განათლება,მთავარი,სიახლეები

„გაუნათლებელი საზოგადოება, მონების საზოგადოებაა“- სალომე ზურაბიშვილი „ოცნების რეფორმაზე“

31.01.2026
„გაუნათლებელი საზოგადოება, მონების საზოგადოებაა“- სალომე ზურაბიშვილი „ოცნების რეფორმაზე“

დღეს, 31 იანვარს, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე დისკუსია გაიმართა სლოგანით – „დაიცავი განათლება“, სადაც განათლების ექსპერტებმა ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რასაც „ქართული ოცნება“ ე.წ რეფორმით უქმნის უნივერსიტეტებს.

შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული „რეფორმა“ რუსეთში დაიწერა და ის მიმართული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„ყველამ ვიცით სად და როგორ დაიწერა ეს „რეფორმა“ და როგორ მიაღებინეს პარლამენტს ერთი ხელის აწევით. ძველი საბჭოთა პრაქტიკაა, როცა დებატები არ არის არც კომისიებში, არც კომიტეტებში და არც პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი „რეფორმა“ მიიღეს რუსეთში 2022 წელს და ეს არის პასუხი იმ კითხვაზე, თუ სად დაიწერა ეს ფსევდო რეფორმა. საიდან მოდის ეს უდიდესი დარტყმა ქართულ განათლებაზე, კულტურაზე და იდენტობაზე“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, განათლება საზოგადოების ხერხემალია, ამიტომ განათლების გარეშე დარჩენილი საზოგადოება ვერ განვითარდება. „საზოგადოება, რომელიც არ არის განათლებული, არის მონების საზოგადოება. „საზოგადოებაც“ არ ჰქვია, მონების შეკრებაა, თუ არ არის განათლება. და ის, რომ დღეს ეს რეჟიმი ეხება სწორედ განათლებას, არის ძალიან ნიშანდობლივი.

თუ რეჟიმი აქამდე ეხებოდა ადამიანებს, პიროვნებებს ფიზიკურად – რეპრესიული კანონები, დაჭერები, ციხე, მოწამვლა, ძალადობა – ეს ყველაფერი არის ფიზიკური მცდელობა იმისი, რომ ადამიანები შეზღუდოს, მათი ქმედებები შეზღუდოს, მათი ფიქრებიც და მათი თავისუფლებაც, მაგრამ ამ კუთხით ვერაფერს მიაღწია რეჟიმმა, რომ დაემონებინა საზოგადოება და ის პროტესტი, რომელიც არა მხოლოდ ქუჩაში არსებობს, არსებობს სწორედ საზოგადოებაში – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს რეჟიმს.

ამიტომ გადავიდა შემდეგ ეტაპზე, ეს არის პირდაპირი ომი, გამოცხადებული საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის სულიერი შეტევა იმის მიმართ, რაც არის ჩვენთვის არსებითი“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო უდიდეს რესურსებს ხარჯავს მოსახლეობის განათლებაზე, ავტორიტარული ხელისუფლებები კი პირიქით.

„ჩვენი ისტორიაც განათლებაზე დგას. დაწყებული წმინდა ნინოდან, რომელმაც გაანათლა საქართველო, შემდეგ ასურელი მამები ავრცელებდნენ იმ დროისთვის სულიერ ცოდნასა და განათლებას. დავით აღმაშენებელი არ იქნებოდა აღმაშენებელი, თუ არ ეყოლებოდა გვერდში ჭყონდიდელი. ამიტომ, შეტევა განათლებაზე არის პირდაპირი შეტევა ჩვენს სულზე, ჩვენს იდენტობაზე, ჩვენს ქართველობაზე.

ჩვენთვის განათლება არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული დამოუკიდებლობასთან. არ არის შემთხვევითი ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს და ამას ამზადებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

სწორედ ამ უნივერსიტეტში იცავდნენ განათლებას და დამოუკიდებელ აზრს. თუმცა ივანე ჯავახიშვილმა გაუშვა სტუდენტები იუნკერებთან ერთად საბრძოლველად და უთხრა, რომ „ახლა არის ის დრო, როცა სწავლა უნივერსიტეტში კი არა, ქვეყნისთვის ბრძოლა არის საჭირო“. იმიტომ, რომ ჩვენთვის განათლება არის დამოკიდებული და შერწყმული თავისუფლებასთან.

თუ არა თავისუფალი აზროვნება, თუ არა კრიტიკული აზროვნება, რამდენიც გინდათ გქონდეთ უნივერსიტეტები, სკოლები. ჩაკეტილი განათლება ვერ იარსებებს დიდხანს და დღეს ეს გვემუქრება ჩვენც. როცა გამოვდივართ იმ საერთაშორისო სისტემიდან, რომელიც აძლევს ჩვენს ახალგაზრდობას საშუალებას სწავლა გააგრძელოს ევროპულ ქვეყნებში და იქიდან ჩამოიტანოს მეტი ცოდნა და განვითარება. ახლა კი ცდილობენ ჩამოგვაშორონ გარე სამყაროს, დავრჩეთ ჩაკეტილები.

რამდენი უნივერსიტეტი შეერწყმება ერთმანეთს ჯერ არ ვიცით, თუმცა წარმოუდგენელია მათი („ქართული ოცნების“ ხელისუფლება) დაცინვის ტონიც, რეალურად აბუჩად იგდებენ უნივერსიტეტებს.

„მე რაც მინდა, იმას ვაკეთებ“, – „მინდა გავაერთიანებ, მინდა დავაშორებ, მინდა გავხსნი, მინდა ჩავკეტავ, მინდა დავხურავ. მასწავლებლებს მე დავნიშნავ“ – ეს არის ჩადებული მათ ტექსტებში.

განათლებას მოაქვს პირველ რიგში განვითარება. ქვეყანა ვერ განვითარდება ეკონომიკურად, თუ განათლება არ არის განვითარებული. როცა ხელოვნური ინტელექტი შემოდის ასეთი სისწრაფით, ის ქვეყნები, რომლებიც ამის გარეთ დარჩებიან, არიან განწირული.

ჩვენც ვიქნებით განწირული, ჩრდილოელი მეზობლის კოლონია, თუკი არ გვექნება ჩვენი განათლება და არ გვეყოლება განათლებული საზოგადოება, რაც ქმნის საქართველოს იდენტობას და კულტურას.

თუ ეს „რეფორმა„ ამოქმედდა, შეუძლებელი გახდება ჩვენი შემდეგი თაობისთვის ევროპული განათლების მიღება, რადგანაც არც ერაზმუსი იქნება ხელმისაწვდომი და ვკარგავთ ყველა იმ პრივილეგიას, რომელიც თან ახლდა ბოლონიის პროცესს.“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, „ოცნება“ ცალ-ცალკე მიადგა სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა დარგს გასანადგურებლად, ამიტომ აუცილებელია საზოგადოება გამოფხიზლდეს და დადგეს ერთად, ამ პროცესის შესაჩერებლად.

„დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებს მიადგნენ, ხვალ სახელოვნებო ინსტიტუტებს, ზეგ კერძო სექტორს, კერძო უნივერსიტეტებს მიადგენიან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გადარჩნენ, მაგრამ ვერ გადარჩებიან“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: