მთავარი,სიახლეები

„ახალი წლის წინ უსამსახუროდ დამტოვეს“ – მარტოხელა დედის პროტესტი აჭარის მთავრობასთან

26.12.2025
„ახალი წლის წინ უსამსახუროდ დამტოვეს“ – მარტოხელა დედის პროტესტი აჭარის მთავრობასთან

დღეს, 26 დეკემბერს, უსახლკარო, მარტოხელა დედამ, მზია მეგრელიშვილმა აჭარის მთავრობის სახლის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა.

მზია მეგრელიშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვდა.

მზია ორი კვირის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან. ხელვაჩაურის მერიამ იგი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაასაქმა ინსპექციაში კონტროლიორად.

„8 დეკემბერს დამიბარეს და მითხრეს, რომ ვეღარ გააგრძელებდნენ ჩემთან ხელშეკრულებას. მიზეზად მოიყვანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უსახლკარო ვარ, მარტოხელა დედა, შაქრიანი დიაბეტით. როცა მასაქმებდნენ ძალიან კარგად იცოდნენ ჩემი მდგომარეობა. მაგრამ არჩევნები იყო, არ უნდოდათ ხმაური და მომცეს სამსახური. ახლა გაინაღდეს არჩევნები და მოგვატყუეს.

ერთი საყვედურიც კი არ მიმიღია სამი თვის განმავლობაში. ზედმიწევნით კარგად ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ 8 დეკემბერს დამიბარეს და მითხრეს, ვეღარ გავაგრძელებთ შენთან ხელშეკრულებასო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მზია მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, ის მერიის წინ დახვდა ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძესაც, რომელსაც ჰკითხა, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან. მზიას თქმით, მერმა მიზეზი არ უთხრა. მან გვითხრა, რომ დღემდე არ ჩაჰბარებია გათავისუფლების ოფიციალური ბრძანება.

„მე არ ვითხოვ მოწყალებას, მუშაობა მინდა. 1200 ლარი მქონდა ხელფასი. მარტო ვზრდი ჩემს 14 წლის შვილს, ბევრი არაა ეს თანხა, მაგრამ რაღაცნაირად მყოფნიდა. ახლა წინასაახალწლოდ სრულიად უსახსროდ დამტოვეს.

სამსახური მინდა. ამიტომ მოვედი მთავრობის სახლთან და ვითხოვ შეხვედრას სულხან თამაზაშვილთან. შემხვდეს, რატომ არ მხვდება? ყოველდღე მოვალ აქ, სანამ არ შემხვდება,“- ამბობს მზია მეგრელიშვილი.

მზია მეგრელიშვილის საქმეზე „ბათუმელებს“ წერილობითი განმარტება მოაწოდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.

„მზია მეგრელიშვილი დასაქმებული იყო ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებაში უფროს სპეციალისტად, გამოსაცდელი ვადით.  გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, გარკვეული კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილების გამო, აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება და ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებმა შესთავაზეს სხვა სამსახური.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეს ბოლო წლებში, მიღებული აქვს არა ერთი ფინანსური დახმარება, როგორც აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან.

გარდა ამისა, იგი სარგებლობს მედიკამენტების ვაუჩერით და არაერთხელ უსარგებლია ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი პროგრამებით,“ – განმარტავენ ხელვაჩაურის მერიაში.

ამავე წერილში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მზია მეგრელიშვილმა.

ამავე თემაზე:

„თამაზაშვილს არ მახვედრებენ. რას ჩქმალავენ არ ვიცი, ქუჩაში ვრჩები შვილთან ერთად“ – მარტოხელა დედა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: