მთავარი,სიახლეები

საიას შეფასება კირთაძის წინააღმდეგ თავდასხმაზე – შსს-მ გამოძიება არ დაიწყო 

19.12.2022 • 1737
საიას შეფასება კირთაძის წინააღმდეგ თავდასხმაზე – შსს-მ გამოძიება არ დაიწყო 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რა რეაგირება მოჰყვა გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტს. დაიწყო თუ არ გამოძიება, როცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს და ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ქუჩაში, კამერების წინ თავს დაესხნენ? – კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში არ პასუხობენ.

გიორგი კირთაძეს დღეს, 19 დეკემბერს დაესხნენ თავს. შემთხვევიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ იგი აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ის შენობიდან ჯერ არ გამოსულა.

„ეს არის პრაქტიკა, რასაც კანონი არ სცნობს, როცა გამოძიება არ დაუწყიათ და ისე იბარებენ ადამიანს გამოკითხვაზე. გამოძიება უნდა დაწყებულიყო და გამოძიებამ უნდა დაადგინოს ფაქტები… შსს კანონს არღვევს, როცა ფაქტზე გამოძიება არ იწყება, ეს არის არაეფექტური და არასათანადო გამოძიება,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს გამოძიების დროულად დაწყებაზე, რადგან დანაშაულის ჩამდენი პირი შესაძლოა მიიმალოს. საია-ს იურისტის დაკვირვებით, თავდასხმის შემთხვევა ფიზიკური ძალადობის ნიშნებს შეიცავს.

„შესაძლო, სხვა შემადგენლობა დადგინდეს გამოძიების შედეგად. შესაძლოა დადგინდეს ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღევა, რადგან იქ გვესმოდა შეურაცხყოფაც,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე „ბათუმელებთან“.

კაცი, რომელიც გიორგი კირთაძეს თავს დაესხა

საია-ს იურისტის თქმით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა დანაშაულის ნიშნების არსებობის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანო გამოძიებას არც კი იწყებს.

„ეს არის სისტემური პრობლემა, რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა სახალხო დამცველსაც ჰქონდა რეკომენდაცია, დაწყებულიყო გამოძიება, რადგან არსებობდა კონკრეტული მუხლები დანაშაულის შემადგენლობა. შსს-ს არ აქვს უფლება, რომ გამოძიება არ დაიწყოს, როცა არსებობს სავარაუდო დანაშაულის შემთხვევა,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ.

___

მთავარი ფოტო: კაცი, რომელიც გიორგი კირთაძეს კამერების თანდასწრებით თავს დაესხა და სავარაუდოდ მიიმალა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: