მთავარი,სიახლეები

ზუგდიდში აქციებზე 150 პოლიციელია მიმაგრებული და მათ კვებაში შსს დღეში 2 250 ლარს ხარჯავს

25.01.2025 •
ზუგდიდში აქციებზე 150 პოლიციელია მიმაგრებული და მათ კვებაში შსს დღეში 2 250 ლარს ხარჯავს

ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველდღიურად 150 პოლიციელი ჰყავს მობილიზებული, რომელთა ერთჯერად კვებაში დღეში 2 250 ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან [ერთი ულუფის ფასი 15 ლარია].

შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ზუგდიდში საპროტესტო აქციების გამო მობილიზებული პოლიციელების კვებაში, 2024 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 16 იანვრამდე პერიოდში, ტენდერის გარეშე 51 750 ლარი დაიხარჯა. აქედან:

  • 2024 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე 150 პერსონის დღეში ერთჯერადი კვებისთვის – 20 250 ლარი
  • 2025 წლის 2 იანვრიდან 2025 წლის 16 იანვრამდე 150 პერსონის დღეში ერთჯერადი კვებისთვის კი – 31 500 ლარი

„გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის“ საკითხი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან საკვების შესყიდვის შემდეგ შეათანხმა.

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია ქ. ზუგდიდში საპროტესტო აქციამ. აქციების ჩატარება წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული.“ – წერს პოლიციის დეპარტამენტი.

„მოგახსენებთ, რომ ქ. ზუგდიდის ცენტრში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქცია. აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, ქ. ზუგდიდში სხვადასხვა ლოკაციაზე განაწილებულია შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 150 მოსამსახურე. ვინაიდან ამ პერიოდში ვეღარ ესწრება ელ. ტენდერის ჩატარება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია თანამშრომლების კვების პროდუქტების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდეს უმოკლეს ვადებში… გთხოვთ თქვენს თანხმობას აღნიშნული შესყიდვა განვახორციელოთ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით [სუპერ გადაუდებელი]“ – წერენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე შალვა ბედოიძეს ზუგდიდის პოლიციიდან.

მინისტრის მოადგილემ თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე პატაკის მიღების დღესვე [2024 წლის 31 დეკემბერს] გასცა. 31 500 ლარის საკვების მიწოდებაზე კი დეპარტამენტს ხელშეკრულება ინდმეწარმე „დავით ჭურღულიასთან“ აქვს გაფორმებული [ასევე 31 დეკემბერს].

„თუ კი ვერ მოხდება მიმაგრებული თანამშრომლების საკვებით უზრუნველყოფა, ვითარება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს. ობიექტებზე მყოფი ოფიცრები დარჩებიან კვების გარეშე, რაც გამოიწვევს მათი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რითაც შესაძლებელია ზიანი მიადგეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესტიჟს, ასევე მათ ჯანმრთელობას.“ – აღნიშნულია პოლიციის დეპარტამენტის განაცხადში, რომელიც შესყიდვების პორტალზეა ატვირთული.

მომსახურების ფასების ცხრილი [პრეისკურანტი] ხელშეკრულებიდან:

ზუგდიდში აქცია ყოველდღიურად იმართება, თუმცა 16 იანვრის შემდეგ პოლიციელთა კვებაზე ვისთან, რა პერიოდით და რა თანხაზე გააფორმა ხელშეკრულება სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, უცნობია. შესაბამისი დოკუმენტები შესყიდვების პორტალზე ამ დროისთვის არ იძებნება.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ზუგდიდში საპროტესტო აქციის ოცამდე მონაწილე პოლიციამ „ავტომანქანებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის“ 1000 -1000 ლარით დააჯარიმა.

საპროტესტო მოძრაობის ზუგდიდელი აქტივისტები აცხადებენ, რომ პრინციპულად არ ემორჩილებიან „ოცნების“ ახალ კანონს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს.

მიმდინარე წლის 8 იანვარს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას პოლიციამ მეოთხედ შეუდგინა ოქმი ბალაკლავის [ქუდი, რომელიც სახეს ფარავს] ტარების გამო, ხოლო კერენ ესებუას – მეორედ.

ამ თემაზე ვრცლად: სახის დაფარვის გამო ზუგდიდში აქტივისტებს მეორედ და მეოთხედ შეუდგინეს ოქმები – ვიდეო

მარიამ სიჭინავა სასამართლომ ორჯერ დააჯარიმა 5 000-5 000 ლარით. 5 000 ლარით დააჯარიმეს მასწავლებელი მანანა [მიკო] მიქავაც ფეიერვერკის სროლისთვის.

24 იანვარს კი, მარიამ სიჭინავა ბალაკლავის ტარების გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს. ის სასამართლო პროცესზე ბალაკლავით, ხალათით და ჩუსტებით მივიდა.

2024 წლის 28 ნოემბრიდან პროევროპული საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება თბილისში და ბათუმშიც.

2024 წლის 28 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში კი, მხოლოდ თბილისში გამართული აქციების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერის გარეშე  ჯამში 1 104 250 ლარი დახარჯა სპეცრაზმელების და პოლიციელების კვებაში [ამ თანხით სამინისტრომ აღნიშნულ პერიოდში ჯამში 129 890 კომპლექტი ლანჩის ნაკრები შეისყიდა გამარტივებული წესით.] 

____________________

  • რა ხდება?

ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. აქციებზე – სადაც ხშირად ადგილი აქვს პროვოკაციებს პოლიციის მხრიდან – დაკავებულია და სასტიკად ნაცემია ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

„ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებშიც ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.

პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 52 მოქალაქე. მათ შორის ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

 

 

მთავარი ფოტო არქივიდან/ სქრინი ზუგდიდის აქციის ვიდეოდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: