მთავარი,სიახლეები

რატომ ეშინია გათენების ყოფილ ბუღალტერს ბათუმიდან

03.10.2022 • 11925
რატომ ეშინია გათენების ყოფილ ბუღალტერს ბათუმიდან

„ჩემს თვალზე ცრემლი არ გამშრალა. ყოველი დღის გათენების მეშინია, არ ვიცი რა მელოდება ხვალ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 68 წლის ეთერ შარაძე.

ის საუბრის დროსაც ვერ მალავს ცრემლებს. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შრომობდა, არასდროს გაჩერებულა, თუმცა ხანდაზმულ ასაკში მაინც ბინის გარეშე, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა.

ეთერი ახლა ნივთებს ალაგებს, მუყაოს ყუთებში ფუთავს და ელოდება, როდის ეტყვის ბინის მეპატრონე, რომ სახლი დაცალოს.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და ბათუში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოვიდა, გასაქირავებელი ბინის ფასი გასამმაგდა. ეთერ შარაძე დარდობს, რომ საქირავებელ ბინას ვერ პოულობს და არ იცის ხვალ რა ელოდება.

„მეშინია გათენების, საწოლთან „კორვალოლი“ მიდევს, რომ უცებ ცუდად არ გავხდე. არ ვიცი გავუძლებ თუ არა ასეთ ტანჯვას. უბინაობა ყველაზე დიდი საშინელება ყოფილა“, – გვეუბნება ეთერი.

ეთერ შარაძე, პენსიონერი

იგი ცრემლებს იმშრალებს და თავის ისტორიას გვიყვება.

პროფესიით ბუღალტერია და 20 წელი თავისი პროფესიით იმუშავა: „კაპიკს კაპიკზე ვადებდი, ორი წიგნაკი მქონდა ბანკში, ბინის რიგშიც ვიყავი, მაგრამ ყველაფერი დაიკარგა.

შემდეგ ისევ შევაკოწიწე პატარა თანხა და მშენებარე სახლშიც ჩავდე, მაგრამ იმ სახლის მშენებლობაც ჩაიშალა და ის ფულიც დამეკარგა.

ასე დავრჩი ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ. 300 ლარად ამ ბინას ვქირაობდი, ზოგს მე ვიხდი, ზოგსაც სხვები მიმატებდნენ, მაგრამ ახლა მეპატრონემ ამ ბინის გაყიდვა გადაწყვიტა და ისევ ქუჩაში ვრჩები.

ქალაქის ამ გარეუბანშიც კი 500-600 დოლარია ბინის ფასი, სად უნდა ვიშოვო ამხელა თანხა? 250 ლარი მაქვს პენსია, 50 ლარიც – სოციალური დახმარება“, – გვეუბნება ის.

ბოლო წლებში ეთერ შარაძე სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა, თუმცა ახლა ის ფაბრიკაც აღარ მუშაობს. სანამ ფაბრიკა დაიხურებოდა, სამსახურში წასვლის დროს, ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც სახე და მუხლი დაიზიანა.

„იცით რა დღეში მქონდა სახე? მაგრამ იმის გამო, რომ სამსახური არ გამეცდინა და უხელფასოდ არ დავრჩენილიყავი, პირბადით დავიმალე დაზიანება და ასე ვიმუშავე.

თუმცა მაშინ ვერ შევნიშნე, რომ მუხლიც დამირტყამს და შემდეგ ისე ცუდად გავხდი, ქუჩაში წავიქეცი. მეზობელი დამეხმარა და სასწრაფო გამომიძახა.

ძალიან ბევრი გამოკვლევა დამჭირდა. მარტო ნემსები და წამალი დამიჯდა 250 ლარი, ფაქტობრივად, მთელი ჩემი პენსია“,- გვეუბნება ეთერ შარაძე.

მისი თქმით, ადამიანები იმიტომ ვერ ახერხებენ საკუთარი შრომით ბინის შეძენას, რომ ხელფასები ძალიან დაბალია, სოციალური პოლიტიკა კი ადამიანზე არ არის ორიენტირებული.

„წასასვლელი არსად მაქვს, არ ვიცი რა იქნება ხვალ“, – ამბობს ეთერ შარაძე.

„თუ მეორე ადამიანი მაინც არ გყავს დამხმარე, ვერაფერს იყიდი, ახლა მით უმეტეს, როცა ყველაფერი საშინლად გაძვირდა.

ეს კაპიკები გადასახადებსა და წამლებში ძლივს მყოფნის. გათბობა ჩართული არ მაქვს, ერთი ნათურა მაქვს მხოლოდ ანთებული. ქირაში უნდა იხადო და ბინას როგორ ვიყიდი?

მე ვფიქრობ, აჭარის მთავრობას ნამდვილად არ აქვს იმის გასაჭირი, რომ ერთოთახიანი ბინა მომცეს. მთელი ცხოვრება ვიმუშავე, რა არ ვცადე, მაგრამ მაინც არ გამიმართლა. უნდა მომხედოს მთავრობამ.

იცით რამდენი განცხადება მაქვს დაწერილი? მაინც არავინ მაქცევს ყურადღებას. თავიდან მეუბნებოდნენ, რომ ჯერ ბარაკში მცხოვრებლებს უნდა მივხედოთო, მერე იმასო, ამასო და მოკლედ, ბევრი პირობა წამომიყენეს“, – გვეუბნება ეთერი და ისევ მუყაოს ყუთებს უმზერს, რომლითაც მალე ამ ნესტიანი ბინის კედლებსაც დატოვებს.

სულ მზადყოფნაში ვარ, ისე, თითქოს ომია და გასაქცევად ემზადები – გვეუბნება.

„ვცდილობ ყურადღება რამეზე გადავიტანო, ტელევიზორს ჩავრთავ ხოლმე, მაგრამ ჩემს თავში მაინც ერთი ფიქრი ტრიალებს – სად ვიქნები ხვალ, სად წავალ?

ზოგჯერ ღამითაც შემომიტევს ხოლმე სასოწარკვეთა და ვტირი“, – ამბობს ეთერი.


__

ეთერ შარაძემ მოგვიანებით მოგვაწოდა ანგარიშის ნომერი, რომელსაც მკითხველის თხოვნით აქვე ვაქვეყნებთ: GE47BG0000000537043471

გადაბეჭდვის წესი


ასევე: