მთავარი,სიახლეები

მეგობრები იპარავდნენ, მეც მინდოდა იგივე მექნა – 16 წლის მოზარდი ბათუმიდან

08.03.2024 • 8126
მეგობრები იპარავდნენ, მეც მინდოდა იგივე მექნა – 16 წლის მოზარდი ბათუმიდან

„14 წლის ვიყავი პირველად რომ მოვიპარე. ვსეირნობდით მე და დაქალი, როცა გზაში მისი მეგობრები შეგვხდნენ. სიგარეტი არ ჰქონდათ და სიგარეტი ვიყიდოთ, თან წვენები დავითრიოთო. მე ხმას არ ვიღებდი.

წავიდნენ მაღაზიაში, გამოიტანეს რაღაცები და გაიქცნენ. დაქალი მეუბნება, წამო, არ გინდა ჩვენც გავაკეთოთო? მე მეშინია-მეთქი. ძალიან ცუდად მითხრა – „მშიშარა ხარ“. არ ვარ მშიშარა-მეთქი. შევედით მაღაზიაში. დაქალმა [ჯიბეებში] ისე ჩაიდო რაღაცები, რომ ვერავინ შეამჩნია.

მე ხელი მიკანკალებდა, შემეშინდა. ზოგადად, როდესაც რაღაცაზე ვნერვიულობ გული მიჩქარდება და ცალი ხელ-ფეხი მიკანკალებს. ამიტყდა კანკალი, მაგრამ არ შევიმჩნიე დაქალთან, რომ არ დაეცინა ჩემთვის. მისი რეაქციის მეშინოდა. ავდექი და ერთ ჯიბეში წვენი ჩავიდე, მეორეში სხვა რაღაცები. უფრო ფართო შარვლებს ვიცვამდი მაშინ“, – ასე იწყებს თხრობას საკუთარ თავზე 16 წლის ნინო ბათუმიდან [სახელი შეცვლილია].

„როგორ ვგრძნობდი თავს, რომ მოვიპარე? თავიდან მეშინოდა, მერე აღარ… ხელში რაღაც გიჭირავს და გეშინია, რომ ახლა კონსულტანტი პოლიციას გამოიძახებს. ფიქრობ – მაგისთვის მზრდიდა დედა, რომ ასეთი რაღაცები ვაკეთო? დედაჩემი მეცოდებოდა… ჩემი ძმის გამო, ჩემ გამო სამსახურიდან ძალიან ბევრჯერ გაათავისუფლეს. სულ პოლიციაში უწევდა მოსვლა.

სხვები რომ იპარავდნენ, მეც მინდოდა იგივე გამეკეთებინა. უბრალოდ, ვიღებდი და გამომქონდა. ბავშვებს ავყევი. ჩემი აზრით, მაგ საკითხში მეგობრებმა გამაფუჭეს. ვიპარავ, იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებს გავუსწორო, ასეთი სამეგობრო წრე მყავს.

მაღაზიაში რომ შევდივართ, თუ მეც არ გამოვიტან რაიმეს, მერე დაიწყებენ, არაფერი გამოიყოლა და ასეთები“.

ნინო ჰყვება, რომ პირველი ქურდობიდან ერთი კვირის შემდეგ ისევ „გაბედა“ მოპარვა. „ისე აღარ მეშინოდა, თან დედაზეც გაბრაზებული ვიყავი. ჩემი ძმა თუ იპარავს, მე რა ვარ-მეთქი და შემდეგ ეს ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებად გადაიქცა, როგორც ჭამა, ისე. პირველ ჯერზე რომ გამიმართლა, მეგონა სულ გამიმართლებდა.

დიდი ჰუდის შიგნით ვიცვამდი ტოპებს და ვიპარავდი. ძალიან ბევრი ტოპი მაქვს სახლში.

ძაან ბევრჯერ გამოიძახეს პოლიცია. ძალიან შემრცხვა. ანგელოზივით გოგოები ხართ და რას აკეთებთო, გაგვთათხეს, მიწასთან გაგვასწორეს. ვეთანხმებოდი ყველაფერზე. მერე დედას დაურეკეს. ძალიან ბევრ განყოფილებაში ვარ ნამყოფი. დედამ – რატომ აკეთებ, ხომ გატან ფულსო. მერე ფულს აღარ მაძლევდა და უფრო ვიპარავდი.

ტელეფონია ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რაც მომიპარავს“, – გვეუბნება ნინო.

მას 15 წლის ძმა და 13 წლის და ჰყავს. მოზარდი ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობს ბათუმში. ნინო ამბობს, ამ ქალაქს ვერ იტანს, რადგან არ არის უბანი, სადაც არ უცხოვრია.

ნინო გვიყვება, რომ დედამისი ერთ-ერთ რესტორანში ორ პოზიციაზე მუშაობს.

„მცხობელი და დამლაგებელია. დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუშაობს და თვეში მხოლოდ 2 დღე აქვს დასვენება. სოციალური დახმარებაც გვაქვს და სწვდება დედა ქირას, რა ვიცი…

ხანდახან ძალიან ვერ ვიტან, ნერვებს მიშლის, ხანდახან კი ძალიან მიყვარს. უნდა, რომ სულ სახლში ვიყო. კარგია, რომ მუშაობს, მარტო ვარ, თავისუფალი, რასაც მინდა იმას ვაკეთებ… თან მინდა, რომ ხანდახან ჩემ გვერდით იყოს. ზოგჯერ, როცა მეშინია, დედასთან ვწვები და ეგრევე მეძინება.

ხანდახან დედაჩემის ადგილას წარმოვიდგენ ხოლმე თავს და არ მინდა სამი შვილი, სულ მაგას ვიძახი“, – მეუბნება ნინო და განაგრძობს: „როცა დედამ გაიგო, რომ ვიპარავდი, გაგიჟდა. რატომ მოიპარეო? მე მოპარვისთვის გზრდიო?

ნათესავები დამელაპარაკნენ კარგად, რატომ აკეთებო, არ გინდაო. მერე ყველა ნათესავისგან ფულს ვიღებდი – არ მოიპაროო, ჩაიდე ეს 10 ლარი ჯიბეშიო და რა ვიცი, შემოსავლის წყარო გავხადე მოპარვა.

მამინაცვლამდე არ მისულა ეგ ამბავი. 6 წლის ვიყავი მამინაცვალი რომ გაიცნო დედამ. უფრო გახსნილად მამიკოსთან ვარ. მისი მერიდება, დედიკოსი ეგრე არ მერიდება… თქვენობით ველაპარაკები დღემდე. დედიკოსთან ხანდახან ძალიან უხეში ვარ, მასთან არ შემიძლია ვიყო ასეთი. ჩემგან განსხვავებით, ჩემს დას არ მოსწონს მამინაცვალი.

[მამინაცვალს] ჰყავს შვილი, 19 წლის. ჯარშია და ჩვენთან რჩება. დედამისი იტალიაშია და დედიკოს „ჩაუშვილდასავით“. ძმასავითაა ჩვენთვის.

ისიც იპარავს. ერთხელ მოიპარეს ძალიან ბევრი ფული… ის ყველაფერს გვიყოფს მე და ჩემ დას, ძალიან ვუყვარვართ“.

უბანში ქურდობა რომ იქნება, ეგრევე ჩვენთან მოდის პოლიცია. ან მე ვიყავი ან ჩემი ძმა – ბევრი მოპედი მოიპარა, პოლიციასთან პრობლემები ჰქონდა და მამინაცვალმა ქუთაისში წაიყვანა, ცოტა ხანი ჩემთან იყოსო, მაგრამ მალე ჩამოვა“.

ნინო და მისი და-ძმა ბიოლოგიურ მამას არ იცნობენ. ნინო ამბობს, რომ დედა არ უყვება მის შესახებ.

„ორი წელია ჩემი პატარა და სკოლაში არ დადის. ის ძალიან ჩაკეტილი ბავშვია. გარეთ არ გადის და როცა საღამოს ხალხი არაა, მაშინ მეუბნება გავიდეთო. ხალხთან კონტაქტის ეშინია. მე რომ არ ვყავდე, მოკვდებოდა ალბათ სახლში. ვიპარებით ღამე სახლიდან, ვსეირნობთ და მერე მოვდივართ დილის 6-სკენ, დედას გაღვიძებამდე. თუ გაიღვიძა, მის ყვირილს ვერ გადავურჩებით.

ავტობუსში არ ამოდის, სადმე თუ წავედით, ტაქსით უნდა წავიდეთ, ხალხის რეაქციის ეშინია. არ მოსწონს მისი თავი, არ ვიცი რატომ“.

სკოლაში არც ნინო არ დადის. ის მე-10 კლასის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, გამოცდების მოახლოების ეტაპზე გამოვიდა სკოლიდან.

„პრინციპის ამბავი იყო, რატომაც წამოვედი სკოლიდან. დირექტორს ამოჩემებული ვყავდი. არ შეიძლებოდა ტოპების ჩაცმა, მაგრამ ვერ ვიცვამდი სხვა ტანსაცმელს. მეგონა, რომ არ მიხდებოდა სხვა. არასდროს არ გამიცდენია სკოლა, სულ დავდიოდი. მინდოდა მისვლა. მიხაროდა. მთლად სწავლის გამოც არა, ბავშვები იყვნენ.

გამოცდების დროს კი შემეშინდა, არ ჩავეტოვებინე კლასში. დირექტორს არ მოვწონდი, ან მე მეგონა ასე. რომ ჩავრჩენილიყავი, შემრცხვებოდა – ჩარჩა ჩვენი კლასელი და დასცინეს სხვებმა.

დედასაც ვუთხარი ეს ყველაფერი და გამოდი თუ გინდა, მე არ გაძალებ გაგრძელებასო“.

ნინო სკოლიდან გამოსვლას არ ნანობს. ამბობს, რომ ტყუილია, როცა ამბობენ – სკოლა მოგენატრება.

როცა სკოლაში ვსწავლობდი არც ერთი მასწავლებელი არ იყო, ვისაც ვენდობოდი და შემეძლო რაიმე გამეზიარებინა, ბავშვებს კი ისედაც ვნახულობო – ამბობს.

ნინომ გვითხრა, რომ ცდილობს „უხეში გოგო“ იყოს, თუმცა სინამდვილეში უხეში არ არის. „არ მინდა ხალხს მშვიდი, წყნარი ბავშვი ვეგონო“.

„იცით რა დაბალი ვიყავი? ახლა ავედი სიმაღლეში. პატარა, თავზე ბანტები მეკეთა სულ და ჭრელა-ჭრულა კაბებს ვიცვამდი. მერე, როცა მოპარვა დავიწყე, ჩაცმულობის სტილიც შევიცვალე. ბავშვივით გამოვიყურებოდი და მინდოდა ცოტა დიდის შეხედულება მქონოდა.

თავიდან მომწონდა ეს ყველაფერი. ხელზე კალმით ვიხატავდით ქურდულ ვარსკვლავებს – ვფიქრობდი, მაგარი ვარ-მეთქი…“

ნინოს თქმით, ახლა უკვე ცდილობს, რომ არაფერი დააშავოს და არ მოხვდეს პოლიციის განყოფილებაში.

„მინდა უცხო ენები ვისწავლო, მსახიობი გავხდე. მინდა მქონდეს ფული და არ ვიყო ყოველთვის ნაქირავებში. არ ვიპარავდე, იმიტომ რომ მრცხვენია. არ შემშვენის, მაგრამ რა მექნა. თან ახლა აღარ მაქვს ეგეთ ხალხთან ურთიერთობა. ისეთი ხალხი გავიცანი, ვინც არ იპარავს“.

ნინო ამბობს, რომ არ უნდა მისი ყოფილი კლასელის, 16 წლის გოგოს ბედი გაიზიაროს: „9 თვის შვილი ჰყავს. ნაქირავებში ცხოვრობენ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან… დედამ დღემდე არ იცის, შეყვარებული რომ მყავს. უკვე სამ წელზე მეტია ერთად ვართ. ისიც იპარავს. მარტო ცხოვრობს ქირით, დედამისი იტალიაშია. არ მუშაობს. ვეხვეწები იმუშავე, ფული გექნება-მეთქი.

დასალევებს იპარავს და კაფეში-ბარში აბარებს ძვირად.

მას ქურდული ვარსკვლავი ახატია მხარზე. [დედას] მსგავსი ბიჭები არ მოსწონს. ჩემი ძმის ძმაკაცები უმეტესად არიან მომპარავები და დედიკოს რომ გააცნო… დედიკოს აქვს, როგორ გითხრათ, ალერგია… ჩემი ძმა რადგან ბევრჯერ იყო განყოფილებაში, ჰგონია, რომ ჩემი ძმის ძმაკაცები აფუჭებენ… ამიტომ კატეგორიულია. მეც წამომცდა, რომ „ზვეზდებიანი“ ბიჭები მომწონს-მეთქი. არ უნდა რომ ჯერ მყავდეს, ჰგონია, რომ მომატყუებს ვინმე, გამომიყენებს. დედასაც მსგავსი რაღაც მოუვიდა…

დედა არსად არ მტოვებს, არავის არ ენდობა, არც მე. ჩემს დაბადების დღეზე გვიან ღამე, ნასვამი მივედი სახლში. ძალიან გაბრაზდა. შენმა დაქალებმა გადაგიხადონ დაბადების დღე, მე არაფრის გადამხდელი არ ვარო. გავიპარე სახლიდან. უკანა ფანჯრიდან გადავედი.

დედამ იტირა და ხმებს მიგზავნიდა, დაბრუნდი შვილო, ვიხუმრეო. ორი დღე გავჩერდი დაქალებთან, მეგონა, რომ ძალიან მეჩხუბებოდა, ისიც მეგონა, რომ დამარტყამდა და არ მინდა შენი ღრიალის მოსმენა-მეთქი. არაო, დაიფიცა, კარგად მოგექცევიო. ჩემთან მოწიეო, რაც გინდა ის გააკეთეო. ეცადა, რომ სახლში მივსულიყავი, მომთაფლა და მივედი მეც.

ჩემი ძმა ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ დედამ დაითანხმა არაფერი უთხრაო. დედას ძალიან გაუხარდა [ჩემი დაბრუნება], რაღაცები იყიდეს, რესტორანში წავედით და ასე აღვნიშნეთ. სანთლებიც ჩავაქრე. მარტო საჩუქრების გამო მიყვარს ეგ დღე“ – ამბობს ნინო.

მან გვითხრა, რომ წელს კოლეჯში დაიწყო სიარული, ახლა ნინო კომპიუტერულ მეცნიერებსა და ინგლისურ ენას სწავლობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: