მთავარი,სიახლეები

შშმ პირების ევროპული და ქართული გამოცდილება -„გეფიცებით, ასეთი რამ არ მინახავს, შოკში ჩავვარდი“

06.11.2024 •
შშმ პირების ევროპული და ქართული გამოცდილება -„გეფიცებით, ასეთი რამ არ მინახავს, შოკში ჩავვარდი“

სამ წელზე მეტი გავიდა იმ დღის შემდეგ, როცა მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად საკუთარი ეტლი საპენსიო ბარათთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში, მთავრობის სახლის წინ დაუტოვა. ის პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

„ეტლს ვუტოვებ. იქნებ მიხვდნენ, რას ნიშნავს ეტლით მოსარგებლე“, – უთხრა ჯემალ ჭელიძემ მაშინ „ბათუმელებს“.

პერსონალური ასისტენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეხმარება დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, საჯარო სერვისებით სარგებლობისას, ყოველდღიურ საქმიანობაში.

ჯემალ ჭელიძე აჭარის მთავრობის სახლთან

3 წლის შემდეგ ჯემალ ჭელიძემ გვითხრა, რომ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიღება ამ დრომდე ვერ შეძლო და ისევ ელოდება.

ჯემალ ჭელიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში ცხოვრობს, სადაც მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირების გამოწვევებს დღემდე ვერ პასუხობს. აქ ბევრ სხვა საკითხთან ერთად გეოგრაფიული მდებარეობაც ერთ-ერთ ხელშემშლელ ფაქტორად განიხილება, თუმცა გამოწვევები არც ქალაქშია დაძლეული. შშმ პირები კი, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში ევროპული გამოცდილების მიღებაც შეძლეს, უკვე არგუმენტირებულად ასაბუთებენ, რომ პრობლემა ნების არარსებობაა და სხვა რაიმე ფაქტორი არ შეიძლება განვიხილოთ.

თუმცა საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, როცა გაეროს კონვენციას მიუერთდა

გაეროს კონვენციის შესაბამისად, რომელსაც 2020 წელს კანონი შშმ პირების შესახებ „მოარგეს“, მთავრობამ განსაზღვრა, რომ პერსონალური ასისტენტის სერვისი შშმ პირებისთვის საქართველოში 2025 წელს სრულად უნდა დაინერგოს. ორგანიზაცია „თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე, რომელიც სერვისის დანერგვაში მთავრობის დახმარებას ცდილობს და სახელმწიფოს, როგორც რეკომენდაციები, ასევე მომზადებული პროგრამაც კი შესთავაზა, შიშობს, რომ „ვერ მოასწრებენ და ეს იქნება კანონდარღვევა.“

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა – პერსონალური ასისტენტის სერვისის სრულად დანერგვა – საქართველოსთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. საპილოტე პროგრამა 2022 წელს დაიწყეს, თუმცა პროგრამა ჯერ ისევ საპილოტეა და ბევრი საკითხია გაურკვეველი, როგორც იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებმაც სცადეს, ასევე მათთვისაც, ვინც ამ პროგრამაში ჩაერთო ან სერვისით ისარგებლა.

საქართველოს მთავრობამ 2020 წელს დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის პროექტი, სადაც გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები ასახეს. კანონი სხვა საკითხებთან ერთად მთავრობას ავალდებულებს, პერსონალური ასისტენტის მომსახურების სრული სერვისის დანერგვას 2025 წლისთვის, რაც მანამდე არ არსებობდა. სერვისის ბიუჯეტებში ასახვისა და მიწოდების ვალდებულება კანონით მუნიციპალიტეტებს აქვთ. 

საქართველო შშმ პირებისთვის გაეროს კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს 2013 წელს შეუერთდა, 2014 წლიდან სახელმწიფო პროგრამებში ამ პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობებისთვის საჭირო მექანიზმების ასახვა უნდა დაწყებულიყო. კონვენციის რატიფიცირებამდე საქართველოში შშმ პირთა უფლებებს იცავდა 1995 წლის კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“. ამ კანონის მთავარ „ნაკლად“ აღსრულების მექანიზმის არარსებობას ასახელებდნენ.

კონვენციის მიხედვით, წევრი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც შშმ პირები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას თავად შეძლებენ. თუმცა იმ მდგომარეობით, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, აღსრულების საკითხი ისევ ეჭვქვეშ დგას, ყოველ შემთხვევაში იმ ვადებში, რა ვადაშიც მისი სრულად ამუშავების მოთხოვნა კანონითაა განსაზღვრული.

ბათუმის მერიამ პერსონალური ასისტენტის საპილოტე პროგრამა 2022 წელს დაიწყო. თავდაპირველად პროგრამაში 12 შშმ პირი ჩაერთო. პროგრამის დაწყებამდე 12 პერსონალური ასისტენტის გადამზადება შეძლეს, მერიამ მათ ერთთვიანი კურსი დაუფინანსა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 14 400 ლარი დაიხარჯა. ასისტენტები ტენდერში გამარჯვებულმა ასოციაცია „ანიკამ“ გადაამზადა.

როგორც მერიაში განმარტავდნენ, თავიდან საპილოტე პროგრამა გათვლილი იყო იმ ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის, რომლებიც ეწეოდნენ აქტიურ ცხოვრებას, იყვნენ სტუდენტები, დადიოდნენ სპორტდარბაზში და სხვა საზოგადოებრივი სივრცეებით სარგებლობდნენ.

2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის მერია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურების“ ქვეპროგრამას 256 896 ლარით აფინანსებს. ქვეპროგრამა ორ მიმართულებას, შშმ პირებისათვის პერსონალური ასისტენტების მიერ სერვისის მიწოდებას და მკვეთრად შეზღუდული სტატუსის მქონე უსინათლო პირების გამცილებლით მომსახურებას ითვალისწინებს. მერიის ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციით, ასისტენტის მომსახურებით 20 პირი სარგებლობს. მერია ასევე განმარტავს, რომ ქვეპროგრამით სარგებლობენ მკვეთრად შეზღუდული სტატუსის მქონე შშმ პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ბათუმში 2024 წლის პირველ იანვრამდე.

მომსახურების წინასწარ გაწერილი პირობების შესაბამისად, „ასისტენტი“ აწარმოებს გადაადგილების ტაბელს, რომელშიც მითითებულია მომსახურების ადგილი, დრო, ბენეფიციარის მონაცემები და ხელმოწერა.

რუსუდან შერვაშიძე მათ შორისაა, ვინც ბათუმში პერსონალური ასისტენტის პროგრამაში თავიდანვე ჩაერთო, როგორც გადამზადებული ასისტენტი. მისი გამოცდილება ორმაგად საინტერესოა, რადგან ის თავადაც საჭიროებდა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას შშმ შვილისთვის. რუსუდანი ამბობს, რომ ვიდრე მის შვილს პერსონალური ასისტენტი არ დაენიშნა, თავად უწევდა ამ როლის შესრულება, რაც სამუშაოს დაწყების შესაძლებლობას ართმევდა:

„ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი შშმ პირებისთვის დამოუკიდებლად რომ შეძლონ გადაადგილება, სახლში მარტო დარჩენა, კოლეჯში მისვლა. ჩემი შვილი კოლეჯში სწავლობდა, როცა დაენიშნა პერსონალური ასისტენტი. გარდა იმისა, რომ შშმ პირს უჭირს დამოუკიდებლად არსებობა, ჩვენ, მათი მშობლები, დამოკიდებული ვართ შვილებზე. როცა ვატარებ დროს შვილთან, მე არ მაქვს პირადი ცხოვრება. პერსონალური ასისტენტი ძალიან გვეხმარება, გამომითავისუფლდა დრო და მასაც შეუძლია ის აკეთოს, რაც სურს იმ მცირე დროის მანძილზე, როდესაც მასთან ერთად არის ასისტენტი“.

„მცირე დრო“ რუსუდან შერვაშიძეს შემთხვევით არ უხსენებია. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის პროგრამა ასისტენტის დახმარებას მხოლოდ 3 საათით ითვალისწინებს. მისი თქმით, საათების ნაკლებობა სერვისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„თვეში 60 საათი ძალიან ცოტაა, დღეში 3 საათი გამოდის, თუ შაბათ-კვირას არ ჩავთვლით. დღეში 3 საათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მცირე დროა. ასევე ჩემთვისაც, რომელსაც მინდა მშვიდად დავტოვო შვილი და გავიდე სამუშაოდ სრულყოფილად“.

რუსუდანი გვიყვება, რომ ასისტენტად მუშაობის პარალელურად პროგრამის მიმართ ცნობიერების ამაღლებაზე უწევს მუშაობა და ამას საკუთარი სურვილით აკეთებს, რადგან გართულდა ადამიანების მოძებნა, რომლებიც ამ საქმის მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ, გადამზადდებოდნენ და ჩაერთვებოდნენ პროგრამაში. მისივე ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როცა გადამზადებულებმა მუშაობა ვერ შეძლეს.

„სპექტრი ძალიან ფართოა. ის, რომ მე ვარ მშობელი, არანაირ გამოცდილებას არ მაძლევს, პროგრამაში შეიძლება იყოს სმენის არმქონე, ეტლით მოსარგებლე, აუტიზმის სპექტრი, არის სხვადასხვა სპეციფიკა“, – გვიხსნის რუსუდანი.

რუსუდან შერვაშიძე შვილთან ერთად

შშმ პირები, რომლებმაც საქართველოში პერსონალური ასისტენტის სერვისით ისარგებლეს და ევროპული გამოცდილებაც აქვთ, მიიჩნევენ, რომ ეს იმასთან მიახლოებულიც კი არ არის, რასაც ევროპაში სთავაზობენ შშმ პირს სრულყოფილი ცხოვრებისთვის.

  • „ეს, რომ ჩემი თვალით ვნახე, შოკში ჩავვარდი“ – თამარ კაკაბაძის ევროპული გამოცდილება 

თამარ კაკაბაძის გამოცდილებაც მრავალმხრივი და საინტერესოა. ის რამდენიმე თვით თავადაც სარგებლობდა საქართველოში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით, შემდეგ კი გერმანიაში წავიდა და 2 წელი ბერლინში ცხოვრობდა. თამარი აღფრთოვანებით გვიყვება იმ გამოცდილებაზე, რაც ბერლინში მიიღო:

„ჩემი მეგობრები არიან ჩართულები პერსონალური ასისტენტის პროგრამაში, მათ შორის ისეთი შშმ პირებიც, რომლებიც თავისი ხელით ვერ მიირთმევენ საჭმელს. მათთან მოდიოდა 2 ასისტენტი დღეში სამჯერ, დამხმარე გოგო და ბიჭი. ეხმარებიან ყველაფერში, წამლებს ალევინებენ, გადაჰყავთ ეტლიდან საწოლში, ეხმარებიან აბაზანის მიღებაში, ჰიგიენური საშუალებებითაც კი.

საქართველოში ასისტენტის პროგრამა სხვაა და გერმანული კიდევ სხვა თემაა. ეს არის სრული სერვისი მთელი დღის განმავლობაში. თუ ჭამა სჭირდებათ – აჭმევენ, ცხვირიც რომ მოექავოს შშმ პირს, რომელსაც არ შეუძლია ეს თავად, დაეხმარებიან.

ეს არის სწორი მიდგომა. იცი როგორ გესაუბრებიან? – როგორც საკუთარ დედას მიხედავ ადამიანი, ოჯახის წევრს. ვერავისგან იგრძნობთ, იცი რა, მე ფულის გამო ვაკეთებ ამასო. ისე თბილად, ყურადღებით აკეთებენ ამ ყველაფერს, ისე გიყურებენ, რომ მართლა შემშურდა. ეს ჩემი თვალით როცა ვნახე, შოკში ჩავვარდი, მე ასეთი რამ არ მინახავს საქართველოში.

იმაზე აღარ ვისაუბრებ, როგორი ადაპტირებულია ქალაქი. იქ რაც ვნახე, ვფიქრობდი, რომ ვიყავი ტიპური განვითარების ადამიანი. ჩვენთან ვიზუალურ მხარეს აქვს დიდი მნიშვნელობა, შეიძლება ადამიანი ძალიან განათლებული იყო, მაგრამ ვიზუალურად თუ არ მოეწონე, შშმ პირი ხარ და ვერ დაიწყებ სამსახურს. იქ გასწავლიან, პრაქტიკას იღებ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფასოა და კიდეც გასაქმებენ.

თამარ კაკაბაძე

გეფიცებით, მე ასეთი რამ არ მინახავს საქართველოში, შოკში ჩავვარდი პირდაპირი გაგებით. როგორც მახსოვს, საქართველოში 3 საათით უნდა ყოფილიყო ჩემთან ერთად ასისტენტი. უნდა ვეტარებინე ეტლით, მხოლოდ ეს ევალებოდა. გერმანიაში, 100-პროცენტიან მოვლას სთავაზობენ, როცა ესაჭიროება ადამიანს… მე ვიცი ბევრი ადამიანი საქართველოში, ვისაც ანალოგიური დახმარება სჭირდება და არ აქვს. კეთილი შურით შემშურდა“, – ამბობს თამარი.

ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პერსონალური ასისტენტის პროგრამაში ჩაერთო და სახელმწიფოს თავისი რეკომენდაციები შესთავაზა. კოალიციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საპილოტე პროგრამა ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ევროკავშირისა და მერიების თანადაფინანსებით დაიწყო. თუმცა, თავად ბენეფიციარებისა და იმ პირების ინფორმაციით, რომლებსაც სურვილი აქვთ და პროგრამაში ჯერ კიდევ ვერ ჩაერთნენ, ამბობენ, რომ პროგრამა მთელ რიგ გამოწვევებს ვერ პასუხობს. არც ის არის გადაწყვეტილი, როგორ დარეგულირდება ეს საკითხები 2025 წლიდან. რიგ მუნიციპალიტეტში მთავარ პრობლემად გეოგრაფიულ მდებარეობას და უგზოობასაც ასახელებენ:

„მე ვარ სოფელ ტუნაძეებიდან, აქ არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც დაინტერესდებოდა და გადამზადდებოდა ამ მიმართულებით. აქ 80 პროცენტი სოციალურად დაუცველია. მათი პრობლემა ისიც არის, რომ თუ რომელიმე გახდება ასისტენტი და მიიღებს ხელფასს, გაუუქმებენ შემწეობას. უნდა მოძებნო ადამიანი ხულოდან, ახლო სოფლიდან, რომ გადაამზადო პერსონალურ ასისტენტად.

გარდა ამისა, თქვენთვისაც ცნობილია, რომ ზამთარში იკეტება გზები, ამ მომენტში პერსონალურმა ასისტენტმა როგორ უნდა მოაღწიოს შენამდე? – ოჯახის წევრის გადამზადებაზე უარს ამბობენ, შედეგს არ გამოიღებსო, ისევ უყურადღებოდ დარჩება შშმ პირი და ისევე მიგდებული იქნება როგორც მანამდეო“, – გვიყვება ჯემალ ჭელიძე. მოვლისა და ზრუნვის ევროპული გამოცდილება მასაც აქვს.

„ევროპაში ამას სხვანაირად უყურებენ, თუ ოჯახის წევრი დასაქმებულია და მას არ სცალია, ასეთ შემთხვევაში უნიშნავენ პერსონალურ ასისტენტს. ჩვენთან, სოფელ ახალ უბანში არის 49 წლამდე ადამიანი, სოფლის რწმუნებულად მუშაობდა და უცებ ჩაუქრა თვალში სინათლე. ეს ადამიანი ახლა მარტო ცხოვრობს, თავის ტკივილები აქვს, პარასკევის ლოცვაზე მიმავალი წაიქცა და დაიმტვრა. მას სჭირდება ასისტენტი, ფიზიკურად არავინ ჰყავს, ოთხი წელია ეს იცის როგორც მუნიციპალიტეტმა, ასევე აჭარის მთავრობამ და ყველა ორგანიზაციამ, მაგრამ ვერავინ ეხმარება. რატომ ვერ მოუნახეს მას პერსონალური ასისტენტი?“ – სვამს კითხვას ჯემალ ჭელიძე.

ჯემალ ჭელიძის ინფორმაციით, პროგრამაში ჩართულია თომა კაკაბაძის ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხანია შშმ პირების უფლებებზე მუშაობს, მათაც გაუჭირდათ მუნიციპალიტეტებში ასისტენტობის მსურველების შეგროვება.

თომა კაკაბაძე

„ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“  ხელმძღვანელის რამინ მაჭარაშვილის განმარტებით საქართველოში  პერსონალური ასისტენტის სერვისი საპილოტე რეჟიმში მუნიციპალიტეტის დაფინანსებით პირველად ბათუმში დაინერგა. რასაც წინ უძღოდა რამდენიმე წლიანი ადვოკატირება ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის და სხვა ორგანიზაციების მხრიდან. მისი ინფორმაციით  ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ კადრების დეფიციტია:

„ვინაიდან ასისტენტის მომსახურება ორი ტიპისაა , რეგულარული და სპეციალიზებული მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოც სხვადასხვაგვარია. ზოგადად რომ ვთქვათ რეგულარული ასისტირება მოიცავს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო აქტივობებში დახმარებას გარდა ჰიგიენური პროცედურებისა, მაგ დაბანა, გამოცვლა და ა.შ. სპეციალური ასისტენტის შემთხვევაში სწორედ ეს ჰიგიენური კომპონენტი ემატება . ესაა ძირითადი სხვაობა ამ ორ მიმართულებას შორის. ასისტენტი ეხმარება შშმ პირს ყველაფერში რაც შეიძლება ცხოვრებაში დასჭირდეს. ეს განსაზღვრულია პერსონალური ასისტენტის სერვისის სტანდარტების დამტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებით

და კადრების პრობლემა იმიტომ არის რომ სამწუხაროდ კანდიდატები გასაუბრების დროს ხშირად უარს ამბობენ ჰიგიენური პროცედურების შესრულებაზე უხერხულობის გამო . იგივე ხდება შშმ პირების მხრიდანაც მათაც ხშირად არ უნდათ უცხო პირი მის პირად სივრცეში ასე ღრმად შეუშვან. ხშირია უკვე გადამზადებული კადრების წასვლაც სწორედ ჰიგიენური პროცედურების შესრულების ვალდებულებების გამო.“

რამინ მაჭარაშვილი

__________________________

ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).

ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: