სიახლეები

3 შვილის დედას ახალგაცნობილი კაცი მასთან ქორწინებას აიძულებდა – რა თქვა სასამართლომ

10.03.2024
3 შვილის დედას ახალგაცნობილი კაცი მასთან ქორწინებას აიძულებდა – რა თქვა სასამართლომ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, შარშან საქართველოში ადევნებისა და უკანონო თვალთვალის [სსკ-ის 151 მუხლის პრიმა ერთი] 118 ფაქტი დაფიქსირდა, 2022 წელს კი – 115.

ერთ-ერთი მათგანი, ვინც ადევნების მსხვერპლი გახდა, ზუგდიდში მცხოვრები ხატია [სახელი შეცვლილია] იყო.

ხატიას, რომელსაც 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ახალგაცნობილი კაცი – მერაბი აედევნა. პროკურატურის ვერსიით, კაცი ქორწინებაში მყოფ ქალს მასთან დაქორწინებას აიძულებდა.

დაზარალებულად მიჩნეულ ქალს სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია. ხატიას თქმით, მერაბი თავდაპირველად ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში გაიცნო, როცა სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა. მისთვის მერაბს ავტომანქანა გაუჩერებია და სახლამდე გაყვანა შეუთავაზებია.

„…რამდენიმე წლის შემდეგ მ.-ს სახლის მოპირდაპირე მხარეს კვლავ შეხვდა მას, რომელმაც ხელები მაღლა აღაპყრო, პირჯვარი გადაიწერა და თქვა, მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი შემახვედრაო.

დაზარალებულის განმარტებით, იმ დღიდან დაიწყო მ.-მ მასზე ადევნება. მან იცოდა მისი დღის განრიგი და ყველგან ხვდებოდა. ყოველდღე სახლიდან გასვლისა და შემოსვლის დროს ხვდებოდა ქუჩაში, მაგრამ ამისთვის დაზარალებულს ყურადღება არ მიუქცევია, ცხოვრობდა სოფელ ახალსოფელში, მაგრამ, მ.-ს გამო შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად ცხოვრობს ზუგდიდში…

მ.-ს მიზანი იყო მისი ცოლი ან საყვარელი გამხდარიყო და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ იყო გათხოვილი და სამი შვილის დედა. მას შემდეგ, რაც მ-მ უთხრა, ჩემი უნდა გახდეო, შეეშინდა და მეუღლეს უამბო აღნიშნულის თაობაზე…

სამუშაო ადგილზე მიდიოდა მ. და თანამშრომლების მეშვეობით უგზავნიდა ჩირს, ლობიანს, დაბადების დღეზე ტორტიც მიართვა და მის თანამშრომელს უთხრა, თუ არ გამოართმევდა, ყელს გამოიჭრიდა და თავს მოიკლავდა.

…შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლისთანავე კვლავ გამოჩნდა და დაიწყო თვალთვალი. მ. მას ასევე უგზავნიდა მობილურ ტელეფონზე შეტყობინებებს, რაც წარუდგინა გამომძიებელს. ყოველივე ამის ნიადაგზე მას შეელახა ჯანმრთელობა და დღემდე მკურნალობს,“ – აღნიშნულია განჩინებაში დაზარალებული ქალის მონათხრობიდან.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბი დამნაშავედ მიიჩნიეს ადევნებისა და უკანონო თვალთვალის ნაწილში, მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მერაბი გამართლდა ქორწინების იძულების ბრალდების ნაწილში.

მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა, პროკურორ შორენა გვილავას უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. მან მ.-სთვის „სამართლიანი სასჯელის შეფარდება“ მოითხოვა და მისი დამნაშავედ ცნობა ქორწინების იძულების ნაწილშიც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შეფასებით კი, ქორწინების იძულება არ დასტურდება.

„დაზარალებულმა ხ-მ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მ. მას უთვალთვალებდა და უთხრა, რომ „მისი უნდა გამხდარიყო“, თუმცა დაზარალებულს არ განუმარტავს, რაში გამოიხატებოდა ქორწინების იძულება, რა ფსიქოლოგიური თუ მით უმეტეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას… დაზარალებულ ხ. ხ-ას სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ უხსენებია მ. ჯ-ს მიერ ქორწინების იძულების გარემოება, კერძოდ, რომ ეუბნებოდა მისი გამხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახავდა რა დაემართებოდა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მ. ჯ.-ს ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

___

სტატია სრულად:

ფარული კადრებით შანტაჟის ისტორიები სასამართლოდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: