მთავარი,სიახლეები

რით დაგამახსოვრდათ თორნიკე რიჟვაძე – „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“ და სხვა

04.04.2025 •
რით დაგამახსოვრდათ თორნიკე რიჟვაძე – „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“ და სხვა

„ვერავის გადაუღუნოთ“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“, „პირადად ვიძიებ შურს“ – ძირითადად ამ ფრაზებით დაამახსოვრა თავი მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც 7-წლიანი უწყვეტი თავმჯდომარეობის შემდეგ დღეს, 4 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

რიჟვაძეს ბრიფინგი არ გაუმართავს. მან ფეისბუქზე, საკუთარ გვერდზე დადო განცხადება, რომ პოსტს ტოვებდა, მადლობა პირველ რიგში ივანიშვილს გადაუხადა და მხარდამჭერები დაამშვიდა, რომ რჩება „ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცად“.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლის ივლისში გახდა. მაშინ ის 29 წლის იყო.

ამ სტატიაში შევეცდებით მოკლედ გავიხსენოთ ყველა გახმაურებული მომენტი რიჟვაძის პოლიტიკური კარიერიდან მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.

თორნიკე რიჟვაძის პირველი, მნიშვნელოვანი განცხადება ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხს ეხებოდა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ აქტიურად განიხილებოდა. რიჟვაძემ მაშინ თქვა, რომ მეჩეთი ბათუმში ქართული ფულით უნდა აშენებულიყო, თუმცა მან თანამდებობა ისე დატოვა, რომ ახალი მეჩეთი ბათუმში არ აშენებულა.

თორნიკე რიჟვაძე ბაირამის დღესასწაულზე 30 მარტს, ბათუმის მეჩეთთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დანიშვნიდან მალევე რიჟვაძემ დახურა აჭარის მთავრობის სხდომები ჟურნალისტებისთვის და ასე დააბრუნა „ნაციონალური მოძრაობის“ დადგენილებით მიღებული სტანდარტი. ასევე, რიჟვაძემ დანიშვნიდან მოკლე ხანში მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნა მეგობარი, რომლის მეჯვარეც თვითონ იყო – არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ამჟამად ბათუმის მერია.

თორნიკე რიჟვაძე წლების განმავლობაში სიტყვიერად უპირისპირდებოდა ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს, რომლებიც ძველ ბათუმში მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვდნენ.

„ძაღლი ყეფს – ქარავანი მიდის“ და არ ვაპირებთ, რომ ამ ტიპის შემოტევების შედეგად ჩვენი გადაწყვეტილებები შევცვალოთ“ – ასე უპასუხა რიჟვაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საინიციატივო ჯგუფს 2019 წელს.

პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რიჟვაძე კრიტიკის ობიექტი არა ერთი ფრაზის გამო გახდა. ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე გახმაურებული შემთხვევა აჭარის უმაღლეს საბჭოში მოხდა 2022 წელს, როცა სიტყვიერი დაპირისპირებისას რიჟვაძემ ოპოზიციას უთხრა: „დავაი, დაახვით, ვერავის გადაუღუნოთო“.

2022 წელს რიჟვაძე კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის სამიზნე, როცა ვერ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – „ვინ დაიწყო ომი უკრაინაში?“ რიჟვაძემ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ამაზე შეკითხვა უნდა დაუსვან „დარგის ექსპერტებს“.

რიჟვაძის დუმილი ამ კითხვაზე შეუმჩნეველი არ დარჩათ უკრაინაში. ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი, სადაც რიჟვაძე სწავლობდა, განცხადებით გამოეხმაურა მას, რომელშიც ეწერა: „გულწრფელად ვწუხვართ, რომ მან, როგორც ჩვენმა ასპირანტმა, ვერ შეიყვარა უკრაინა“. ამავე დროს, უკრაინულმა ცენტრმა„მირატვორეცმა“ რიჟვაძე რუსი სამხედრო დამნაშავეების თანამზრახველად და უკრაინაში რუსეთის შეჭრის უარმყოფლად გამოაცხადა.

2023 წელს რიჟვაძე კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ქვეშ, როცა მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

რიჟვაძის ამ შეფასებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელებში მოქალაქეების, აგვისტოს ომის ვეტერანების და ოპოზიციის მხრიდან.

თორნიკე რიჟვაძესთან კავშირში ხშირად ისმოდა ბრალდება, რომ მას მართავდა მამამისი, პოლიციელი დავით რიჟვაძე, რომელმაც ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის თანამდებობა მაშინ დატოვა, როცა თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა. დავით რიჟვაძე ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსია.

2021 წელს, ადგილობრივით თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია დავით რიჟვაძეს მათ დეპუტატებზე ზეწოლასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, სად და როგორ გააგრძელებს კარიერას თორნიკე რიჟვაძე. იგი „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: