„აქ სამშენებლო ბუმია“, – გვწერს მოქალაქე, რომელმაც კურორტ ბეშუმის ტყიდან მშენებლობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გამოგვიგზავნა.
არაერთი წყარო „ბათუმელებს“ კურორტ ბეშუმის ტყეში ასობით კოტეჯის უკანონოდ მშენებლობაზე უყვება. გამოგვიგზავნეს ფოტო-ვიდეო მასალები და ზოგ შემთხვევაში მერიის მიერ გამოცემული აქტებიც, რომლებშიც კანონდამრღვევი პირების 1000 ლარით დაჯარიმებაზეა ინფორმაცია მოცემული.
მათ შორის შორის ერთ-ერთზე „ბათუმელებმა“ ხულოს მერიას ინფორმაციის გადასამოწმებლად მიმართა. მერიამ უარყო, მიუხედავად იმისა, რომ გაცემული აქვს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რამინ მეხეშიძე, წერს, რომ კონკრეტული პირი კანონდარღვევით მშენებლობისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს.

ინფორმირებული პირის ინფორმაციით, მასობრივად უკანონოდ კოტეჯების მშენებლობა 2024 წლის არჩევნებამდე დაიწყო და გაგრძელდა:
„ახლა ცოტა გაამკაცრეს პოლიტიკა, მაგრამ მაინც ახერხებენ. როცა ხალხი მთაში აღარ არის, მაშინ უფრო აშენებენ. ჯარიმა 1000 ლარია, ერთი კოტეჯის მშენებლობა დაახლოებით 12000 ლარამდე ჯდება, იყიდება 20-25 0000 ლარად. ხომ ხედავთ განსხვავებას?“ – გვიხსნის ერთ-ერთი საჯარო პირი, რომელსაც საკუთარი ვინაობის დასახლება არ სურს“.
ადგილზე, სადაც მშენებლობის პროცესია გადაღებული, რიგ შემთხვევებში მშენებლობის ნებართვები გაცემულიც არის, მაგრამ ადგილზე რთულია იმის გარკვევა, რა შენდება კანონიერად და რა უკანონოდ, რადგან უმეტეს შემთხვევაში საინფორმაციო დაფა გამოკრული არ არის.
მოქალაქეებმა კონკრეტული სახელები და გვარებიც დაასახელეს, მათ შორის არიან საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები, ვინც აშენებს. ამის შესახებ „ბათუმელები“ მასალას უფრო დეტალურად მას შემდეგ გამოაქვეყნებს, როცა ინფორმაციას სრულად გადავამოწმებთ.

მშენებარე კოტეჯები ბეშუმში

ბეშუმი
ხულოს მერიამ პასუხი ჩვენს კითხვებზე წერილობით მოგვაწოდა. „მერიის შესაბამისი სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სისტემატურად ახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით“, – მოგვწერეს ხულოს მერიიდან.
თუმცა მერიამ უპასუხოდ დატოვა კითხვა, დაახლოებით რამდენი უკანონოდ აშენებული კოტეჯი აქვს ზედამხედველობის სამსახურს აღრიცხული ბეშუმში?
„გამოვლენილ ფაქტებზე, თითოეული საქმის გარემოებების შესაბამისად, გატარებულია კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, სამართალდამრღვევ პირებზე დაკისრებულია ადმინისტრაციული ჯარიმები, განხორციელებულია უკანონოდ განთავსებული ნაგებობების დემონტაჟი, რიგ საქმეებზე მიმდინარეობს სასამართლო წარმოება, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საქმეები გადაგზავნილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით“ – მოგვწერეს მერიიდან.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ხულოს მერიის მიერ არის მომზადებული, უნებართვო მშენებლობების პროცესი ბეშუმში 2022 წლიდან დაწყებულა.
ხულოს მერია 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში წერდა, რომ შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა მერიაში შესული 798 განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა სხვადასხვა კლასის სამშენებლო პროცესის დაწყება-გაგრძელების, მიწის ნაკვეთების გაერთიანების და სხვა მსგავს საკითხებზე თანხმობის მისაღებად შუამდგომლობების აღძვრას, ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.
ამ დროს გამოუვლენიათ უკანონოდ მშენებლობის ფაქტები, არამხოლოდ ბეშუმის, არამედ ტყის ფონდის ტერიტორიაზე.
ანგარიშში ვკითხულობთ:
„კურორტი ,,ბეშუმისა“ და მის მიმდებარედ იაილებში ადგილი აქვს სეზონური საცხოვრებელი სახლების უნებართვო მშენებლობის სხვადასხვა ფაქტებს: სულ 43 ფაქტი, ამათგან 27 ფაქტი დაფიქსირებულია ტყის ფონდის ტერიტორიაზე. ერთი ფაქტი ბეშუმში, ხოლო დანარჩენი ბეშუმის მიმდებარე იაილებში. ძირითადად დიდიიელა, კატრიძირი, პერევალი.
უნებართვო და სანებართვო პირობების დარღვევით სამშენებლო სამუშაოებზე შედგენილია შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია და სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება. ნაწილი დაჯარიმებულია, ნაწილზე გამოტანილია დადგენილება დემონტაჟის თაობაზე და გაგზავნილია შესაბამის უწყებაში“.
2023-2024 წლების ანგარიშებში, ბეშუმში უკანონო მშენებლობა ნახსენები არ არის, 2025 წლის ანგარიში კი საერთოდ არ იძებნება.
არ დასტურდება ინფორმაცია, რომ ბეშუმში სამშენებლო ნებართვების გაცემა ამ დროსთვის შეჩერებულია.
მერიის ვებგვერდზე ატვირთულია დოკუმენტების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში მერს გამოცემული აქვს ათეულობით ბრძანება, რომლის მიხედვითაც განმცხადებელმა ბეშუმში არსებული კოტეჯის რეკონსტრუქციის ან ახლის მშენებლობის ნებართვა მიიღეს.



![კურორტ გოდერძიზე თოვს [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/10/goderdzi.jpg)


