მთავარი,სიახლეები

ერთხელ მანქანაც დამეჯახა, მაგრამ გადავრჩი – 94 წლის ექთანი ბათუმიდან

02.05.2023 • 5374
ერთხელ მანქანაც დამეჯახა, მაგრამ გადავრჩი – 94 წლის ექთანი ბათუმიდან

„მუდამ შრომაში ვარ. სახლში შრომა, სამსახურში შრომა, ვისაც უჭირს, მუდამ მის გვერდით ვარ. მუხლის ჩახრა არ მიყვარს. უნდა ვიდგე და უნდა ვაკეთო კარგი საქმე,“ – ასე იწყებს 94 წლის ნაზი ანაკიძე საკუთარ თავსა და საქმიანობაზე საუბარს.

ნაზი ექთანს სამედიცინო ცენტრ „სანიტასში“ შევხვდით. მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, დილიდან დატვირთული.

„ექიმობაზე ვოცნებობდი, მინდოდა თერაპევტი გამოვსულიყავი, მაგრამ დავქორწინდი და სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი,“ – გვეუბნება და საკუთარი ისტორიის მოყოლას გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყებს.

1929 წელს აბაშაში, სოფელ მარანში დაიბადა. მეშვიდე კლასამდე იქ ცხოვრობდა. მისი ოჯახი ბათუმში საცხოვრებლად მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს გადმოვიდა. რკინიგზის სკოლა დაამთავრა და 1946 წელს საფერშლო-სამედიცინო ტექნიკუმში დაიწყო სწავლა.

„ჩემი ერთადერთი ოცნება იყო, რომ უმაღლესი დამემთავრებინა. მე ბიზნესის კეთება ან რამე მსგავსი არასდროს მაინტერესებდა. ისეთი პერიოდიდან მოვდივარ, რომ ჩვენ კმაყოფილი ვიყავით ხელფასით და ჩვენი ცხოვრებით.

ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობდი. სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრება დაწყებით საფეხურად მინდოდა, რომ მერე სამედიცინოზე სწავლა შემძლებოდა. მაგრამ დავქორწინდი და ვეღარ შევძელი სწავლის გაგრძელება,“ – გვიყვება ნაზი ანაკიძე.

მისი კარიერა ქედაში, რაიონულ საავადმყოფოში დაიწყო.

„დიდად კი არ მინდოდა, მაგრამ მაშინ რაიონში განაწილებდნენ და ვალდებული იყავი, ორი წელი გემუშავა“, – ამბობს ნაზი.

მოგვიანებით ბათუმში დაბრუნდა და 50-ზე მეტი წელი ექთნად მუშაობდა კანისა და ვენერული დაავადებების დისპანსერში.

„პენსიაზე როცა გავედი, მაშინაც კი არ მიფიქრია სამსახურისთვის თავის დანებება. ვფიქრობ, ცოტა ზარმაცი უნდა იყო, რომ სახლში ჯდომა მოგინდეს. თან ძნელია ისე ცხოვრება.

94 წლის ვარ და მეც მიკვირს, როგორ ვმუშაობ დღემდე. რა თქმა უნდა, ცოტა ძნელია, მაგრამ პირობები არ იძლევა იმას, რომ მარტო პენსიაზე იყო.

ახლა ბეჟან იაკობაძის კლინიკაში ვმუშაობ. შვილივით მიდგას გვერდში. შვილს რაც უნდა ეკეთებინა, ის მიკეთებს და მეხმარება. ვჭირდები ბატონ ბეჟანს, თორემ ახლა მე სახლში უნდა ვიყო,“ – ამბობს ნაზი.

„ერთი შვილი მყავდა. ცოტა რთული პერიოდი იყო მაშინ, თავს იკავებდნენ მეორე შვილის გაჩენისგან. აი, ამ პერიოდში მოვყევი მე და აღარ გავაჩინე მეორე შვილი.

მინდოდა, ჩემი ერთადერთი შვილი ყოფილიყო ნასწავლი და პატიოსანი. პატიოსნება ეს პირველი იყო ჩვენი ოჯახისთვის და სწავლა. ნასწავლი ადამიანები სხვანაირი კეთილები არიან, რომ იცოდეთ.

ადამიანისთვის მთავარია ცოდნა და პატიოსნება. კიდევ ქვეყანა უნდა უყვარდეს. ადამიანს თავისი ქვეყანა თუ არ უყვარს, ეს ძალიან ძნელია. უნდა გიყვარდეს შენ სადაც დაიბადე, გაიზარდე და ცხოვრობ.

შვილისთვის არაფერი დამიკლია. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა თბილისში, მაგრამ დღეს აღარ მყავს. 62 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა.

ჩემი მეუღლე, ზურაბ კაკაბაძე იყო კინო „თბილისის“ დირექტორი.

1982 წელს დაიღუპა. ახალგაზრდა წავიდა.

ასე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრებულია უკვე, რომ არ ვმუშაობდე. ჩემთვის სამსახური არის მაცოცხლებელი. მუშაობა მიყვარს ძალიან.

თავისუფალ დროს არაფრით არ მოვინდომებ ჯდომას და დასვენებას. არ შემიძლია, უსაქმოდ არ შემიძლია.

მარტო დარჩენა ძალიან ძნელია, ძალიან ძნელი. შვილიშვილთან ვცხოვრობ და შვილთაშვილსაც მოვესწარი,“ – გვიყვება ნაზი.

ამბობს, რომ როდესაც ქმარი გარდაეცვალა, ცხოვრების ხალისი წაერთვა. ამიტომ მთელი ძალა და ენერგია თავის სამსახურში ჩადო.

„თავიდან ძალიან გამიჭირდა. მერე მთლიანად მუშაობაზე გადავერთე. ძალიან ჭკვიან ექიმებთან ვმუშაობდი, შესანიშნავ ექიმებთან.

თან ადამიანები მიყვარს. მიყვარს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის,“ – ამბობს ნაზი ანაკიძე.

ადამიანებისა და საქმის სიყვარულია ალბათ, რაც ყოველ დილით სამსახურში მოსვლის ძალას მაძლევსო, იმასაც ამბობს.

„დიდი მომთხოვნი ადამიანი არ ვიყავი არც ახალგაზრდობაში და არც ახლა. გაჭირვებასაც ვეგუები, მაგრამ ეს მაღალი სახლები რომაა, ეს მანერვიულებს. მიწისძვრა რომ იყოს, ისეთივე კატასტროფა შეიძლება მოხდეს, როგორც თურქეთში.

ბათუმი იმ დროიდან მახსოვს, როცა იტალიურ ეზოებში ჯერ კიდევ ცისტერნებით შემოდიოდნენ და კანალიზაციას ისე ცლიდნენ.

მშვიდი და წყნარი ქალაქი იყო ყოველთვის. მიხაროდა აქ ცხოვრება.

ახლა ქუჩაში ვერ გაივლი. ადამიანებზე მეტი მანქანაა. ასაკოვანი ადამიანისთვის რთულია ამ ქალაქში მოძრაობა. ერთხელ მანქანაც დამეჯახა, მაგრამ გადავრჩი. რაც არ მომწონს ბათუმში, ეს მშენებლობებია. საშინელებაა. არ უნდა ყოფილიყო ამსიმაღლე სახლები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: