დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე საქორწინო გვირგვინებს ამზადებს დედოფლებისთვის მაღაზიაში, სამსახურის დასრულების შემდეგ კი შინ ბრუნდება, მიუჯდება ქსოვილების, ძაფების გროვას და თოჯინას კერავს – ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირს, სხვადასხვა ხასიათის, გარეგნობის, სხვადასხვანაირ პერსონაჟებს.
„ვერ ვისვენებ, როცა შინ დაუმთავრებელი თოჯინა მელოდება. ერთი სული მაქვს მივიდე სახლამდე და მისი ხასიათი გამოვძერწო. ჩემი მიზანი არ არის ლამაზი თოჯინების კეთება. იყვნენ უშნოები, მაგრამ ჰქონდეთ ხასიათი. „რა საყვარელია!“ მინდა ასე აღმოხდეთ ადამიანებს ჩემი გმირების დანახვისას,“ – ამბობს ნინო ტოგონიძე, რომელმაც თოჯინების კეთება ერთი წლის წინ დაიწყო.
ყველაფრით მუშაობს ერთდროულად: ქსოვილებით, სილიკონით, პლასტილინით, თიხით, თექით.
შვილები რომ დაქორწინდნენ და სახლიდან წავიდნენ, ნინო შინ მარტო დარჩა მეუღლესთან ერთად და ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც ფიქრობს, რა განწყობებსაც ატარებს, სურს ახლა უკვე თოჯინებში ჩადოს.
40 წლამდე მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ქსოვდა სუფრებს, დივნებისა თუ სავარძლების გადასაფარებლებს.
50 წლისას პირველი შვილიშვილი გაუჩნდა და გადაწყვიტა, რომ ჩვილისთვის პირველი თოჯინა საკუთარი ხელით დაემზადებინა. მაშინ ჯერ კიდევ არ კერავდა და თოჯინა „მოქსოვა“.
მერე ნელ-ნელა აღმოაჩინა, რომ ქსოვილით უფრო შეეძლო ეჩვენებინა სახეზე განწყობა და მასალები შეცვალა. ნელ-ნელა მიხვდა, რომ მჯდომარე თოჯინებთან ერთად ისეთი პერსონაჟების კეთებაც მოუნდა, რომლებიც ფეხზე დგომას შეძლებდნენ და მავთულები ჩართო საქმეში.
ახლა ძირითადად სპეციალური თიხისგან ძერწავს სახეებს:
„ვიპოვე თიხა, რომელიც არ სკდება და სრულად გემორჩილება პატარა დეტალების ძერწვის დროსაც. თუმცა, ცხადია, ამას ხელის გაწაფვა სჭირდება და ჯერ კიდევ ტექნიკის დახვეწის პროცესში ვარ. ვერ ვიტყვი დავხელოვნდი. 10 წელი მაინც უნდა აკეთო ერთი და იგივე საქმე, ეს რომ თქვა. მე კი მხოლოდ ექვსი თვეა, რაც თიხაზე ვმუშაობ.
არასდროს შემიხედავს ამ საქმისთვის, როგორც ბიზნესისთვის, მაგრამ ტევა აღარ იყო სახლში თოჯინების და ინსტაგრამგვერდი გავაკეთე. ზოგს მაღაზიაშიც ვაბარებ, რასაც შინ ვერ ვატევ“, – ამბობს მეთოჯინე.
სახელებს არ არქმევს თოჯინებს, მაგრამ თიხის და ნაჭრის კაცუნები, ბებოები, ბაბუები და გოგო-ბიჭები გამომეტყველებით განიშნებენ, ვინ არიან და როგორები არიან.
ნინო ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თოჯინების შექმნისას მასალების შერჩევაა. დადის და საგულდაგულოდ ეძებს უცნაურ ქსოვილს. თავიდან მომცრო, მინიატიურული საკერავი მანქანით მუშაობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, მაგრამ მაინც არ ეშვებოდა საქმეს. იხსენებს, რომ ბევრი ქსოვილი დაუხარჯავს და გაუფუჭებია, მაგრამ ამაზე არასდროს დარდობდა, ცდილობდა და ცდილობდა ყოველ ჯერზე თავიდან:
„ქირით ვცხოვრობთ, მე და ჩემს მეუღლეს ჩვენი სახლი არ გვაქვს და ესაა ჩემი დიდი პრობლემა, თორემ საკუთარი სახლი რომ მქონდეს, მექნებოდა დიდი, ძველებური ხის კარადა, შევღებავდი შაბიამნისფრად და ჩემს თოჯინებს ჩამოვსვამდი ყველგან. მოვაწყობდი თოჯინების მუზეუმს შინ და არც ერთ თოჯინას არსად არ გავუშვებდი.
მუზეუმს ოდესმე აუცილებლად გავაკეთებ. მაქვს პერსონაჟების ერთი სერია, რომელსაც ვერასდროს გავყიდდი, ვერანაირ ფასად. ისინიც ამ მუზეუმში დაიდებდნენ ბინას.
ბოლო დროს დავიწყე ფიქრი იმაზეც, რომ გავაკეთებდი მასტერკლასებსაც – ბავშვებთან, ზრდასრულებთანაც, ვასწავლიდი მსურველებს რაც ვიცი ყველაფერს, მეც გავიზრდებოდი მათთან ერთად, იქნებ რაიმე იდეები მოეწოდებინათ, შენიშვნები მოეცათ, რაზეც დავფიქრდებოდი. მექნებოდა ერთი დიდი, ლამაზი ოთახი, სადაც დიდებთან და ბავშვებთან ერთად ვიფუსფუსებდი“, – გვიყვება ნინო სამომავლო გეგმებზე.
კვირაში ექვსი დღე მუშაობს და მხოლოდ ერთი თავისუფალი დღე აქვს. ამ დღესაც ქსოვილების შერჩევას ანდომებს. არ მრჩება დრო სოციალურ ქსელებში გვერდები გავაკეთო, ვმართო და ნამუშევრების გაყიდვაზე ვიფიქროო, გვეუბნება:
„მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ ქსოვს, კერავს თიხას ძერწავს და მუშაობს. არ ვარ ქსელებში გარკვეული და არც ვიცი ეს საქმე. ვინმე რომ მასწავლიდეს, როგორ ვაქციო ჩემი საქმე მცირე ბიზნესად, ვისწავლიდი, რადგან ბევრი ნამუშევარი მაქვს და ვფიქრობ, სამომავლოდ დამჭირდება ამ უნარის გამომუშავება.
სად ცხადდება საპროექტო დაფინანსებები, როდის და რომელ ორგანიზაციებში, ესეც არასდროს მიძებნია. ტელეფონის უხეირო კამერითაც არ გამომდის ჩემი პერსონაჟების ხარისხიანად გადაღება, რომ სადმე დავდო“.
შეუძლებელია ნინოს თოჯინები დაათვალიერო და რომელიმე მაინც არ მიამსგავსო ნაცნობს, მეგობარს. როცა ვინმეს თოჯინა მიაქვს ნინოსგან, ასეთი რიტუალი აქვს: „ერთი წამით, დავემშვიდობები რა…“ – ეტყვის მყიდველს და თოჯინას იხუტებს რამდენიმე წამით, მერე ლოყაზე კოცნის და უშვებს ახალ პატრონთან.