მთავარი,სიახლეები

რა იცვლება იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაში – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

30.04.2026
რა იცვლება იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაში – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამართლებრივი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში – ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც ქმნის იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების საფრთხეს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ მიიღეს.

მოქმედი კანონმდებლობით: თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას.

ამასთან, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22​1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი.

მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 წელს.

სახალხო დამცველი ამ სარჩელში წერდა ერთ კონკრეტულ ისტორიაზე, სადაც მოქალაქე ძარცვაში იყო ბრალდებული. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს განმცხადებელი დაავადებული იყო პარანოიდული შიზოფრენიით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით.

„იძულებითი მკურნალობის ვადის განსაზღვრისას, სასამართლომ ყურადღება მიაქცია ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც, დასკვნის მიხედვით, წარმოადგენდა სოციალურ საშიშროებას და სტაციონარში მოთავსებისთვის განსაზღვრა 2 წლიანი ვადა…

ამრიგად, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, შეურაცხადობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება. შესაბამისად, სასამართლო არ ადგენს, პირის ბრალეულობის საკითხს. მეტიც, იძულებითი მკურნალობის მომწესრიგებელი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება, არ წარმოადგენს მისთვის იძულებითი სტაციონარული დახმარების დანიშვნის თვითკმარ საფუძველს. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროება ეფუძნება მომავალი საფრთხეების შეფასებასა და პრევენციას და არ არის საკმარისი მხოლოდ წარსულში, სავარაუდოდ ჩადენილი ქმედების არსებობა.

მართალია, სსსკ-ის 191-ე მუხლის 21 ნაწილი ითვალისწინებს მოსამართლის ვალდებულებას, განჩინებაში მიუთითოს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ამგვარი დათქმა არ წარმოადგენს პაციენტის უფლებებისა და მისი სტაციონარში ყოფნის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან დაცვის ისეთივე ეფექტურ საშუალებას, როგორსაც არანებაყოფლობითი მკურნალობის პირობები ითვალისწინებენ,“ – წერდა სარჩელში სახალხო დამცველი.

მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ პირი დაწესებულებაში შესაძლებელია დარჩეს მაშინაც, როდესაც იგი აღარ საჭიროებს მკურნალობას. აღნიშნული იწვევს ადამიანის ღირსების ხელყოფას და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებულ პირებთან შედარებით ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

პარლამენტის მტკიცებით კი, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცედურა იძლევა ინდივიდუალური შეფასების, მკურნალობის საჭიროების დროულად გადახედვისა და შეწყვეტის შესაძლებლობას, რის გამოც იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის ღირსების ხელმყოფ ინსტიტუტად. იმავდროულად, იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირები, მათგან მომდინარე მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ არანებაყოფლობით მკურნალობას დაქვემდებარებული პირების არსებითად თანასწორ პირებად.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ბუნების, მისი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის ინტენსივობის და სახელმწიფოს ინსტიტუციური კონტროლის გათვალისწინებით, აღნიშნული მკურნალობის ხანგრძლივობამ, პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის დაცვისთვის აუცილებელი საპროცესო გარანტიების არარსებობის პირობებში, შეიძლება მიაღწიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ ეფუძნება პირის ფსიქიკური მდგომარეობის რეალურ საჭიროებას და მიმდინარეობს მაშინ, როდესაც აღარ არსებობს მკურნალობის გაგრძელების ობიექტური აუცილებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ პროცედურული გარანტიების არსებობაზე, რომელთა ერთობლიობამაც, რეალურად, უნდა უზრუნველყოს იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების პრევენცია.

სასამართლომ, ამგვარ აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებად მიიჩნია, სასამართლო კონტროლის არსებობის ვალდებულება.

სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე, რათა კანონმდებელს მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად.

ამ პერიოდამდე პარლამენტმა ამ კუთხით არსებული კანონმდებლობა უნდა შეცვალოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: