მთავარი,სიახლეები

მარტოხელა დედა: 15 ათასი დოლარი მქონდა, მომატყუეს თაღლითურად და ქუჩაში დავრჩი

20.10.2025 •
მარტოხელა დედა: 15 ათასი დოლარი მქონდა, მომატყუეს თაღლითურად და ქუჩაში დავრჩი

ბათუმში მცხოვრები მარტოხელა დედა ამბობს, რომ მოატყუეს და უსახლკაროდ დატოვეს. ქალს მიუმართავს პოლიციისთვისაც.

„15 ათასი დოლარი მქონდა, ბინა მინდოდა ამეღო იპოთეკით, 2023 წელს ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ მომატყუეს, ქირის თანხასაც აღარ მიხდიან… ქუჩაში დავრჩი სამ შვილთან და მოხუც ბებიასთან ერთად,“ – ამბობს ვიქტორია პოპოვა.

ვიქტორია პოპოვას ორი შვილი მცირეწლოვანია, სრულწლოვანი შვილი კი, ჯერ არ მუშაობს. ვიქტორია შვილებთან და 86 წლის ბებიასთან ერთად ქირით ქეთევან წამებულის ქუჩაზე ცხოვრობს.

ვიქტორია პოპოვა ბებიასთან ერთად

ვიქტორია პოპოვა საქართველოს მოქალაქეა. მის ოჯახს ბინა ბათუმში ჰქონია, თუმცა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ბებიას სამკურნალოდ და წამლებში ფული აღარ ეყო, ბინა გაყიდეს:

„15 ათასი დოლარი დაგვრჩა და ვიფიქრე, რომ ავიღებდი ბინას იპოთეკით,“ – გვიყვება ვიქტორია პოპოვა, – „ჩამოვუარე მაკლერებს. ერთ-ერთმა მაკლერმა მითხრა, მაგ თანხით ვერ ნახავ იპოთეკას, გაგიჭირდება, გაძვირებულია ბინები ახლაო და შემომთავაზა ასეთი პირობა: ინვესტორი არსებობს და ბინას აშენებს ანგისის ქუჩაზე, თანხა სჭირდება, შენ ამ თანხას მისცემ და ის კორპუსს ააშენებს, ქირის ფულს გადაგიხდის მთელი წელი და ერთი წლის მერე ეს თანხა სრულად დაგიბრუნდებაო.

თუ თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებს ინვესტორი, მაშინ ბინა დაგრჩებაო.

შემახვედრეს ბიზნესმენს – ივანე ლიპარტიანს, რომელმაც იგივე მითხრა, რაც მანამდე მაკლერმა და მაჩვენა კორპუსიც, სადაც უკვე მიმდინარეობდა მშენებლობა. იუსტიციაში წავედით და იქ გავაფორმეთ ხელშეკრულება, რას ვიფიქრებდი, რომ ფულს ვეღარ დავიბრუნებდი და არც ბინა აშენდებოდა?“ – ამბობს ვიქტორია პოპოვა.

ვიქტორია პოპოვას 2023 წლის თებერვალში გაუფორმებია ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით შპს „გრინ თაუერთან“, სადაც აღნიშნულია, რომ ვიქტორია პოპოვამ 14 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. მარტოხელა დედა აღნიშნავს, რომ 1000 აშშ დოლარი მომსახურების სანაცვლოდ მაკლერს გადაუხადა.

ბიზნესმენს რამდენიმე თვე გადაუხდია ქირის თანხა, როგორც ვიქტორია ამბობს, თვეში 400 აშშ დოლარი, შემდეგ კი, უთქვამს, რომ თანხას ვეღარ გადაუხდის.

„მითხრა, რომ აღარ აქვს ფული. ვუთხარი, რაც დარჩა ჩემი ფულიდან ის მაინც დამიბრუნეთ, ისევ მოვძებნი იპოთეკას და ჩავდებ, თორემ ქუჩაში ვრჩები-მეთქი.

აღმოჩნდა, რომ სახლში, რაც შენდებოდა და მაჩვენეს, იქ არც ყოფილა ჩემი ბინა. ჩემი ბინა მის გვერდით, მეზობელ ნაკვეთზე უნდა აშენებულიყო, სადაც მხოლოდ ბოსტანია და მშენებლობა დაწყებულიც კი არ არის.

ასეა ათეულობით ადამიანი იმ კორპუსში, ვისაც ბინა უნდა მიეღო, გადახდილი აქვთ ფული. არც ბინის მშენებლობა დასრულებულა და არც ფულს უბრუნებენ,“ – ამბობს ვიქტორია პოპოვა.

2025 წლის დასაწყისში ვიქტორია პოპოვას ხელშეკრულებას უკვე „რეგალ ქონსთრაქშენი“ უფორმებს და ის იღებს ვალდებულებას მის წინაშე. „რეგალ ქონსთრაქშენი“ იგივე კომპანიის ახალი სახელია, რომელმაც ვიქტორია პოპავასთან დადებული პირობა არ შეასრულა. კომპანიის სახელთან ერთად შეიცვალა დამფუძნებელიც – ამჯერად კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩიბუხაშვილია.

„ქირის ფული კი არა, საერთოდ აღარ პასუხობს ტელეფონს გიორგი ჩიბუხაშვილი, ახალი ბიზნესმენი.

პოლიციაში მივედი რამდენჯერმე, მაგრამ არ მომაქციეს ყურადღება. 2025 წლის 11 ივნისს პოლიციის დეპარტამენტში მივედი და იქ დავტოვე განაცხადი,“ – ვიქტორია პოპოვა გვაჩვენებს წერილს, რომელსაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე ხელს აწერს – „ჩავიბარე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 20 ოქტომბერს „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება ვიქტორია პოპოვას მიმართვის შემდეგ.

„კაზინოში ვმუშაობდი, მაგრამ წამოვედი რამდენიმე თვის წინ, ნერვიულობისგან კბილებიც დავკარგე…

ახლა დამლაგებლად ვმუშაობ, სადმე რამე თუ გამოჩნდება, რომ შვილების გამოკვება შევძლო.

მერია თვეში მხოლოდ 520 ლარს მირიცხავს, ამას ემატება ბებიას პენსია. სულ ესაა ჩვენი შემოსავალი, სოციალურს არ ვიღებთ.

მერიაში როცა მივედი დასახმარებლად, მითხრეს, არ ვიცით, როდის იქნება მერი, დაბრძანდით თუ გნებავთ, დაელოდეთო. რამდენი ხანი უნდა ვმჯდარიყავი? არც განცხადება დამიწერია უსახლკარობაზე. ვიცი, რომ ბევრია უსახლკარო და არავინ ყურადღებას არ აქცევს.

ვიფიქრე, რომ ვუჩივლებდი კომპანიას სასამართლოში, მაგრამ იურისტმა კონსულტაციაში 300 ლარი მომთხოვა. როგორ ვიდავო?!“ – კითხულობს ვიქტორია პოპოვა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა უძრავი ქონების აგენტს, რომელმაც ვიქტორია პოპოვა ბიზნესმენს დააკავშირა, ასევე ბიზნესმენებს, რომლებმაც ვიქტორია პოპოვასთან დადებული პირობა არ შეასრულეს.

„მე რა შუაში ვარ? ჩემთან ოფისში გამოართვა ვანომ [ივანე ლიპარტიანი] ფული და იმავე საღამოს გაკეთდა საქმე, ცუდი პიროვნება არ იყო ვანო, ერთი წელი, როგორც ვიცი, უხდიდა ქირის ფულს, ყველას უხდიდა, მაგრამ ვიქტორიაზე მოხდა ყველაფერი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ უძრავი ქონების აგენტმა, ელენე ხიმშიაშვილმა.

უძრავი ქონების აგენტი განმარტავს, რომ მან თავიდანვე განუმარტა ვიქტორია პოპოვას ხელშეკრულების პირობები.

„ვიცოდი, რომ ბინა არ იყო აშენებული. ვუთხარი, რომ პროექტი არის და შენდება ბინა, თუ გინდა, ჩადე ეს ფული და თვეში 4%-ს გადაგიხდიან.

გამომიძახეს მაგ საქმეზე და მე ვუთხარი ყველაფერი გამოძიებას… ვუთხარი, რომ ვანო ლიპარტიანი მთელ ქალაქში დადიოდა და ამბობდა, რომ ისესხებდა თანხას და პროცენტს გადაიხდიდა, ამ დროს გამოჩნდა ვიქტორია…

ერთ თვის წინ ვიყავი გამოკითხვაზე,“ – გვითხრა ელენე ხიმშიაშვილმა.

რაც შეეხება მშენებელი კომპანიის ძველ და ახალ დამფუძნებლებს – ისინი ყველაფერს ერთმანეთს აბრალებენ, ხოლო კითხვაზე, რა უნდა ქნას ამ დროს მარტოხელა დედამ, გვპასუხობენ, რომ ამას სასამართლო დაადგენს.

„ვისაც ფული გადაუხადა, იმასთან გაარკვიოს,“ – ამბობს გიორგი ჩიბუხაშვილი, შპს „რეგალ ქონსთრაქშენი“ მესაკუთრე და დირექტორი. მას შევახსენეთ, რომ ის სამართალმემკვიდრეა „გრინ თაუერის“, რომელთანაც ვიქტორია პოპოვამ თავდაპირველად ფული გადაიხადა.

„კვადრატები უნდა დაებრუნებინათ [კომპანიის წინა მეწილეებს], მაგრამ არ დაგვიბრუნეს, მოგვატყუეს. 8 ათას კვადრატამდეა გაყიდული და ერთი თეთრიც არ არის შემოსული…,“ – გვითხრა გიორგი ჩიბუხაშვილმა. მას ვუთხარით, რომ კონკრეტულად ვიქტორია პოპოვას საკითხი გვაინტერესებს და აქვე ვკითხეთ – თუ კომპანიის ყოფილი მეწილეები მასთან პირობას არ ასრულებდნენ, ამ საკითხზე მიმართა სასამართლოს?

„ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, გვინდა, რომ მშვიდობიანად გაკეთდეს ეს ყველაფერი.

ვიქტორიასთან ხელშეკრულება რეესტრში დაფიქსირებულია, მაგრამ კომპანიის ანგარიშზე არ არის დარიცხული მისი თანხა… ვისაც მისცა ფული, იმათ მოსთხოვოს: ვანომ და რამაზმა [რამაზ კაკაბაძე ასევე კომპანია „გრინ თაუერის“ ერთ-ერთი ყოფილი მესაკუთრეა] უნდა დაუბრუნოს,“ – ამბობს გიორგი ჩიბუხაშვილი.

ბიზნესმენს შევახსენეთ, რომ მასაც აქვს გაფორმებული ხელშეკრულება 2025 წლის 10 თებერვალს ვიქტორია პოპოვასთან:

„მიმართოს სასამართლოს და პროკურატურას… მე გადავიხადე ნახევარი მილიონი იმ პირობით, რომ კვადრატები უნდა დაებრუნებინათ და ეს ფული გადაეხადათ, მათ პირიქით, აქეთ დაგვიყადაღეს ქონება,“ – დასძინა გიორგი ჩიბუხაშვილმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „გრინ თაუერის“ ყოფილ მეწილეს ივანე ლიპარტიანს, რომელმაც გვითხრა, რომ მისი ადვოკატი, გიორგი ცობეხია გაგვცემდა პასუხს კითხვებზე.

„ჩვენ ეს კომპანია გავასხვისეთ, შესაბამისად, ყველა ის ვალდებულება, რომელიც არსებობდა მანამდე, გაჰყვა კომპანიას და გადავიდა კომპანიის ახალ მესვეურებზე,“ – გვიპასუხა ადვოკატმა გიორგი ცობეხიამ. მას ვუთხარით, რომ გიორგი ჩიბუხაშვილის თქმით, ყოფილმა მეწილეებმა ახალთან პირობა არ შეასრულეს:

„საოცრება ის არის, რომ ჩვენი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს იმის მანიშნებელია, რომ რაიმე სახის დარღვევას ჩვენი მხრიდან ადგილი რომ ჰქონოდა, ისინი დაიწყებდნენ დავას.

სასამართლოში ვდავობთ იმ პირობების შეუსრულებლობაზე, რაც ახალმა მესაკუთრემ არ შეასრულა და ვითხოვთ კომპანიის წილის უკან დაბრუნებას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. თუ ვინმეს ჩვენთან პრეტენზია აქვს, ჩვენ ვამბობთ, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი წილი და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ვალდებულების შესრულებას…

ბიზნესში ხდება, როცა რაღაც პროექტი არ არის წარმატებული და წილის გასხვისება უკეთესი გამოსავალია, მათ შორის, ვალდებულებების მომსახურებისთვის.

მან [გიორგი ჩიბუხაშვილი] ჩვენთან ანგარიშსწორებაც არ შეასრულა, არათუ სხვა ვალდებულებები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ივანე ლიპარტიანის ადვოკატმა, გიორგი ცობეხიამ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის განხილვა არ ჯერ დაწყებულა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: