მთავარი,სიახლეები • • • • • • •

ბათუმის ცენტრალური მეჩეთისთვის 993 ათასი ლარი დაიხარჯება აჭარის ბიუჯეტიდან

25.11.2026
ბათუმის ცენტრალური მეჩეთისთვის 993 ათასი ლარი დაიხარჯება აჭარის ბიუჯეტიდან

ბათუმში, ცენტრალურ მეჩეთთან მდებარე ორსართულიანი შენობის დემონტაჟი და მის ადგილზე სამსართულიანი შენობის აშენებაა დაგეგმილი. სამუშაოებისთვის 993 ათასი ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

„ბათუმში მდებარე ცენტრალური მეჩეთის განბანვის ადგილის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] 993 ათას 401 ლარით უკვე გამოაცხადა.

სააგენტოს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „2026 წელს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ მომზადდა განბანვის ადგილის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია“, ხოლო „შესასყიდი სამუშაოების ღირებულება [993 401 ლარი] განისაზღვრა მუსლიმთა სამმართველოს მიერ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე“.

ბათუმის ცენტრალური მეჩეთი / ადგილი [საპროექტო ტერიტორია] სადაც არსებული ორსართულიან შენობას დაანგრევენ და ახალ, სამსართულიან შენობას ააშენებენ / ფოტო პროექტიდან

„მთავარი მიზანია შეიქმნას ფუნქციურად და ესთეტიკურად გამართული სივრცე, რომელიც დააკმაყოფილებს ორგანიზაციის ადმინისტრაციულ და რელიგიურ საჭიროებებს. ექსტერიერისა და ფასადის დიზაინში გამოყენებულია ტრადიციული ისლამური გეომეტრიული ორნამენტების მქონე დეტალები, რაც ხაზს უსვამს შენობის სპეციფიკურ დანიშნულებას“ – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე პროექტის მიხედვით:

„საპროექტო შენობა-ნაგებობა წარმოადგენს 3-სართულიან მრავალფუნქციურ ადმინისტრაციულ ობიექტს. შენობის საერთო კონსტრუქციული სიმაღლე სახურავის პარაპეტის ჩათვლით შეადგენს 9.80 მეტრს. სართულების სიმაღლეები და ფართობები ნაწილდება შემდეგნაირად:

  • პირველი სართული [ნიშნული +3.60 მ]: მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების სამუშაო და დამხმარე სივრცეებს, მათ შორის იმამის ოთახს. სართულზე ასევე განთავსებულია სველი წერტილები და საპირფარეშოები, ჰოლი და კიბის უჯრედი.
  • მეორე სართული [ნიშნული +6.60 მ]: ძირითადად წარმოდგენილია ერთი დიდი, ღია სამლოცველო/საერთო სივრცით, სართულზე დამატებით განთავსებულია იზოლირებული ოთახი/კაბინეტი.
  • მესამე სართული [ნიშნული +9.60 მ]: სართულის ძირითად ნაწილს იკავებს მასშტაბური სამლოცველო/სივრცე. გარდა ამისა, მოწყობილია დერეფანი/კიბის უჯრედი.“

პროექტით, ახალ სამსართულიან შენობაში გათვალისწინებულია ლიფტის დამონტაჟებაც.

საპროექტო სამსართულიანი შენობა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან / ფოტოები პროექტიდან

აჭარის კმდს-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 11 დეკემბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება.

რაც შეეხება სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერის პირობის მიხედვით სრულად უნდა დასრულდეს 2027 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აჭარის კმდს საკულტო ნაგებობების „რეაბილიტაციაზე“ აცხადებს ტენდერს, თუმცა, კონკრეტული სამუშაოები ან ძეგლზე დაშენებას, დემონტაჟს ან/და ახალი ნაგებობის აშენებას გულისხმობს.

მაგალითად:

ხინოწმინდაში სამრეკლოს ასაშენებლად და ტაძრისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 680 ათასი ლარი დაიხარჯება

ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში ეკლესიას ბიუჯეტის ფულით ააშენებენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი 

აღსანიშნავია, რომ ბათუმში მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აგებას მათ მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე 2017 წლიდან ცდილობს, თუმცა თემს ამის ნებართვას არ აძლევენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიას დაუდგინა დისკრიმინაციული მოპყრობა მუსლიმი თემის მიმართ, თუმცა არ დაავალდებულა ნებართვის გაცემა. უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილებით კი,  დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.

ამ თემაზე ვრცლად:

დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ – რას პასუხობს პატარაძე შეკითხვას მეჩეთზე

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: