მთავარი,სიახლეები

„ივანიშვილს ეძლევა უფლება ოფშორში გადამალული ქონება შემოიტანოს“ – „ოცნება“ კანონს ცვლის

17.04.2024 • 5417
„ივანიშვილს ეძლევა უფლება ოფშორში გადამალული ქონება შემოიტანოს“ – „ოცნება“ კანონს ცვლის

რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, დღეს, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ დაჩქარებული წესით და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი ცვლილებას საგადასახადო კოდექსში. ამ ცვლილების მიხედვით, ე.წ. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანა მარტივად ხდება შესაძლებელი.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, რომან გოცირიძემ ფეისბუქში წერს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა:

„მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.

ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდვინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად.

ელოდა სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას. ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს,“ – წერს დეპუტატი რომან გოცირიძე.

ამ კანონპროექტს უკვე მეორე მოსმენით ხვალინდელ სხდომაზე ისევ დაუბრუნდება პარლამენტი და ამას დღევანდელი სხდომის დასრულებამდე გაუსვა ხაზი შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. ცვლილება ითვალისწინებს ახალი მუხლის დამატებას საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ჩანაწერით:

„შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე [მათ შორის, წილზე/აქციაზე] საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში:

ა) ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;

ბ) აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.

საკითხი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ წარმოადგინა. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მას აქეთ, რაც ქართული კანონმდებლობა ევროპულს დაუახლოვდა, „ე.წ. შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებში, რომელსაც ჩვენ ოფშორს ვეძახით, საკმაოდ გაურთულდათ მუშაობა კომპანიებს: მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგია, გადასახადებმა მოიმატა, ამიტომაც, იქიდან წასვლას აპირებენ, ბევრი გადის კიდეც და უბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებს…

ოფშორული ზონების უმრავლესობა ჩვენი დასავლეთელი, მეგობარი ქვეყნების იურისდიქციის ქვეშ არიან… მთელი მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ, ეს კაპიტალი არ დაიკარგოს,“ – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ. მან ასევე თქვა, რომ ოფშორიდან კომპანიების საქართველოში გადმოტანა მოგვცემს „მეტ გადასახადს, მეტ გამჭვირვალობას“, გადასახადისგან კი, მსგავს კომპანიებს კანონი მხოლოდ ერთჯერადად გაათავისუფლებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი ვკითხულობთ:

„საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად ხორციელდება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში [ოფშორში] რეგისტრირებული უცხოური საწარმოების მიერ, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ შვილობილი საწარმოების მეშვეობით, რაც მოიცავს გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ხელს უშლის ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს.

ამასთანავე, ე.წ. „ოფშორული კომპანიის“ მიერ ყველა აქტივის საქართველოში გადმოტანის პროცესი შესაძლებელია შეაფერხოს იმ საგადასახადო ვალდებულებებმა, რომელიც ამ აქტივების გადაცემისას წარმოიშობა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: