მთავარი,სიახლეები

როდის ერგება ქონება არარეგისტრირებულ ცოლს? – უზენაესი სასამართლოს განმარტება

11.03.2024 •
როდის ერგება ქონება არარეგისტრირებულ ცოლს? – უზენაესი სასამართლოს განმარტება

რა შემთხვევაში შეიძლება ერგოს არარეგისტრირებულ მეუღლეს ქონება? – „ბათუმელები“ ბათუმში მცხოვრებ 83 წლის „ციალა პერტიას საქმეზე“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნო.

„წინამდებარე საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ 1985 წლიდან 2014 წლამდე მოსარჩელე მამკვიდრებელთან, მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში. არავის სადავოდ არ გაუხდია, რომ იგი მამკვიდრებელთან 29 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას მასთან ერთად ეწეოდა.

შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მამკვიდრებელთან თანაცხოვრება მას ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის უფლებას არ ანიჭებს…

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოსარჩელის/კასატორის სადავო უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ციალა პერტია 29 წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის მემკვიდრეობით გადაცემას ითხოვდა. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყოლია. ციალა პერტიას მოდავე გარდაცვლილი ქმრის დისშვილი იყო, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბინა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს ციალა პერტია.

იმის გამო, რომ ქორწინება რეგისტრირებული არ იყო, ციალა პერტიას სარჩელი არ დააკმაყოფილეს ბათუმის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა. უზენაესმა სასამართლომ კი, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ბინის ნახევარი ციალა პერტიას ეკუთვნის.

ამავდროულად, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ „არ არსებობს გარდაცვლილი არარეგისტრირებული მეუღლის მემკვიდრედ კასატორის ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.“

გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა – ნინო ბაქაქურმა, ზურაბ ძლიერაშვილმა და ეკატერინე გასიტაშვილმა მიიღეს. „ციალა პერტიას საქმეზე“ იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომაც – 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ციალა პერტიას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკონსტიტუციოში ციალა პერტია „სამოქალაქო კოდექსის“ იმ მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სამართლებრივ ჩანაწერს არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა, პარლამენტს კანონი უნდა შეეცვალა. ეს ნიშნავს იმას, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „ციალა პერტიას საქმეზე“ შეიძლება სხვა შემთხვევებზე ვერ გავრცელდეს.

უზენაესი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს ევროსასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მიდგომაზე: „ქორწინება გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს, ოჯახური ცხოვრების არსებობა-არარსებობის საკითხი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მჭიდრო პირადი ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტზე.

ოჯახური ურთიერთობის ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და შეიძლება მოიცავდეს სხვა დე ფაქტო ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე“.

უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოში მანამდე მიღებულ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც ქონების განაწილებას ეხებოდა: თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებული ქორწინება არ არსებობდა, საქორწინო ურთიერთობის წარმოშობის მომენტად მათი ფაქტობრივი ქორწინების თარიღი მიიჩნია, ფაქტობრივი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება კი, მათ თანასაკუთრებად ჩათვალა.

„ციალა პერტიას საქმეში“ მოპასუხე მოსარჩელის გარდაცვლილი მეუღლის დისშვილის იყო, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით 2015 წელს სადავო ბინის მესაკუთრე გახდა.

„…მესამე მოპასუხე არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს. დადგენილია, რომ პირველი და მეორე მოპასუხეები არიან მამკვიდრებლის და-ძმა, ხოლო მესამე მოპასუხე  – მამკვიდრებლის დისშვილი… შესაბამისად, ფაქტი, რომ მესამე მოპასუხე მამკვიდრებლის დისშვილი და პირველი და მეორე მოპასუხეების ახლო ნათესავია, უდავოდ დადგენილად მიიჩნევა.

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ასევე, რომ მოპასუხეთა შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მოჰყოლია შედეგი და მესამე მოპასუხეს, როგორც მყიდველს, წინამდებარე დავის დაწყებამდე არ მოუხდენია მესაკუთრის უფლებების რეალიზება – სადავო უძრავ ქონებას დღემდე ფლობს მოსარჩელე.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ როდესაც გარიგება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის იდება, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილი იყო ქონების ნაკლის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა ციალა პერტიას იმ ნაწილში, რომ მას დისკრიმინაციულად მოექცნენ:

„აღნიშნული ნორმა არ ახდენს კასატორის/მოსარჩელის რაიმე ნიშნით დიფერენცირებას. იგი ნებისმიერ ადამიანს/წყვილს უდგენს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს. წყვილებს შეუძლიათ თანაცხოვრება ქორწინებასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების წარმოშობით ან/და მის გარეშეც. მათზეა დამოკიდებული, რა შედეგს დაუკავშირებენ თანაცხოვრების ფაქტს, დაარეგისტრირებენ ქორწინებას თუ არა.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე და მისი გარდაცვლილი მეუღლე ცხოვრობდნენ ოჯახური ცხოვრებით 29 წლის განმავლობაში, მოსარჩელე იყო მისი მეუღლის ოჯახის წევრი და მასთან ერთად ეწეოდა საერთო მეურნეობას, მოსარჩელის მეუღლე გასვენებულ იქნა მოსარჩელის ხარჯებით და სხვა.

ერთადერთი პრობლემა, რაც მოსარჩელეს შეექმნა, იყო ის, რომ ისინი არ იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა გასათვალისწინებელია ევროსასამართლოს პრაქტიკა, რომელმაც აღიარა ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა, როგორც გარდაცვლილი პირების საკუთრებაში არსებულ ბინებზე, ისე სამსახურებრივ ბინებზე და საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ პირებზე.

მოსარჩელეს ასახლებენ ბინიდან, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა, მას სხვა საცხოვრებელი ფართობი არ გააჩნია [რის მნიშვნელობასაც ევროსასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი],“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: