განათლება,მთავარი,სიახლეები

ვისთვის რა იცვლება, როცა XII კლასელებს 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ

13.09.2024 •
ვისთვის რა იცვლება, როცა XII კლასელებს 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ

რას ნიშნავს მე-12 კლასში საათობრივი ბადეს ზრდა და ცვლის თუ არა რეალურად ეს სწავლის ხარისხს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს შალვა ტაბატაძეს ესაუბრა.

ტაბატაძის აზრით, საათობრივი ბადეს ცვლილება არსებითად ვერაფერს შეცვლის სწავლებაში, თუ არ მოხდება კომპლექსური ცვლილებები და არ შეიცვლება მისაღები გამოცდების სისტემა.

„ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი სისტემა გვაქვს მისაღები გამოცდების, რომელიც მთლიანად კლავს სკოლის ნდობას, განვითარებას, უნივერსიტეტების ავტონომიურობას და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს აბიტურიენტებს“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

„ჩემი აზრით და ჩემი ინფორმაციით, ის, რომ მე-12 კლასში საათობრივი ბადე გაზარდეს, უკავშირდება უფრო იმას, რომ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ნაკლები საათები აქვთ და, ამასთან, საატესტატო გამოცდების გაუქმების შემდეგ, კიდევ უფრო ნაკლები მოსწავლე ირჩევს მისაღებ გამოცდებზე, განსაკუთრებით ფიზიკაშია დაბალი შედეგები.

ამიტომ, იყო განცხადება, რომ რეაგირებას მოახდენდნენ და გააძლიერებდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას, სტემ მიმართულება უფრო ჰქონდათ იდეაში.

მეორე მიზეზი არის ის, რომ საათების ზრდა ორიენტირებულია იმ უკმაყოფილების დაბალანსებაზე, რომელიც გამოიწვია სახელფასო ანაზღაურების მიბმამ საათების რაოდენობაზე. საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ცოტა საათები აღმოაჩნდათ და ამით დააბალანსეს ეს უკმაყოფილება.

თუმცა, ეს ყველაფერი ამოვარდნილია კონტექსტიდან და საათებს ვზრდით ისე, რომ არ გვაქვს მისაღები გამოცდების რეფორმის ხედვა. ეს ყველაფერი კი წარმოდგენილი არ არის“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მისი აზრით, სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს სკოლაზე. სკოლაში მიღებულ ცოდნაზე და აქ მიღებულმა გამოცდილებამ და გამომუშავებულმა უნარებმა, აქტივიზმმა უნდა იქონიოს გავლენა უმაღლესში ჩარიცხვის დროს.

„ამით დავუბრუნებთ სკოლებს ფუნქციას, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება იქნება, მათემატიკა თუ სხვა. ამ პრობლემას უნდა ვუპასუხოთ მთლიანობაში.

უნდა ვიმსჯელოთ ჯერ სკოლის როლზე, მისაღები სისტემის მთლიანად შეცვლაზე, რომ სტუდენტები შეარჩიონ უნივერსიტეტებმა სხვადასხვა კრიტერიუმით და არა სახელმწიფომ შეურჩიოს მათ ეროვნული გამოცდებით.

მაგალითად, აშშ-ში არის მინიმალური სტანდარტი ზოგადი განათლებისთვის და ეს სტანდარტი ყველამ უნდა დააკმაყოფილოს. ვისაც აქვს მეტი ინტერესი, აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ უმაღლესი მათემატიკა, რიცხვთა თეორია, სტატისტიკა, იმ დონის საგნები, რომელიც უმაღლესში ისწავლება და ეს ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ უმაღლესი ჩასარიცხად. ეს ყველაფერი უნდა იყოს საერთო ხედვის, საერთო რეფორმის ნაწილი.

რეალური არჩევანი უნდა არსებობდეს საგანი, პროფესიების და არა ის, რომ გავზარდე საათობრივი გეგმა მე-12 კლასში. ეს ზრდაც მოხდა ხელოვნურად“, – მიიჩნევს შალვა ტაბატაძე.

მისი აზრით, ეროვნული გამოცდების სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ყველა სხვა თანმდევი პროცესი აქეთკენ უნდა იყოს მიმართული.

„ეროვნული გამოცდების სისტემა ცალსახად უნდა შეიცვალოს, რადგან დღევანდელი სისტემა არის ერთ-ერთი მუხრუჭი სასკოლო განვითარების და განათლების რეფორმირების.

ახალი სკოლის მოდელი, რომელიც რეფორმის სახით იყო შემოთავაზებული, საინტერესო კონცეპტუალური საკითხი იყო საშუალო საფეხურზე, ვეღარ წავიდა ეფექტურად სწორედ იმ მიზეზით, რომელიც დღეს გვაქვს, ეროვნული გამოცდების სახით.

ეს სისტემა კლავს სკოლის ნდობას და განვითარებას, უნივერსიტეტების ავტონომიურობას, სტრესულ მდგომარეობაში აყენებს აბიტურიენტებს. გვაქვს ალოგიკური სისტემა, რადგან კონკურსები გვაქვს და გამოცდებს ვატარებთ ისეთ ადგილებზე, სადაც კონკურსი არ არის, რადგან ფიზიკურად არ არის მსურველი. საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ ყველა, ვინც მინიმალურ ზღვარს გადალახავს კმაყოფილია, რომ უმაღლესში ჩაირიცხა. სინამდვილეში კი, თუ გავაანალიზებთ ამ გამოცდების შედეგებს, საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს.

ვფიქრობ, მთლიანად და რადიკალურად არის შესაცვლელი მისაღები სისტემაც, გამოცდების ცენტრიც, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამოცდების ჩამტარებელი უნდა იყოს და სხვა არაფერი. თავის დროზე, ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა და უნივერსიტეტებში კორუფციის  აღმოფხვრამდე უნდა ემუშავა, მაგრამ ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ და მივსტირივართ ამ სისტემას, რომ როგორ შეიძლება ამას შეველიოთ.

გადასააზრებელია ეს სისტემა, მაგრამ იმდენად ჩაჭიდებული ვართ, რომ რაღაც უნიკალური შევქმენით 20 წლის წინ, აღარ უნდა შეიცვალოს თურმე.

ტაბატაძის აზრით, საჯარო სკოლებს ვერ გააძლიერებ, თუკი მთლიანად წაართმევ მიღების სისტემაში როლს:

„საათების დამატება მე-12 კლასებში რაიმე დიდი ხედვის და რეფორმის ნაწილი რომ არ არის ფაქტია, რადგან ამას მაშინ სხვა მიმართულებითაც მოჰყვებოდა – შესაბამისი ცვლილებები და არა ისე, როგორც ახლა მოხდა, რომ შეიტანეს ცვლილებები სასწავლო ბადეში და გაზარდეს საათები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: