მთავარი,სიახლეები

ბულვარში გამწვანებულ ადგილს აბეტონებენ – 374 ათასი ლარი საბავშვო კუთხისთვის

13.03.2026
ბულვარში გამწვანებულ ადგილს აბეტონებენ – 374 ათასი ლარი საბავშვო კუთხისთვის

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ბულვარში გამწვანებული ადგილის ჩაბეტონებას და საბავშვო კუთხის მოწყობას გეგმავს. რკინა-ბეტონის ფილით და კაუჩუკით სულ მცირე 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიფარება. მოეწყობა ბეტონის სკამები.

სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 374 ათას 201 ლარია.

ადგილი, სადაც საბავშვო კუთხის მოწყობაა დაგეგმილი [ატრაქციონებით, სკამებით, განათებით და სხვ.], ახალი ბულვარის მწვანე ზოლია – ბალახით და ხეებით. ამ ზოლის პარალელურად სასეირნო ბილიკებიც არის და საბაღე ხის სკამებიცაა განთავსებული.

საპროექტო ტერიტორია [მონიშნულია წითელი ხაზით] ახალ ბულვარში, სადაც საბავშვო კუთხის მოწყობაა დაგეგმილი

საბავშვო კუთხე ახალი ბულვარის მწვანე ზოლში / რენდერი პროექტიდან

საპროექტო ტერიტორია / ფოტოები პროექტიდან

აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო კუთხის მოსაწყობად ტენდერი, რომელიც საპირფარეშოს მშენებლობასაც ითვალისწინებდა, ბულვარს 2024 წელსაც ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვის ღირებულება 499 ათას 575 ლარი იყო, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა.

ამ ტენდერის შესახებ ვრცლად: ბეტონი და კაუჩუკი ბულვარის გამწვანებულ ზოლში – რაში დაიხარჯება ნახევარი მილიონი

ეს ტენდერი არ შედგა, რის შემდეგაც ბულვარის ადმინისტრაციამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა მხოლოდ საპირფარეშოს აშენებაზე: სავარაუდო ღირებულებით – 142 ათას 403 ლარი.

ამ თემაზე: ახალ ბულვარში საპირფარეშოს ააშენებენ – დაიხარჯება 142 ათასი ლარი

საპირფარეშოს აშენებაში ტენდერში გამარჯვებულ შპს „იმედი XXI“-ს ბულვარმა 114 ათას 246 ლარი გადაუხადა. საპირფარეშო გასული წლიდან ფუნქციონირებს. სარგებლობის საფასური 2 ლარია.

რაც შეეხება საბავშვო კუთხის მოწყობაზე ტენდერს, ის ბულვარის ადმინისტრაციამ 2026 წლის 12 მარტს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 28 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება.

„ახალი საბავშვო კუთხის მოწყობის სამუშაოები მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

 

მთავარი ფოტო: რენდერი და ფოტო პროექტიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: