილს არ უთქვამს ისეთი რამ, რაც სამართალს ეწინააღმდეგება. მან თქვა, რომ თუ მოქალაქეების ცემაზე იტყვით უარს და დადგებით ხალხის მხარეს, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებთ თანხას, როგორც პრემიას. ეს თქვა.

ქრთამის დეფინიცია არის ის, როცა უკანონო ქმედების ჩადენის გამო სთავაზობ რაღაცას. პოლიციის შესახებ კანონიც ხომ ამას გულისხმობს, რომ დაიცვან მოქალაქეები? ანუ უნდა დაიცვან ფიცი, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი.

ამ განცხადებით, ხაბეიშვილს კი არ დაარტყეს, რეალურად დაარტყეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან ამით უფრო მეტად დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეპუტაცია, ვიდრე ის, რომ საქმე შეუკერეს ხაბეიშვილს.

მე მაქვს კომუნიკაცია მოქმედ თანამშრომლებთან, ყოფილ თანამშრომლებთანაც და ძალიან გაბრაზებული არიან გდდ-ეს თანამშრომლების ასეთი მდაბიო საქციელის გამო.

ხარაზიშვილის ქმედებებით მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო შეაძულეს საზოგადოებას და ერთეული ადამიანები მთლიან დეპარტამენტს, მთლიან სტრუქტურას აშავებენ ასეთი ქმედებებით.

  • თქვენ 22 წელი იყავით ამ სტრუქტურაში. როგორ ფიქრობთ, რეალურად არსებობს რესურსი პოლიციაში, ვინც არ დაემორჩილება ხალხის დარბევის ბრძანებას და სისტემის წინააღმდეგ წავა, თუ ფუჭია ეს მოლოდინები?

შემიძლია დადასტურებული ინფორმაცია გითხრათ, რომ მე ვისთანაც მაქვს ურთიერთობა და კომუნიკაცია, ის ბიჭები არანაირი ფულის სანაცვლოდ ამას არ გააკეთებენ და არ გაიმეორებენ იმ სცენარს, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გააკეთეს. თქვენი თვალით იხილავთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, შინაგანი საქმეთა სამინისტროს რამდენი თანამშრომელი დადგება საზოგადოების გვერდით.

  • რა გაძლევთ ამის იმედს?

აქ მარტო ჩემს განწყობებზე არ არის საუბარი. მე ბევრჯერ ვთქვი – საზოგადოების მხრიდან უნდა შეიქმნას პოზიტიური განწყობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, რომ მათ გაუჩნდეთ სურვილი დადგნენ მოქალაქეების გვერდით.

  • საპროტესტო აქციებზეც მომისმენია ფრაზები – „დადექით ხალხის მხარეს“, „ნუ სცემთ მოქალაქეებს“ და დავივიწყებთ იმას, რომ ჩვენზე ძალადობდით, მეტი რა განწყობა უნდათ?

ეს კარგად მუშაობს, მაგრამ დღეს რომ წამოვიდეს თუნდაც ათი ადამიანი, ამით არაფერი შეიცვლება. აქ საუბარია კონკრეტულ დღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პოლიციელები.

რუსთაველზე 4 ოქტომბერს საზოგადოება რომ გაერთიანდება და მოითხოვს იმას, რაც მათ კონსტიტუციით ეკუთვნით – თავისუფალ საარჩევნო გარემოს, სამართლებრივ სახელმწიფოს, საარჩევნო გარემოს ჩამოშორებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ისეთი საარჩევნო კომისიას, რომელიც არ იქნება მიკერძოებული, რას იტყვის ამაზე პოლიცია, რომ უნდა დაგარბიოთო?

თუკი ამ დღეს ისინი დადგებიან მოსახლეობის გვერდით, მერწმუნეთ, ეს რეჟიმი იქნება დამხობილი. ყველა ქვეყანაში, ყველა მშვიდობიანი რევოლუცია ზუსტად ასე მოხდა, როდესაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები დადგნენ საზოგადოების გვერდით.

  • ახლაც იმავეს ითხოვს მოსახლეობა, მაგრამ მაინც ძალადობს პოლიცია მათზე.

შს სამინისტრო არის 25 000-კაციანი სტრუქტურა. ვინ არიან ისინი, ვინც ფულის გამო ძალადობენ? – ესენი არიან ცხოვრებაში შეუმდგარი პიროვნებები, ვერაფერს რომ ვერ მიაღწიეს და ნეპოტიზმით მიიღეს გარკვეული თანამდებობები. ესენი არიან არასრულფასოვნების განცდით შეპყრობილი ადამიანები, რომლებსაც სხვა რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე გააკეთონ და იმიტომ დგანან იქ, სადაც დგანან. ესენი ხალხის მხარეს არასდროს დადგებიან.

ეს არიან ადამიანები, ვისაც ფინანსური კეთილდღეობა აქვთ ამ ყველაფრისგან – ვგულისხმობ მაღალ ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს, სამსახურებრივ ავტომობილებს და ასე შემდეგ. მთლიანობაში, ასეთი ხალხი იქნება 500-1000 კაცამდე.

რეალურად, ღირსეული და პატრიოტი უფრო მეტია და რადგან იქ მუშაობენ, არ ნიშნავს, რომ მოსწონთ ის ქმედებები, რასაც ხედავენ, მაგრამ ამ ხალხის უკან ოჯახები დგას, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები…

  • სამშობლოც დგას, ამაზე არ ფიქრობენ?

ჰოდა, სამშობლო რომ უდგათ, 4-ში, რომ დადგება მათ წინაშე საზოგადოება – სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის და განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები, მათ გვერდით უნდა დადგნენ ესენიც.

პოლიციაც დაიღალა, რადგან ბოლო 12 წელია, რაც „ოცნება“ მართავს ქვეყანას, პოლარიზებული გახდა საზოგადოება. შს სამინისტრო პარტიულ მუშახელად აქციეს.

  • ფიქრობთ, რომ ივანიშვილმა რეალურად იგრძნო ეს საფრთხე და ამიტომ დააკავა ლევან ხაბეიშვილი?

დაახლოებით 16-17 აგვისტოს მქონდა კომუნიკაცია ჩემს მეგობრებთან და მითხრეს, რომ გაცემული იყო ბრძანება ხაბეიშვილზე გარკვეული კომპრომატების შესაქმნელად და დასაკავებლად. ეს არ გააკეთა ან ვერ გააკეთა ოხანაშვილმა. შესაძლოა ის მტკიცებულებები და მოდელი არ მიიჩნია სანდოდ, რაც ახლა მდინარაძემ შექმნა.

მაგრამ ფაქტია, რომ ამ 4-მა ოქტომბერმა საზოგადოების ისეთი ფენები გააერთიანა, რომლებიც ერთად შესაძლოა არასდროს მდგარიყვნენ. ვგულისხმობ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, განსხვავებული წარსულის მქონე ადამიანებს და როცა დაინახეს, რომ ეს გაერთიანება რეალურია, რომ ერთიანდებიან რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები, გლეხები, ემიგრანტები, რომ იხსნან ქვეყანა ამ არამზადებისგან, რა თქმა უნდა, რეალური შიში გაუჩნდა „ოცნებას“.

ლევან ხაბეიშვილიც ამიტომ დააკავეს, რომ მას რეალურად მოჰქონდა ეს მუხტი, რწმენა დაუბრუნა ადამიანებს, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი.

  • როგორ ფიქრობთ, ხაბეიშვილის დაკავება ამ პროცესს შეცვლის?

პირიქით მგონია. რასაც ვუყურებ, გინდათ სოციალურ ჯგუფებში, გინდათ გადაცემებში, ვხედავ ადამიანებს, რომლებიც აძლიერებენ ამ მუხტს.

რამდენიმე დღეში მეც გავაკეთებ იგივე განცხადებას და სხვებიც მიმართავენ ჩვენს კოლეგებს, რომ კონკრეტულ დღეს, ხალხის წინააღმდეგ ხელი არ აღმართონ და ვინც ხელს არ აღმართავს და ხალხის გვერდით დადგება, აუცილებლად მიიღებს ჯილდოს, პრემიის სახით იმ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაზეც ხაბეიშვილი საუბრობდა. დღეს „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს ფულს უხდის ხალხის ცემაში, ჩვენ კი გადავუხდით ხალხის გვერდით დადგომისთვის.

  • ხარაზიშვილი ახსენეთ, ამბობდით, რომ მისმა ქმედებებმა შეაძულა ხალხს პოლიცია. იმასაც ამბობენ, რომ მას დიდი გავლენა ჰქონდა სპეცრაზმელებზე. რა შეიცვალა მისი წასვლის შემდეგ ამ სისტემაში და როგორ ფიქრობთ, ახალ ხელმძღვანელს გაუჭირდება პროცესების მართვა?

ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) ძველი კადრებიდან არავინ სცემდა პატივს. უფრო მეტიც, ზიზღიც კი ჰქონდათ მის მიმართ, ვერ იტანდნენ.

ამიტომ მან თავისი ხალხით დააკომპლექტა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.

  • ანუ, ვინც ხალხს სცემდა, ეგ ხარაზიშვილის მოყვანილი ხალხი იყო?

ყველა ხარაზიშვილის ხალხი იყო და როცა წავიდა უწყებიდან, ძალიან დიდი ნაწილი გაჰყვა მას. იყო საუბარი, რომ ხარაზიშვილი უნდა დაებრუნებინათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შავნაბადაზე, საიდანაც თავის დროზე გადმოვიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ხარაზიშვილი უბრალოდ მოისროლეს.

  • ხომ არ იცით, სად არის ეხლა და რას აკეთებს?

ჩემი ინფორმაციით, ახლა სახლშია.

ხარაზიშვილი მაგ სისტემაში ყოველთვის ყველაზე ბინძური საქმეების შემსრულებელი იყო და ძალიან სოლიდურ თანხებსაც უხდიდნენ ამაში. შეასრულებინებდნენ და მოისროდნენ. ამას მიჩვეული იყო.

მისი მოყვანილი ხალხიდან ახალმა უფროსმა, ქარცივაძემ, ბევრი უკან დააბრუნა და ცდილობს მათი კეთილგანწყობა მოიპოვოს, მაგრამ ერთი რაღაც ვერ გათვალა ვერც ქარცივაძემ და ვერც გეკამ თუ რა ჰქვია იმ კაცს, შინაგან საქმეთა მინისტრი რომ არის, რომ ამ ხალხის უკან დაბრუნებით უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვიეს გდდ-ში და უფრო მეტად არიან გაბრაზებულები დეპარტამენტის თანამშრომლები, ვიდრე მანამდე იყვნენ.

  • რა აბრაზებთ?

ესენი იყვნენ მხეცები, არაადამიანები და შიგნით დეპარტამენტში სასტიკად უსწორდებოდნენ იმ ხალხს, ვინც ხმას ამოიღებდა.

ვინმეს რომ ეთქვა, სამსახურიდან წავალო, შეიძლება ცემაში მოეკლათ და ამისი არაერთი ფაქტი იყო 2024 წლის დეკემბერში. ვისზეც გაიგეს, რომ წასვლას აპირებდნენ, ყველა სასტიკად სცემეს. ეს ხალხი რომ უკან არ დაებრუნებინათ, გდდ-ე, შესაძლოა, დღეს სხვა პოზიციაზე ყოფილიყო.

დააბრუნეს ხარაზიშვილის ხალხი და მე ჩემი ინფორმაციით, ამის გამო ძალიან დიდი უკმაყოფილებაა.

  • სპეცრაზმელები ხშირად ვარჯიშობენ თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე. კადრებში, რომელიც გასაჯაროვდა, ჩანს, რომ ისინი აქციების დარბევაზე ვარჯიშობდნენ. იყო საუბარი ახალი წყლის ჭავლის მანქანების შეძენაზეც. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამაზე?

სადაც კადრები იყო გადაღებული, ეს არის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აეროდრომის ტერიტორია. კადრებში რაც ვნახე, კონსტრუქციებით ქმნიან პარლამენტის მაკეტს და ათამაშებენ პარლამენტის დაცვის გეგმის სხვადასხვა ვარიანტებს. მათ შორის, ცოცხალი ძალით, სპეციალური ტექნიკით და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ტექნიკა ახალი არ არის, შარშან რაც გამოიყენეს, ის ჩანდა.

4 ოქტომბრის მიმართ აქვთ შიშები, რადგან მსგავსი მასშტაბის სწავლება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს 2019 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჩაუტარებია.

  • როგორ ფიქრობთ, იგივეს გამეორებას აპირებენ, რაც გასულ წელს ვნახეთ? თუ მაინც გაქვთ იმედი, რომ სპეცრაზმელები განუდგებიან სისტემას?

ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მტკიცე იქნება საზოგადოება და რამდენად ბევრი ადამიანი იქნება რუსთაველზე. აქციაზე ხელისუფლება ითვლის ხალხის რაოდენობას.

ამიტომ, ერთია მასშტაბი და მეორე ხალხის ერთსულოვნება. ამიტომ, ყველა უნდა გამოვიდეს, არა მარტო თბილისი, საქართველოს ყველა კუთხიდან უნდა ჩამოვიდნენ ადამიანები, რადგან დასაცავი გვაქვს ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ ან გადავრჩებით 4-ში, მაგრამ თუ რეჟიმმა გაგვტეხა და დაგვამარცხა, მომდევნო წლების განმავლობაში ფეხზე ვეღარ დავდგებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: