მთავარი,სიახლეები

„რესპრესიები დაიწყო“ – ჯგუფ „პლატინას“ რეჟისორი მალხაზ ირემაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

24.01.2025
„რესპრესიები დაიწყო“ – ჯგუფ „პლატინას“ რეჟისორი მალხაზ ირემაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

რეჟისორი, ქორეოგრაფი და ჯგუფი „პლატინას“ ხელმძღვანელი მალხაზ ირემაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის ბათუმის მერიის სპორტულ ცენტრში ქორეოგრაფად იყო დასაქმებული.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მან დღეს, 24 იანვარს შეიტყო.

„მე ბათუმის ყინულის სასახლეში 20 წელი ვმუშაობდი ივენთების კოორდინატორად და ვიყავი ქორეოგრაფი, რომელსაც წვლილი მიმიძღვის სინქრონული დასის ჩამოყალიბებაში და არაერთი საპრიზო ადგილი გვაქვს მოპოვებული, ოქროს მედლებით ჩამოვდიოდით ფესტივალებიდან.

ყინულის სასახლის ყველა ბავშვი ჩემთან გადიოდა ქორეოგრაფიას და ვმუშაობდი როგორც წამყვანი, რეჟისორი, მე ვაკეთებდი მუსიკის მონტაჟს, აპარატურის ორგანიზებას და რა კონცერტებიც იმართებოდა ყინულის სასახლეში, 90 პროცენტი ჩემს მხრებზე იყო.

თუმცა მერიამ ეს სინქრონული დასი გააუქმა და შემდეგ გადამიყვანეს ინკლუზიურ ბავშვებთან. შეგიძლიათ მშობლებთანაც იკითხოთ, ვინ იყო ყველაზე აქტიური ინკლუზიურ ბავშვებთან მუშაობის დროს“ – ამბობს მალხაზ ირემაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად სერტიფიკატი დაუსახელეს.

„ინკლუზიურ ბავშვებთან მუშაობის სერტიფიკატს ვითხოვთო, ეს იყო თითქოს მიზეზი. ამდენი წელია ვმუშაობ და არ მოუთხოვიათ სერტიფიკატი და რა გამოდის, რომ აქამდე კანონის დარღვევით ვყავდი დასაქმებული? აბა აქამდე როგორ ვმუშაობდი და როგორ გავზარდე ეს ბავშვები. ვფიქრობ, ეს მხოლოდ მიზეზია და უბრალოდ რეპრესიები დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ, რადგან აქტიურად ვმონაწილეობ საპროტესტო აქციებში.

რა სერტიფიკატი უნდათ, როცა მაქვს უმაღლესი ქორეოგრაფიული განათლება. ეს მიზეზია მხოლოდ.

როცა ვუთხარი, რომ ეს არ იყო ცივილიზებული მიდგომა, უფროსმა უჩა აბრამიშვილმა მიპასუხა, – „თქვენ რომ მოხვალთ მთავრობაში, მაშინ ვიქნებით ცივილიზებულიო“.

ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო ნათქვამი რომაა, ისე დამემართა, რადგან თავის დროზე როგორც დამლაგებელი ისე მოვიდა ამ ცენტრში, ჩვენ მეგობრები გვერდით დავუდექით და ჩვენი მხარდაჭერით მოხვდა ამ თანამდებობაზე.

სხვათა შორის, თავის დროზე ძალიან აქტიური „ნაციონალი“ იყო, აქტივისტი და უნივერსიტეტშიც სტუდენტური კავშირის ხელმძღვანელი „ნაციონალების“ დროს და შემდეგ „ოცნებამ“ დაიყენა გვერდზე.

პოლიტიკური ნიშნით, რომ გამათავისუფლეს ამაზე ისიც მეტყველებს, როცა მეუბნებოდნენ „შენ კიდევ აქ მუშაობ?, როგორ გამუშავებენ“. მე ვპასუხობდი, – „რატომ, რეპრესიებს იწყებთ?“

ქვეყნის მტრებს გვეძახიან, ვინც საპროტესტო აქციებზე დავდივართ და აქ, სამსახურები „ოცნების“ მხარდამჭერებით გაავსეს. [წინასაარჩევნოდ] ადგილი აღარ იყო მერიაში, იმდენი ხალხი მოყარეს“ – ამბობს მალხაზ ირემაძე.

მალხაზ ირემაძის თქმით, მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გარდა, ის ფაქტიცაა, რომ მან ძალადობაში პირდაპირ დაადანაშაულა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. მისი თქმით, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ აგინა, კედელზე თავი არტყმევინა და სცემა. ფიზიკური ძალადობის შედეგად მალხაზ ირემაძემ გონება დაკარგა.

„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა ბათუმის მერიის სპორტულ ცენტრს, თუმცა მის ხელმძღვანელს უჩა აბრამიშვილს, ტელეფონი გამორთული აქვს. ზარებს არც ცენტრის პრესსამსახურში პასუხობენ.

მალხაზ ირემაძე, 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული 5-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და იზოლატორი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: