საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გასახსნელად ბიუჯეტში 32 980 777 ლარი უნდა გამოინახოს. ეს თანხა შენობაში არსებული აგრეგატების რემონტსა და ჰაბის გახსნისთვის საჭირო ღონისძიებებს მოხმარდება. ცალკე 1,5 მილიონი ლარი იხარჯება შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებით, „ქუთაისში მდებარე ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის მხოლოდ ცენტრალურ შენობაში განთავსებული აგრეგატებისთვის საჭირო სარემონტო-სარეაბილიტაციო და გასაუმჯობესებელი სამუშაოების“ ჩატარება სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ დაევალა.
ამავე განკარგულებით:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ [თავის სისტემაში არსებული ფულადი სახსრებიდან თავისუფალი ნაშთის გამოყენებით] უნდა გამოყოს 16 980 000 ლარი [აქედან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან – 11 980 000 ლარი, ხოლო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან – 5 000 000 ლარი];
- სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 11 980 000 ლარი გრანტის სახით უნდა გადაურიცხოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს;
- სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კი ამ თანხას უნდა დაუმატოს საკუთარი 5 მილიონი და ჯამში 16 980 000 ლარი კაპიტალური ტრანსფერის სახით უნდა გადასცეს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას.
- თავის მხრივ, მთავრობის დავალებით, აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ ამ 16,9 მილიონ ლარს საკუთარი სახსრებიდან უნდა დაუმატოს 4 000 777 ლარი და საერთო ჯამში 20 980 777 ლარით აგრეგატების სარემონტო-სარეაბილიტაციო და გასაუმჯობესებელი სამუშაოები უნდა ჩაატაროს.
„ამ ღონისძიებების ფარგლებში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და ქონების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტები ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და აისახოს აღნიშნული უწყებების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებში“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
რის ხარჯზე გამოყოფენ ბიუჯეტში ტექნოჰაბისთვის საჭირო მილიონობით ლარს, როცა ასეთი ღონისძიება თავიდანვე არ იყო დაგეგმილი, ჯერ უცნობია. სახელმწიფო აუდიტის სხვადასხვა ანგარიშებისა თუ დასკვნების მიხედვით კი, ზოგადად ბიუჯეტში ნაშთი, ეს ძირითადად არის პროგრამების გაუქმების, მათი შეუსრულებლობის, ან თავიდანვე არასწორად დაგეგმვის შედეგი.
საქართველოს მთავრობამ ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნასთან დაკავშირებით პირველ აგვისტოს მეორე განკარგულებაც გამოსცა, რომლითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლისთვის“ დაავალა.
ამავე სააგენტოს ასევე დაევალა „უზრუნველყოს 2024-2025 წლებში შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად ჰაბის გახსნისთვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა“.
განკარგულების მიხედვით, ჰაბის გახსნისთვის საჭირო იქნება 12 მილიონი ლარი. აქედან:
- 2024 წლისთვის საჭირო თანხის 3 მილიონი ლარის მოძიება დაევალა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – 2024 წლის ბიუჯეტით მისთვის დამტკიცებული ასიგნებიდან;
- 2025 წლისთვის საჭირო თანხა – 9 მილიონი ლარი კი – ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა ქვეყნის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინონ.
ყოფილ პარლამენტის შენობასთან გარე პერიმეტრის კეთილმოწყობის სამუშაოები ცალკე ტენდერის ფარგლებში უკვე დაწყებულია.
„ქუთაისში ტექნოპარკის [ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის] გარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის პროექტირება-მშენებლობაზე“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „არადანთან“ აქვს დადებული.
სააგენტომ ხელშეკრულება „არადანთან“ 2023 წლის 20 დეკემბერს გააფორმა 1 597 301 ლარზე და აქედან ორ დღეში, იმავე წლის 22 დეკემბერს კომპანიას ავანსად მთლიანი თანხა გადაურიცხა.
ტენდერი 2 მილიონი ლარით იყო გამოცხადებული.
ამ თემაზე:
ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის მოწყობაზე 2 მილიონს ხარჯავენ