მთავარი,სიახლეები

რა უნდა ქნა, როცა ინტერნეტით გამოიწერე ნივთი და არ გაგიმართლა? – ახალი კანონი

10.10.2022 • 1528
რა უნდა ქნა, როცა ინტერნეტით გამოიწერე ნივთი და არ გაგიმართლა? – ახალი კანონი

„თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა [საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება], ან გავიდეს ხელშეკრულებიდან,“ – განმარტავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ონლაინშეძენაზე, რაც ამ დრომდე საქართველოში სამართლებრივად დარეგულირებული არ იყო.

ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ უკვე 2022 წლის ივნისიდან ონლაინშესყიდვების დროს დისტანციურად ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს სავალდებულო წესით, ნოემბრიდან კი, მომხმარებელს შეუძლია ამ სახის დავებზე დარღვევის დადგენის მოთხოვნით კონკურენციის სააგენტოს მიმართოს.

საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე გვესაუბრება რამდენიმე სიახლეზე, რაც ონლაინშეძენის დროს არის კანონით განსაზღვრული. მაგალითად, საქონლის ნაკლი, რაც ხშირად ხდება დავის საგანი, მომხმარებელმა შეიძლება საქონლის მიღებიდან 6 თვეში გაასაჩივროს.

„…თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება.

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს ინფორმაცია,“ – ამბობს იურისტი პაატა დიასამიძე.

კანონი ითვალისწინებს ინფორმაციის სრულად მიღების შესაძლებლობას როგორც მოვაჭრის შესახებ, ისე საქონლის და მომსახურების ფასის შესახებ ტრანსპორტირების, ნივთის გადაგზავნის და მონტაჟის ჩათვლით.

ახალი კანონი ითვალისწინებს საქონლის მიწოდების დროის ლიმიტსაც:

„მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

ონლაინხელშეკრულებაზე უარის თქმაც არის შესაძლებელი მისი გაფორმებიდან 14 დღეში „ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე“.

იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ კანონი დისტანციური ხელშეკრულების შემთხვევაშიც ითვალისწინებს სტანდარტული პირობების გასაგებ ენაზე ჩამოყალიბებას:

„ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი არსებობისა, ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების გაუმართლებელ დისბალანსს მომხმარებლის საზიანოდ, მათ შორის, მისი ბუნდოვანების გამო,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

მნიშვნელოვანია, რომ უკმაყოფილო მომხმარებელს შეუძლია კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, რომელიც განიხილავს ხელშეკრულებით, მათ შორის, დისტანციური ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების დარღვევას მიმართვიდან ერთ თვეში. ეს ვადა შესაძლოა 3 თვემდე გაგრძელდეს. საია-ს იურისტი განმარტავს, რომ სააგენტოს აქვს რეკომენდაციის გაცემასთან ერთად, მოვაჭრისთვის ჯარიმის დაკისრების უფლებამოსილება, ზიანის ანაზღაურების შემთხვევებს კი, ისევ სასამართლო განიხილავს.

„სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, პაატა დიასამიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: