„უნდათ, რომ შეგვაშინონ, უსამართლობაა ყველგან, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ… აუცილებლად მივალ სასამართლოში. რა უნდა ქნას მოსამართლემ, დამიჭერს? დამიჭიროს. ყველას ხომ ვერ დაგვიჭერს?“ – კითხულობს მოქალაქე დარიკო ჩიტაძე, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეა, „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას აპროტესტებს და სასამართლოში დაიბარეს.
2024 წლის 16 დეკემბერს ბათუმში კოკისპირულად წვიმდა, თუმცა საპროტესტო აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები მაინც შეიკრიბნენ.
პოლიციელებმა იმ საღამოს აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს. დარიკო ჩიტაძე ის მოქალაქეა, რომელმაც „ბათუმელებს“ გამსახურდიას და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთასთან უთხრა, რომ პოლიცია შეგნებულად უცვლიდა ავტომანქანებს მიმართულებას, მძღოლებს მთავრობის სახლისკენ სპეციალურად უშვებდა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
დარიკო ჩიტაძის და პროევროპული აქციის კიდევ 11 მონაწილის დაჯარიმებას ან ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას შსს სასამართლოში ითხოვს. ოქმები უკვე შედგენილია. საბოლოო გადაწყვეტილება ახლა მოსამართლემ უნდა მიიღოს.
ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნების ვერსიით კი, 2024 წლის 16 დეკემბერს, როცა ბათუმში ძლიერად წვიმდა და აქციის მონაწილეები მაინც შეიკრიბნენ, გზის ბლოკირება უკანონო იყო.
„შეკრებილი იყო 30-მდე მანიფესტანტი,“ – ჩაუწერიათ ოქმში პოლიციელებს, თუმცა შსს არ ასაბუთებს, რატომ მიიჩნიეს წინა, მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით აქციაზე გზის გადაკეტვა პოლიციელებმა ამჯერად უკანონოდ.
„ბათუმელების“ პირდაპირ ეთერში ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ირაკლი დგებუაძემ განმარტა, რომ გზის გადაკეტვა ხელოვნური იყო, რადგან, მისივე თქმით, არ შეიძლება გზა აქციის ხუთმა მონაწილემ გადაკეტოს. პოლიციის უფროსისგან დასახელებული ციფრი – „5“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის პატაკში „30-მდეა“ გაზრდილა.
სასამართლოში დაიბარეს აქციის მონაწილე სტუდენტი ლარა ქარცივაძეც. ის ამბობს, რომ იმ დროს, როცა პოლიციელები აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლას სთხოვდნენ, საერთოდ არ იყო ადგილზე, გზის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიუღია, აქციაზე მოგვიანებით მივიდა და საპირისპიროს დამტკიცებას პოლიციელები ვერანაირად ვერ შეძლებენ.
რა ჩაწერეს პოლიციის განყოფილებებმა სამართალდარღვევების ოქმში, რომელიც სასამართლოს უკვე გაეგზავნა?
„2024 წლის 16 დეკემბერს ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა #10-ში მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის უკიდურეს კუთხეში შეკრებილი იყო 30-მდე მანიფესტანტი, სადაც აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად.
დაახლოებით 19:30 საათზე აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საავტომობილო გზის ჩაკეტვა, რითაც ფერხდებოდა ავტომობილების გადაადგილება და რიგ შემთხვევებში ავტომობილებს უკან გაბრუნება უწევდათ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებდნენ ავტომობილების გადაადგილებას.
ვინაიდან მანიფესტანტთა რაოდენობა არ შეადგენდა იმდენს, რომ გზა ყოფილიყო ბლოკირებული, პოლიციის თანამშრომლებმა არაერთხელ მოუწოდეს გადასულიყვნენ საფეხმავლო ბილიკზე და იქ გამოეხატათ პროტესტი. დამატებით მიეცათ გონივრული ვადა, რომ საავტომობილო გზა გაეთავისუფლებინათ. აქციის მონაწილეთა გარკვეულმა პირებმა არ გაითვალისწინეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მოთხოვნა და კვლავ მოახდინეს საავტომობილო გზის ბლოკირება, მათ შორის, თორნიკე კაკალაძე, ნიკოლოზ მირცხულავა, აზა გაბუნია, ლაურა ქარცივაძე.
აღნიშნული პირების მიერ დარღვეულ იქნა შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა ერთი მუხლი, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა ერთი მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის გადაცდომის ფაქტს,“ – აღნიშნულია პატაკში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა ერთი მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს შეკრების და მანიფესტაციების ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის ჯარიმას 500 ლარით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. თუ დამრღვევი ორგანიზატორია, ის 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ეს საქმეები ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2024 წლის 13 იანვარს უნდა განიხილოს. პოლიციამ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე – მოქალაქეებს.
მოსამართლეს შეუძლია საქმისწარმოება შეწყვიტოს, რაც ფაქტობრივად აქციის მონაწილეების გამართლებას ნიშნავს, ან ისინი დააჯარიმოს. შესაძლებელია, აქციის მონაწილეები 15 დღემდე ვადით დააპატიმრონ კიდეც.
„აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა იყო. სამართალდარღვევის ეს ოქმები ემსახურება რეპრესიების გაგრძელებას, რომ მოქალაქეებს დისკომფორტი შეექმნათ. ეს დაშინების მცდელობაა. გზის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია,“ – ასეთია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის შეფასება. ის აქცენტს აკეთებს კანონის ჩანაწერზე, სადაც არ არის განსაზღვრული აქციის მონაწილეების ზუსტი რაოდენობა, თუ როდის არის შესაძლებელი გზის გადაკეტვა.
„შაბლონურად შედგენილი ოქმები და პატაკები წარმოადგინეს მხოლოდ, არანაირი ვიდეომტკიცებულება არ არის საქმეში.
კანონში განსაზღვრული არაა რაოდენობა, რა ითვლება ზღვრად, რომ ის ჩაითვალოს გზის გადაკეტვისთვის საკმარისად. შესაბამისად, ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობდა.
მეორეა, რომ გზა გადაიკეტა არასამუშაო საათებში. ვერ იტყვის ვინმე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, ან იქვე მდებარე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეეზღუდათ გადაადგილება,“ – ამბობს თამარ წულუკიძე.
რაც შეეხება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს, რომელიც ბათუმის აქციის მონაწილეების საქმეებს განიხილავს – „ბათუმელების“ არქივში რამდენიმე საქმეა, რომლებიც კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს შეეხებოდა და ის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განიხილა, მაგალითად, მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე ამ მოსამართლემ 1000 ლარით დააჯარიმა – საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული განცხადებისთვის „ბათუმის ზონდერი მერი ქალაქის მტერი“. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ეს გადაწყვეტილება რომ უსამართლო იყო, ეს სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა – საბოლოოდ, ვაჟა თავართქილაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც პროტესტის გამოხატვას უკავშირდება ბათუმში და მოსამართლემ პროტესტის გამომხატველები დასაჯა – „24 ოპოზიციონერის საქმეა“ – მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დააჯარიმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები იმიტომ, რომ მათ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს. შემთხვევა 2022 წლის 6 მაისს მოხდა. ოპოზიციონერები მაშინ პოლიციელებმა დაარბიეს და კარვები წაართვეს. 2022 წლის ივნისში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ოპოზიციონერები ჯამში 38 ათასი ლარით დააჯარიმა.
საინტერესო დეტალი ამ საქმეში – ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე გოგუაძემ სასამართლო სხდომიდან გააპარა აჭარის პოლიციის უფროსი. ის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე მთავარი მოწმე იყო და სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერების კრიტიკულ კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა.
მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია ბათუმში, 2024 წლის 16 დეკემბერი
ამ თემაზე:
ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის