ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად ნატალია ძიძიგური დანიშნეს. ნატალია ძიძიგური ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოში გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ პარტიული სიით მოხვდა და შემდეგ ხელი შეუწყო ოპოზიციის პროტესტის ჩაშლას.
მაგალითად, 2023 წლის 24 ოქტომბერს ნატალია ძიძიგური არ შეუერთდა ოპოზიციის პროტესტს, არ დატოვა საკრებულოს სხდომა და ხმა მისცა „ოცნების“ მიერ დაყენებულ ყველა იმ საკითხს, რის გამოც ოპოზიციამ სხდომა დატოვა.
„მე დამოუკიდებელი ვარ და საკრებულოში კრიზისს არ დავუშვებ“, – თქვა 2023 წლის 24 ოქტომბერს ნატალია ძიძიგურმა.
2023 წლის 26 ოქტომბერს პარტიამ „საქართველოსთვის“ ნატალია ძიძიგური პარტიიდან გარიცხა, მას „მოსყიდული და გადაბირებული“ უწოდეს.
„ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იქნენ შემჩნეული არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში“, – აღნიშნული იყო პარტია „საქართველოსთვის“ გავრცელებულ განცხადებაში.
ნატალია ძიძიგური ბათუმის საკრებულოში დარჩა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.
ნატალია ძიძიგურის ხელფასი თვეში 3785 ლარი იქნება დარიცხვით.
ბათუმის მერიის პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ნატალია ძიძიგური საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნეს, ყოფილი დირექტორი, ჯონი საბაშვილი კი, ამ ეტაპზე არსად არაა დანიშნული.
ამ თემაზე:
ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური გახარიას პარტიიდან გარიცხეს






