მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ ფუჭდება სიბრძნის კბილები მალე – ექიმის რჩევები

01.03.2023 • 3987
რატომ ფუჭდება სიბრძნის კბილები მალე – ექიმის რჩევები

სიბრძნის კბილები ბოლო კბილებია, რომლებიც პირის ღრუში, უკან ამოიჭრება. როგორც წესი, ადამიანს ოთხი სიბრძნის კბილი აქვს – ორი ზევით, ორი – ქვევით. მათი შენარჩუნება ხშირად გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. კლინიკა „როგოს“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს სიბრძნის კბილების თავისებურებებსა და მათ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ გართულებებზე.

  • ბატონო თენგიზ, რა არის სიბრძნის კბილი და როგორია მისი ამოჭრის ვადები?

სიბრძნის კბილი [იგივე მერვე კბილი] სტრუქტურითა და შემადგენლობით ჩვეულებრივი კბილია, უბრალოდ ამოდის შედარებით უფრო გვიან ასაკში, სადღაც 12-14 წლიდან იწყება ამ კბილის ფორმირება და ამოჭრა.

ამოჭრის ვადა ინდივიდუალურია. საშუალოდ ეს ხდება 18-19 წლიდან 22-23 წლამდე ასაკში. თუ სიბრძნის კბილს საშუალება აქვს, ანუ არის ამოსასვლელად შესაბამისი სივრცე, ამ შუალედში ბოლომდე ამოდის. თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ კბილს არ ჰყოფნის ამოსასვლელი სივრცე, იჭედება, ვერ ამოდის და ვითარდება ქვევით.

არიან პაციენტები, რომელთაც 16-18 წლის ასაკში ოთხივე მერვე კბილი ამოსული, დასრულებული და ფორმირებული აქვთ. ზოგადად, დაახლოებით 18-19 წლის ასაკში უფრო აქტიურად ამოიჭრება ხოლმე ეს კბილები. ბოლო კლასიფიკაციით ასეა, ადრე სხვა ვადები იყო, მაგალითად, 25 წლამდე. ცოტა გადმოიწია, მაგრამ მაინც ინდივიდუალურია.

  • გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ეს კბილები ჩვეულებრივ კბილებზე სუსტია და მალე ფუჭდება. რამდენად რეალურია ეს?

სიბრძნის კბილი აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტრუქტურის, ჩვეულებრივი ემალის მქონე კბილია. მალე იმიტომ ფუჭდება, რომ ძალიან უკან მდებარეობს, რის გამოც ტექნიკურად შეუძლებელია კბილის სრულფასოვნად გაწმენდა.

როცა კბილი ნახევრად არის ამოჭრილი, იმ ნახევრის გასუფთავება ხდება, დანარჩენი ნახევრის, რომელიც ღრძილში ჩაფლულია – ვერა, მალე ჩნდება კარიესი და ამიტომ ფუჭდება მალე ეს კბილი, თორემ შემადგენლობითა და სტრუქტურით სხვა კბილების მსგავსი, ჩვეულებრივი კბილია.

  • ანუ სიბრძნის კბილს თავისი ფუნქცია აქვს?

თუ კბილს გარშემოწერილობაში საჭირო ადგილი აქვს, არც უნდა ამოვიღოთ, უნდა გვქონდეს, ის ზედმეტი არ არის.

მაგრამ ევოლუციის შედეგად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, პირის ღრუში აღარ არის მის ამოსასვლელად საჭირო ადგილი, ამიტომ ხშირად ორთოდონტები აძლევენ რეკომენდაციას პაციენტებს, რომ კბილთა მწკრივი ანუ თანკბილვა რომ არ დაირღვეს, წინასწარ, ნახევრად ჩანასახოვან პერიოდში ამოიღონ.

საქმე ის არის, რომ თუ ადგილი არ არის და კბილი ვერ ამოდის, ეს ქმნის პრობლემებს იმ კუთხით, რომ გაიჭედება, პაციენტს ექნება შეშუპება, დაარღვევს თანკბილვას და ა.შ.

  • რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის, რომ სიბრძნის კბილმა პრობლემები არ შექმნას?

ზრდასრულ ასაკში, 12-და 14 წლამდე, როცა უკვე ფორმირებულია მუდმივი კბილები, მუდმივი თანკბილვა, აი, მაშინ უნდა გადამოწმდეს, ასევე ცოტა მოგვიანებით – 16-18 წლის ასაკშიც. იმიტომ, რომ სიბრძნის კბილი შეიძლება ვერ ამოვიდეს, გაიჭედოს და შექმნას პრობლემები.

კერძოდ, შესაძლოა ამ კბილის ირგვლივ წარმოიქმნას კისტა, განვითარდეს ქვედა ყბის ნერვთან ძალიან ახლოს და გაართულოს კბილის ამოღება. ანუ წინასწარ დიაგნოსტირების გარეშე სიბრძნის კბილს შეუძლია რიგი პრობლემების შექმნა.

  • სიბრძნის კბილის ჯანმრთელად შესანარჩუნებლად რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ ჰიგიენაში?

სამწუხაროდ, ეს პაციენტზე არ არის დამოკიდებული.

თუ კბილი სრულფასოვნად ამოჭრილი არ არის, ვერანაირად ვერ მოუვლით და ვერ გაიწმენდთ სრულფასოვნად.

საქმე ის არის, რომ რადგან ეს კბილი ძალიან უკან მდებარეობს, არ ხდება მისი არც მექანიკური წმენდა. ზოგადად, კბილების მექანიკური წმენდა ხდება ღეჭვის დროს, მაგარი საკვების მიღებისას, მაგრამ მე-8 კბილებზე ეს ვერ ხდება. ამ შემთხვევაში იწმინდება ჯაგრისით, მაგრამ ისიც ვერ სწვდება სათანადოდ, რადგან ამ კბილის ნახევარი არის ღრძილში დაფარული.

როგორც არ უნდა შეეცადოს პაციენტი, გამორიცხულია, რომ ნახევრად ამოჭრილ მერვე კბილს მოუაროს ისე, რომ იმ ნახევარში არ გაჩნდეს კარიერი, დააზღვიოს და ჰქონდეს მთელი ცხოვრება. ამიტომ, თუ არის ასეთი ჩვენება, რომ სიბრძნის კბილი ნახევრად ამოჭრილია და ვერ ამოდის, ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ წინასწარ, გეგმურად მოხდეს ამ კბილების ამოღება, რომ თავი დავიცვათ იმ გართულებებისგან, რაც შეიძლება მერვე კბილმა გამოიწვიოს.

  • როგორ ხდება დიაგნოსტირება, ამოსაღებია თუ არა სიბრძნის კბილი?
პაციენტები ხშირად გვეკითხებიან, უნდა ამოვიღოთ თუ არა ეს კბილები. დიაგნოსტირებისა და ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე უნდა ამოვიღოთ ეს კბილები ან დავტოვოთ, ისე პასუხს ვერ გასცემ ამ კითხვაზე. „ეს სიბრძნის კბილებია, მაინც არაფერში გვჭირდება და უნდა ამოვიღოთ“ – ეს ასე არ არის.
  • განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ამ კბილის ამოღება?

თუ კბილი ჩვეულებრივად ამოჭრილია და რკალში მდებარეობს – ძალიან მარტივია. თუმცა აქვე დავამატებ, რომ მერვე კბილის ანატომიურად ანუ სტანდარტული ფესვების აგებულება და თანწყობა არ აქვს, როგორც სხვებს; ამიტომ საჭიროა ტომოგრაფია, ანუ 3D რენტგენოლოგიური კვლევა, რომ შევაფასოთ კბილის ფესვების მდგომარეობა.

ხშირ შემთხვევაში სიბრძნის კბილს აქვს ერთი და მოკლე პატარა ფესვი ან ორი – დაყოფილი, სამი, ოთხი ფესვიც. უნდა შეფასდეს ეს ფესვები, როგორ მდებარეობს, ხშირად ნერვთან ახლოს, ყბაში ანუ წინა კბილებთან შემოდის ხოლმე, მოხრილი ფესვები ახასიათებს და ამის გათვალისწინებით ვადგენთ წინასწარ  სირთულეს.

ისე არ არის, რომ ეს მერვე კბილია და ყველა შემთხვევაში რთული იქნება ამოღება. შესაძლოა იყოს ძალიან მარტივიც. საქმე ის არის, რომ მას არ გააჩნია ისეთი სტანდარტული ანატომიური აგებულება, როგორც, მაგალითად, წინა კბილს – მას 99% შემთხვევაში აქვს 1 ფესვი, მაგრამ მე-8 კბილის შემთხვევაში საჭიროა წინასწარ დიაგნოსტირება.

  • რამდენად გამართლებულია სიბრძნის კბილების დაბჟენა?

აბსოლუტურად გამართლებულია. თუ კბილი ფუნქციურია, რკალში დგას და ზედა თანმხვედრი კბილი აქვს, ჩვეულებრივად შეიძლება ამ კბილის მკურნალობა, დაბჟენა, გვირგვინის გადაკვრა, ანუ შეცვლა და მისი უძრავ ხიდში ჩართვა. ეს ჩვეულებრივი კბილია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: