მთავარი,სიახლეები

ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

21.12.2024 •
ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე „ავტომანქანებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის“ 1000 -1000 ლარით დააჯარიმეს.

„ჯარიმა 1000 ლარი, შესამცირებელი ქულა 10“. განმარტება: ქალაქში, ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით“- ვკითხულობთ საჯარიმო ქვითარზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილეს ჩააბარა.

ერთ-ერთი დაჯარიმებული, დავით გოლუა გვიყვება, რომ ამ შინაარსის საჯარიმო ქვითრების ჩასაბარებლად საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს ისე მოექცა, თითქოს ადმინისტრაციულ საჯარიმო ქვითრებს საშიშ დამნაშავეებს აბარებდა:

„ერთი საპატრულო ეკიპაჟი წინ ეღობებოდა მანქანას, მეორე – უკანა მხარეს, მიმართავდნენ ხმამაღლა – ხელები აწიე, მანქანიდან გვაჩვენე რამე ხომ არ გაქვს ხელში და ასე შემდეგ. ძალიან ცუდი ფორმით დაიწყეს ამ ადამიანების დაჯარიმება, თითქოს დამნაშავეს აკავებდნენ“.

დავითს ავტომანქანით მცირეწლოვანი შვილი დაჰყავს მეცადინეობაზე, ამიტომაც ბავშვთან ერთად, რომ არ გაეჩერებინათ და არ შეეშინებინათ, ის თავად დაუკავშირდა პოლიციას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარება მოითხოვა:

„გადავწყვიტე 112- ზე დამერეკა. ვუთხარი, თუ ჩემი მანქანა ძებნაზეა გადაცემული, გთხოვთ ეკიპაჟი გამოიძახოთ და ჩამაბაროთ ქვითარი მეთქი. გამოვიდა ეკიპაჟი და განმიმარტა, რომ ჩემი მანქანა იყო ძებნაზე გადაცემული და ჩამაბარეს ადმინისტრაციული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

გუშინ კიდევ ორი, მანამდე შვიდი პირი დააჯარიმეს, ჯამში ოცზე მეტი ადამიანია დაჯარიმებული. მე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვინც ჩამაბარა ადმინისტრაციული ჯარიმა, ბოდიშიც მომიხადა, უხერხულად გრძნობდა თავს. მისთვისაც ალბათ არასასურველი ქმედება იყო. სხვა შემთხვევაში კი სხვანაირ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, როგორც გითხარით“.

დავით გოლუა მიიჩნევს, რომ ეს ქმედება ემსახურება მათი დაშინების მცდელობას და საპროტესტო პროცესის შეფერხებას:

„პერმანენტული აქციები გვაქვს 22 დღეა, შიგადაშიგ გავდივართ მოსახლეობაში და ვახსენებთ, რომ შემოგვიერთდნენ. სწორედ ამ მოწოდების ნაწილი იყო, როცა მანქანებით გავედით. ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა, 30 მანქანაზე მეტი. ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოვიარეთ და გვქონდა გამაძლიერებელი, რითაც ზუგდიდის მაცხოვრებლებს მივმართავდით, რომ შემოერთებოდნენ ჩვენს საპროტესტო აქციებს.

ჩვეულებრივი მსვლელობა იყო, შეიძლება ითქვას ისეთი მსვლელობა, რაც ზუგდიდში ყოველ შაბათს თუ კვირას ტარდება, როცა ქორწილის წარმომადგენლები აკეთებენ ხოლმე მსვლელობებს. არანაირი განსხვავებული და შემაფერხებელი არ ყოფილა, გზა არ გადაგვიკეტავს.

მერე მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ეს მოძრაობა გახდებოდა წინაპირობა დაჯარიმების, ჩვენც ხომ გვყავს ნაცნობები საპატრულო პოლიციაში, გვითხრეს, რომ ამაზე შეიძლება დაგაჯარიმონო. გაგვიკვირდა, იმიტომ, რომ უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია ჩვენი მხრიდან, მაგრამ 14-ში, 15-ში და 16-ში დაიწყეს ადამიანების დაჯარიმება.

ვინც ამ პროცესში ჩართულები ვართ, ვაცნობიერებთ რასაც ვაკეთებთ, ამდენად ეს შემაფერხებელი ვერ იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ, ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების სახით“.

დავით ლოგუა „სამართლიანი არჩევნების“ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მას ვკითხეთ, აპირებს თუ არა ჯარიმის გასაჩივრებას. დავით ლოგუამ გვითხრა, რომ კონსულტაციებს გადის იურისტებთან.

დავით გოლუა

 

დაჯარიმებულებს შორის არის თემურ ბასილაიაც, პარტია „ახალის“ წევრი. ის ამბობს, რომ ზუგდიდში მსვლელობიდან მეორე დღეს ავტომანქანით გადაადგილდებოდა, როცა საპატრულო პოლიციამ მანქანის გაჩერება მოსთხოვა:

„თავიდან მეგონა სხვას მიმართავდნენ, რადგან არაფერი დამირღვევია, გავაგრძელე გზა. მომიახლოვდნენ და ხმამაღლა მომმართეს, გამაფრთხილეს, არ გადმოვსულიყავი მანქანიდან, გადმომცეს ჯარიმა. როცა კითხვებს ვსვამდი, ისევ გამაფრთხილეს, რომ მანქანიდან არ გადმოვსულიყავი, რადგან სამხრე კამერები ჩართული გვაქვს და ვიწერთო. თავიანთი განმარტება მომასმენინეს და მიბრუნდნენ. ვუთხარი მე მოგისმინეთ და თქვენ რატომ არ მისმენთ მეთქი, ისე წავიდა საქმე ვიფიქრე, რომ დამაკავებდნენ და აღარ დამისვამს კითხვები“.

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, იურისტ თამარ წულუკიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში ჯარიმის მიზანი, სავარაუდოდ, აქციაში მონაწილე მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნაა:

„გამოხატვის თავისუფლება და შეკრება-მანიფესტაციის უფლების რეალიზება თავის თავში გულისხმობს ისეთი მოქმედების განხორციელებას, რომელიც ცვლის ყოველდღიური ცხოვრების რიტმს. მათ შორის, ეს შეიძლება გამოიხატებოდეს მოქალაქეების მხრიდან გზის გადაკეტვაში, ასევე სატრანსპორტო საშუალების მხრიდან მოძრაობის შეფერხებაში. ამ უფლების რეალიზების მიზანია საზოგადოების და სახელმწიფოს ყურადღების მიპყრობა, შესაბამისად, სავსებით პროპორციულია ამ მექანიზმის გამოყენება და არ უნდა იყოს მსგავსი მოქმედება დაჯარიმების საფუძველი.

გამოხატვის თავისუფლება, შეკრება-მანიფესტაციის უფლება ბევრად დიდი სიკეთეა ვიდრე მოძრაობის დროებით შეფერხება. ამ დროს ჯარიმის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნად ისახავს იმას, რომ მოქალაქეებს შეექმნათ დისკომფორტი და უარი თქვა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვაზე.“

იურისტს საჯარიმო ქვითრის გადაცემის ფორმებზეც ვკითხეთ:

„ქვითრის გადაცემის ფორმას რაც შეეხება, პირისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ მასთან მიმართებით გამოცემულია ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, უნდა მოხდეს ფოსტის მეშვეობით, მისამართზე ქვითრის გაგზავნით, საქარე მინაზე გზავნილის დატოვებით ან სატელეფონო შეტყობინებით და არა თეატრალიზებული დადგმით, თითქოს ის მძიმე კრიმინალური დანაშაულის განმახორციელებელია. ამით ხდება პირის რეპუტაციისა და ღირსების შელახვა, რაც ამ შემთხვევაშიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, რომ მათ და მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს დაშინების საფუძველზე სურვილი არ გაუჩნდეთ სამართლიანი პროტესტის გამოხატვის“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის 6 (პრიმა) ნაწილი აქამდე ითვალისწინებდა მხოლოდ ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ეს ასევე გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას (ერთობლიობაში).

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: