მთავარი,სიახლეები

„ბავშვის სისასტიკის მიზეზი საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“

09.04.2016 • 2556
„ბავშვის სისასტიკის მიზეზი საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“

ბათუმში 14 წლის მოზარდი ანრი გოგიტიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის დეიდის თქმით, ის თანატოლებმა მოკლეს. თუმცა დანაშაულის გამომწვევი ოფიციალური ვერსია გამოძიებას არ გაუვრცელებია. რა მიზეზები განაპირობებს მოზარდთა სისასტიკეს და რატომ ვერ უზრუნველყოფს სკოლა ან ოჯახი მოზარდთა დანაშაულის პრევენციას?

 

შარაბიძეების საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ მოზარდი, რომელსაც თანატოლის მკვლელობაში გარდაცვლილის ახლობელი ადანაშაულებს, მის სკოლაში სწავლობს. დირექტორის თქმით, მოსწავლე გულჩათხრობილი იყო და ბოლო პერიოდში გაკვეთილებსაც აცდენდა: „სწავლით არ გამოირჩევა, მაგრამ რაგბის გუნდში დადის და ფიზიკურად ძლიერი ბავშვია. საერთოდ, თავისებური, გულჩათხრობილია. მე ამას ოჯახურ პრობლემას ვუკავშირებ“.

 

შეეძლო თუ არა მას თანატოლის გამეტება? „ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თანატოლების მიმართ დამოკიდებულებაში აგრესია არ შეგვიმჩნევია. როცა გაკვეთილების გაცდენა დაიწყო, მანდატურის სამსახურიც ჩაერია. მეც ვიყავი მშობელთან და გვქონდა ამაზე საუბარი. მწვრთნელებსაც ვთხოვე, ბავშვი კალაპოტში ჩაგვიჯინეთ, რომ ხელიდან არ გაგვექცეს-მეთქი,“ – ამბობს დირექტორი. მისი მოსაზრებით, მოზარდს ოჯახში ყურადღება აკლდა.  – „ჩემი აზრით, ფსიქოლოგის დახმარებაც სჭირდებოდა და ოჯახური სითბოც“.

 

არაოფიციალური ვერსიით, მოზარდი, რომელიც, როგორც დეიდა ამბობს, მოკლეს, წლების წინ მშობლებმა ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში სწორედ ბულინგის გამო გადაიყვანეს. თუმცა მოქმედი დირექტორი ამბობს, რომ ანრის სკოლიდან გასვლის მიზეზი მისთვის უცნობია.

 

„ითქვა, რომ ამ ბავშვების ოჯახებს ჰქონდათ ცუდი ურთიერთობა ერთმანეთთან. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მეგობრობდნენ ეს ბიჭები. რეალურად რა მოხდა არ ვიცი,“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

 

14 წლის ანრის ვერ იხსენებს შარაბიძეების სკოლის ყოფილი დირექტორი ნესტან დიასამიძეც: „არ მახსოვს ეგ ბავშვი. რაც შეეხება მეორეს, რომელსაც ბრალს სდებენ, ჩემი მოსწავლეა. ცოტა ზედმეტი ქცევები კი ჰქონდა. მეოთხე კლასიდან თითქოს დაჩაგრული ბავშვების დაცვას ცდილობდა, იყო საქმის გარჩევების შემთხვევებიც…“

 

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია დღეს სკოლას გაარკვიოს არის თუ არა მოზარდი თანატოლთან კონფლიქტში ან ბულინგის მსხვერპლი? ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაცია დღეს მხოლოდ სკოლის შიგნით მომხდარ კონფლიქტზე რეაგირებს; რა ხდება სკოლის გარეთ, ამის კურსში ნაკლებად არის.
რა განაპირობებს მოზარდების ანტისოციალურ ქცევას და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები?

 

ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, ამას თავისი მიზეზები აქვს, რადგან ადამიანები სასტიკებად არ იბადებიან: „ამ კონტექსტში მოზარდებზე საუბარი მიჭირს, რადგან მათი „სისასტიკის“ მიზეზი ყოველთვის გარეთაა, ანუ –  გარემოში“. ფსიქოლოგის აზრით, ბავშვი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, რომელსაც შეურაცხყოფენ, არ ესმით მისი საჭიროებები (იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური განვითარებისთვის), უგულებელყოფილია, მარტოა საკუთარ პრობლემებთან და უფროსი ადამიანები მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებით შემოიფარგლებიან, შესაძლოა სასტიკი გახდეს.

 

„ბავშვის სისასტიკის მიზეზი ჩვენს საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ. მოზარდის ქცევითი პრობლემები, სირთულეები სწავლაში, ემოციური გართულებები – ეს ერთგვარი ძახილია დახმარებისთვის. ჩვენ კი არ ვართ მზად დახმარებისთვის, რადგან არ გვესმის მათი ხმა, ან არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ,“  –  ამბობს მაია ცირამუა.

 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ მოზარდის ანტისოციალურ ქცევას, რომელიც კანონთან კონფლიქტში მოდის, ბევრი ფაქტორი განაპირობებს და მხოლოდ სკოლის ან ოჯახის დადანაშაულება არ არის სწორი.

 

„ეს არის კომპლექსური პრობლემა. დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ თავისებურებებს, იმას, როგორია განათლების პოლიტიკა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საკითხები ქვეყანაში და ა.შ. თუ კლასის დონეზე ვისაუბრებთ, რომელიც მიკროსოციუმია მოსწავლისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს დამრიგებლის მგრძნობელობასაც“.

 

მაია ცირამუას აზრით, დამრიგებელმა უნდა შეძლოს მოსწავლის ემოციური მდგრადობის დანახვა და სახიფათო ნიშნების ამოცნობა. „როცა საქმე გვაქვს ბულინგთან, აუცილებელია სკოლამ გამოიყენოს შეტყობინების მექანიზმი და საქმის კურსში ჩააყენოს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც მოზარდის გარდა მშობელთანაც იმუშავებს. თუ სკოლის მიმართვის შემთხვევაში მშობლის ჩართულობა მინიმალურია ან რჩება რეაგირების გარეშე, საქმეში უნდა ჩაერიოს სოციალური მუშაკი. თუკი არსებობს ქცევითი აშლილობის ხელშემწყობი რისკები, დროულად უნდა მოხდეს მისი აღმოფხვრა.“

 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ რისკების არსებობის შემთხვევაში შეტყობინების მიუხედავად, სკოლა ვალდებულია პროცესს ბოლომდე მიჰყვეს. „თუ ასე არ ხდება, ეს არის გულგრილობა და პროფესიული ეთიკის დარღვევა“.

 

ფსიქოლოგის აზრით, მნიშვნელოვანია იმის ანალიზიც, თუ რა კეთდება იმისთვის, რომ მოზარდები თავისუფალი იყვნენ კრიმინალური სუბკულტურის გავლენისგან. „ასეთ მსჯელობებს მე ნაკლებად ვხედავ. შეიძლება იყოს ცალკეული ინიციატივები, თუმცა ესეც ლოკალური ხასიათისაა. აქ არის საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხიც. ახლახან იყო შემთხვევა, როცა ადამიანების ჯგუფი ძალადობდა ერთ ახალგაზრდაზე, ამას ხედავდა ბევრი ადამიანი, თუმცა რეაგირება არავინ მოახდინა. ამიტომ, თუ შენ გვერდით თანატოლს ან ვინმეს ჩაგრავენ და შენ არ იღებ ხმას, ეს უკვე გლობალური პრობლემაა“.

 

ფსიქოლოგის აზრით, გარდა სკოლისა და საზოგადოებისა, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ინფორმირება: „მშობელმა უნდა იცოდეს ვისთან მეგობრობს შვილი, როგორია მათი ღირებულებები, აღიარებულია თუ არა იმ წრეში, რადგან ამ ასაკში მოზარდი თანატოლის ღირებულებებს უფრო იზიარებს, ვიდრე მასწავლებლის ან მშობლის, იცოდეს მისი რუტინა, რით არის დაკავებული, როგორ სწავლობს, შეიცვალა თუ არა მისი ემოციური ქცევები, სად ატარებს დიდ დროს და ა.შ.“

 

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2016 წლის იანვარში პენიტენციალურ სისტემაში 20 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია, 7 –  ბრალდებული. თებერვლის მონაცემებით კი, ბრალდებულია 9 არასრულწლოვანი, 24 კი  – მსჯავრდებული. 2015 წლის მონაცემებით, პენიტენციალურ სისტემაში სულ 35 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: