თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა. მან ის პროვინციებიც კი წააგო, სადაც ტრადიციულად არჩევნებს იგებდა.
რატომ დაკარგა ამომრჩევლის ნდობა თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის პარტიამ და რა იცვლება მეზობელ სახელმწიფოში? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლის.
- ბატონო ქამრან, რას აჩვენებს თქვენთვის არჩევნების წინასწარი შედეგები თურქეთში: ოპოზიცია ლიდერობს, ერდოღანმა დამარცხება აღიარა…
ეს მართლა შოკი აღმოჩნდა.
კვლევებით ვიცოდით, რომ ოპოზიცია რაღაც პროვინციებს წაიღებდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ელოდნენ ერდოღანის პარტიის გამარჯვებას.
წინა არჩევნებზე ოპოზიციამ მოიგო ანკარა, იზმირი, დიდი ქალაქები წაიღო, თუმცა ქვეყნის მასშტაბით მაინც AKP [ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის”] ლიდერობდა. წუხელ, დაახლოებით 2 საათზე ერდოღანი გამოვიდა თავისი ტრადიციული სიტყვით, თუმცა მან ეს გამოსვლა დააგვიანა – გამარჯვების შემთხვევაში ის ადრე გამოდის და სამომავლო გეგმებზე საუბრობს ხოლმე ამომრჩეველთან. ის გამოვიდა და ჩანდა, რომ აღიარა მარცხი.
ყველაზე მთავარი ფაქტორი არის ეკონომიკა, რადგან თურქეთის მოსახლეობა ძალიან გაღარიბდა. ის პოლიტიკური რეფორმები, რასაც ბოლო 2 – 3 წელი ატარებს ერდოღანი და მისი მმართველი გუნდი, ეფექტური არ არის – მოსახლეობა ყოველდღიურად ღარიბდება. ძირითადად ამის გამო იყო განაწყენებული თურქეთის მოსახლეობა.
ისლამისტური პარტიები და ამომრჩეველი აპროტესტებს ასევე იმას, რომ ღაზაში ომი მიმდინარეობს, თურქეთი კი, განაგრძობს თანამშრომლობას ისრაელთან. ამაზე იყო განაწყენებული ისლამისტური ამომრჩეველი. „კეთილდღეობის პარტიას“ თუ შარშან ამ დროს 1 % ჰქონდა, ახლა უკვე 6 % მიიღო. ერდოღანის ხმები შესაბამისად ამათთან წავიდა.
- რას სთავაზობს ეს პარტია ამომრჩეველს?
ეს პარტია ერდოღანის პარტიის „კოპი პეისტია“, თუმცა უფრო რადიკალური.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მათ მიმართეს ერდოღანს და უთხრეს, რომ თუ გინდა ჩვენი ხმები დედაქალაქსა და სხვა პროვინციებში, სამი პირობის შესრულებაა საჭირო: ნატოს ბაზის დახურვა, პენსიის აწევა 20 ათას ლირამდე და ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტა. ერთ დღეში ხომ წარმოუდგენელია ამის შეწყვეტა. ასევე ნატოს ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი რადარია რეგიონში…
- აჩვენებს თუ არა ეს იმას, რომ პოლიტიკური ისლამი თურქეთში დასუსტდა?
მაინცა და მაინც არავინ უნდა იფიქროს, რომ პოლიტიკური ისლამი დასუსტდა და ქემალისტური იდეები წინ წავიდა. ეს ასე არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც განაწყენებული იყო ერდოღანზე, იგივე ყაიდის პარტიას მისცა ხმა.
საყურადღებო უფრო არის ეკონომიკა და ამით ერდოღანზე განაწყენებული ამომრჩევლები. მშიერი კუჭი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა პრობლემები.
- ეკონომიკამ წააგებინა ერდოღანს ეს არჩევნები?
კი, ასეა. თუ ერდოღანმა შეძლო 2028 წლამდე ამ პრობლემების დალაგება და ეკონომიკური აღორძინება, მას ასევე სჭირდება ვინმე შემცვლელი, მაგასაც თუ შეარჩევს და მოსახლეობას აჩვენებს შესაბამის კანდიდატურას, შეიძლება ისევ გაიმარჯვოს. არც ესაა გამორიცხული.
- ახლა რატომ აღარ სცადა ერდოღანმა 2019 წლის სცენარის განმეორება? ჰქონდა მას გათვლა გარე აუდიტორიაზე, რომ ერდოღანი დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს?
დიახ, ერდოღანს სურს აჩვენოს, რომ მიუხედავად იმისა, თქვენ დიქტატორს და ტერორისტს მიწოდებთ, მე ვარ დემოკრატიული ლიდერი, დემოკრატიულად მოვედი ხელისუფლებაში და, შესაბამისად, თუ დემოკრატიულად წავაგებ, დავთმობ მნიშვნელოვან არჩევნებსაც კი.
- რატომ უღირს ეს?
ამ შემთხვევაში მას სხვა გამოსავალი არც ჰქონდა, რადგან, მაგალითად, 30 %-იან სხვაობას ანკარაში ვერანაირად ვეღარ დააბრუნებს. 1-2 % რომ ყოფილიყო სხვაობა, როგორც ეს სტამბოლის შემთხვევაში მოხდა მაშინ, შეიძლებოდა კიდევ. ერდოღანი ხვდება, რომ ყველაფერი მაინც მოქმედებს მის რეიტინგზე და შესაძლოა, ყველაფერი დაკარგოს.
ველოდებოდი, როგორც ეს 2019 წელს მოხდა, რომ რამდენიმე ქალაქში პროვოკაცია მაინც იქნებოდა, მაგრამ არა, მან აღიარა, არჩევნები წავაგეთო, ეს არის ამომრჩევლის მხრიდან კონკრეტული სიგნალი, რომ ჩვენ დავიწყოთ მუშაობა ამა თუ იმ საკითხზე და შევცვალოთ სტრატეგიაო.
- ერდოღანმა წუხელ ასევე თქვა, რომ „ეს დასასრული კი არა, გარდამტეხი წერტილია“. თქვენი დაკვირვებით, რა გარდატეხისთვის ემზადება პრეზიდენტი ერდოღანი?
ჯერ ვერ ვიტყვით ამას, უნდა დაველოდოთ. უახლოეს დღეებში ალბათ უფრო გაირკვევა, რას გეგმავს ერდოღანი და მისი უახლოესი მოკავშირე. მათ რაღაც პროვინციები წაიღეს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვთ.
ამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო რეფერენდუმზე მუშაობის დაწყება და კონსტიტუციის შეცვლა. კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა ახლაც არსებობს, რადგან პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, თუმცა ამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სხვა რეპუტაციით გამოვიდოდა ეს. ახლა, როცა მარცხი განიცადა, ერდოღანი დიდ გულზე ვეღარ არის.
საკონსტიტუციო ცვლილებები ახლა აღარ, თუმცა შესაძლებელია 2025 და 2026 წლებში მაინც მოხდეს. ახლა კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება.
მხოლოდ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში შეუძლია ერდოღანს ისევ იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. ამის შესახებ გაცხადებული პოზიცია ერდოღანის პარტიას არ ჰქონია, თუმცა კულუარებში ეს განიხილებოდა. ახლა ვადამდელი არჩევნები ოპოზიციას უფრო აწყობს, გამარჯვების ამ ტალღაზე.
- დიდი ქალაქები რა როლს თამაშობენ ამ „გარდატეხაში“, სადაც ოპოზიცია ინარჩუნებს ამომრჩეველს?
დიდ ქალაქებში კვლევებითაც მოსალოდნელი იყო ოპოზიციის კარგი მაჩვენებელი, თუმცა სხვაობა იყო 2, 3 – 5 %, ანკარის მერმა კი, ერდოღანის კანდიდატი მიწასთან გაასწორა უბრალოდ – 30%-ია სხვაობა.
იზმირი ტრადიციულად არის ოპოზიციონერების და ქემალისტების ციხე-სიმაგრე. ამ ქალაქში რელიგიური ფუნდამენტალისტების და ამ ტიპის ადამიანების არჩევნებში წარმატება ნაკლებად იყო მოსალოდნელი.
ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, იყო სტამბული… უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი პარტიის ამომრჩეველმა, რადგანაც ეს არჩევნები იყო პრინციპული და მნიშვნელოვანი, თავის პარტიას არ მისცა ხმა და ხმა მისცა ექრემ იმამოღლუს. დაახლოებით 51 % აიღო მან და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. ასე თუ გააგრძელა, 2028 წელს იმამოღლუ სავარაუდოდ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.
- ოპოზიციის სტრატეგია რა იყო – მხოლოდ ეკონომიკურმა ფაქტორმა მოუტანა ოპოზიციას წარმატება, თუ იყო სხვა გარემოება?
ადგილობრივ არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკრეტული ლიდერები. შეიძლება, საპარლამენტო არჩევნების დროს ადამიანებმა არ იცოდნენ, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ისინი ხმას აძლევენ კონკრეტულ პარტიას და ამ პარტიის მიმართ აქვთ სიმპათია.
ადგილობრივ არჩევნებზე კი, როგორც ჩვენთან, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ლიდერების როლი. ასეთი აღმოჩნდა ექრემ იმამოღლუ, ჰათაის პროვინციის მერი, სტამბულის დედაქალაქის მერი… შეიძლება, ვიღაც ოპოზიციურ პარტიას არ აძლევდეს ხმას, გადაღლილი იყოს ამდენი შიდა არეულობით, ქიშპობით, მაგრამ იმამოღლუს პერსონა მისთვის არის მისაღები. იმამოღლუს ერდოღანის მმართველობის განაწყენებულმა მორწმუნეებმაც კი მისცეს ხმა.
ოპოზიციამ კარგად დაინახა შეცდომები წინა არჩევნებზე და კარგად შეასრულა „საშინაო დავალება“, იმსჯელეს და მიხვდნენ, რომ პერსონები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქილიჩდაროღლუ [პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი], მაგალითად, ვერ აღმოჩნდა ასეთი ლიდერი, რომელიც ამ ძალებს გააერთიანებდა.
- ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთში დემოკრატიული ძალები გააქტიურდებიან?
პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნა უფრო იმიტომ, რომ ერდოღანმა დაკარგა თავისი პოზიციები. ეს ვაკუუმი ახლა შეივსო სხვა პარტიებით.
რა თქმა უნდა, „ეკონომისტი“ და ასეთი ჟურნალები ალბათ დაწერენ, რომ თურქეთი დემოკრატიისკენ მიდის, მაგრამ ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება.
ასეთ ქვეყანაში, როგორიც თურქეთია, რომელიც არ არის დასავლური ტიპის დემოკრატია და უფრო ჰიბრიდული რეჟიმია, ოპოზიციური პარტიების და ლიდერების გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს მიუთითებს იმაზეც, რომ არ არის ავტორიტარიზმი და დიქტატურა, როგორც მას უწოდებენ ხოლმე. თურქეთში არის დემოკრატია თავისი ბნელი მომენტებით.