მთავარი,სიახლეები

ბათუმში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს „ნეტფლიქსის“ ფილმის, „ტინდერის თაღლითის“ გმირს

17.09.2025
ბათუმში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს „ნეტფლიქსის“ ფილმის, „ტინდერის თაღლითის“ გმირს

ისრაელის მოქალაქეს, სიმონ ლევიევს [ნამდვილი სახელია შიმონ ჰაიუტი], „ნეტფლიქსის“ ფილმის, „ტინდერის თაღლითის“ გმირს, ბათუმში საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქმე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განიხილა.

„ნიუ იორკ თაიმსი“ ადვოკატზე, საგივ როტენბერგზე დაყრდნობით წერს, რომ ლევიევი საქართველოში გერმანიის მოთხოვნით დააკავეს, ბერლინში ქალის მოტყუების ბრალდებით და ის სამი თვით პატიმრობაში დარჩება, ან იმ დრომდე, სანამ გერმანია მის ექსტრადირებას არ მოახდენს.

„ნიუ იორკ თაიმსს“ ადვოკატმა უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში დაკავებას ასაჩივრებს და ასევე, მოითხოვს გერმანიაში საქმის შეწყვეტას.

ამერიკული გამოცემის ცნობით, გერმანიაში ლევიევს ბრალი წაუყენეს ქალისგან თითქმის 44 000 ევროს მოპარვის და მის სახელზე საკრედიტო ბარათისა და ტელეფონის გამოყენებით ათასობით დოლარის მითვისების ბრალდებით.

მისი ადვოკატის თქმით, ლევიევი უარყოფს ბრალდებებს და არ ესმის, რატომ არ მოითხოვა გერმანიამ მისი დაკითხვა ან ექსტრადიცია პირდაპირ ისრაელიდან.

„ის იმყოფება უკიდურესად მკაცრი პატიმრობის პირობებში, სათანადო კვების გარეშე და უმეტესად ხელბორკილებით“, – ამბობს დაკავებულის ადვოკატი, რომელსაც „ნიუ იორკ თაიმსი“ 16 სექტემბერს ესაუბრა.

ადვოკატმა გამოცემასთან ასევე დასძინა, რომ მის კლიენტს შვიდი დღე აქვს საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი ბოლო წლებში თავისუფლად მოგზაურობდა და არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

სიმონ ლევიევი [შიმონ ჰაიუტი] 34 წლისაა. იგი ცნობილი გახდა „ნეტფლიქსის“ 2022 წლის დოკუმენტური ფილმის შემდეგ, რომლის თანახმადაც ლევიევი, რომელსაც რამდენიმე ფსევდონიმი აქვს, ონლაინ აპლიკაცია „ტინდერზე“ ქალებს ეცნობოდა მდიდარი ოჯახის მემკვიდრედ და თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს სძალავდა.

ლევიევი 2019 წელს დააკავეს ისრაელში და თაღლითობისთვის 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ხუთი თვის შემდეგ ის ციხიდან გაათავისუფლეს.

_______

ფოტოზე: სიმონ ლევიევი, 2019 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო – EPA/TORE KRISTIANSEN

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: