მთავარი,სიახლეები

ტყუილია, რომ ევროპაშიც მიიღეს ეს კანონი – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე

10.04.2024 • 3267
ტყუილია, რომ ევროპაშიც მიიღეს ეს კანონი – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე

„რუსული კანონის მიღება იქნება ცალსახად დიდი კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის,“ – მიიჩნევს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია. მას რუსულ კანონზე ვესაუბრეთ.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ტყუილზე, თითქოს მსგავსი კანონი ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს. „რუსული კანონის მიღებით ჩვენს მომავალზე ვამბობთ უარს,“ – მკაფიოა ნონა წოწორიას პოზიცია.

სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მოლდოვაში პრე-ვეტინგის პროცესში იყო ჩართული. მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას საქართველოში, ევროკავშირის ერთ-ერთი პირობის მიუხედავად, რადიკალურად უპირისპირდებიან მოსამართლეები „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.

რა შედეგი დადო „ვეტინგმა“ მოლდოვაში და რას აჩვენებს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლისთვის ქართველი მოსამართლეების უარი ევროპულ მომავალზე – „ბათუმელებმა“ ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ნონა, თქვენი აზრით, როგორ აისახება რუსული კანონ საქართველოს ევროპულ მომავალზე?

დასავლეთში პოლიტიკოსებმა უკვე ცალსახად უპასუხეს ამ შეკითხვას. არ დარჩენილა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ქვეყანა, რომელიც ჩვენი მეგობარია და არ ამბობს, რომ ეს არის დიდი საფრთხე ევროინტეგრაციისთვის. რუსული კანონის მიღება იქნება ცალსახად დიდი კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის.

გარდა ამისა, არსებობს ევროკავშირის მართლმსაჯულების [ე.წ. ლუქსემბურგის სასამართლო] სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ ასეთი კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. ევროსასამართლო მას აფასებს, როგორც ევროპული კონვენციის საწინააღმდეგოს.

არ არსებობს ორგანო, რომელსაც არ უთქვამს, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციებს. თუ წაიკითხავთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას რუსულ კანონთან დაკავშირებით, ნახავთ, რომ ის ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მათ შორის, გაეროს კონვენციებს.

რუსული კანონის მიღებით არამხოლოდ ევროპის კარს ვკეტავთ, არამედ ვაკეთებთ საერთაშორისო განაცხადს, რომ ჩვენი სწრაფვა არ არის დემოკრატიული საზოგადოებისკენ. რუსული კანონის მიღებით ჩვენს მომავალზე ვამბობთ უარს.

  • ქართული ოცნება“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსგავს კანონებს იღებენ ევროპის ქვეყნებშიც. 

რომელ ქვეყანაში? მცდელობა ჰქონდა უნგრეთს და იძულებული გახდა გაეუქმებინა ის მას შემდეგ, რაც ლუქსემბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

უნგრეთის 2017 წლის საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონი [„გამჭვირვალობის აქტი“] ასოციაციებისა და ფონდების, გარდა სპორტული და რელიგიური გაერთიანებებისა, პოლიტიკური პარტიებისა და ეთნიკურ უმცირესობათა ასოციაციებისგან მოითხოვდა სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას, თუკი უცხოური დაფინანსების წილი მათ ბიუჯეტში ყოველწლიურად აჭარბებდა 7 200 000 უნგრულ ფორინტს [22,100 ევრო].

ასეთი ორგანიზაციები ექვემდებარებოდნენ მარკირებას და დამატებითი ანგარიშგების მოთხოვნებს. გათვალისწინებული იყო ჯარიმები და ორგანიზაციების დაშლის შესაძლებლობა კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

აქტი გაუქმდა 2021 წლის აპრილში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ასოციაციების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის მიზანი ლეგიტიმურია, თუმცა, ის ვერ გაამართლებს კანონმდებლობის შემოღებას, რომელიც ეფუძნება დაშვებას, რომ ნებისმიერი უცხოური ფინანსური დახმარების მიღება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ავტომატურად ქმნიდა საფრთხეს სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ გამჭვირვალობის აქტით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენდა გაერთიანების თავისუფლების უფლების შეზღუდვას, რამდენადაც ისინი მნიშვნელოვნად ართულებდნენ ასოციაციების ფუნქციონირებას კანონით შემოღებული დამატებითი ვალდებულებების და მათი შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმების გამო.

ასევე, ვალდებულება, რომ დარეგისტრირებულიყვნენ და პოზიციონირება მოეხდინათ ამ სტატუსით შემაკავებელი ეფექტი შეიძლება ჰქონოდა დონორებზე და ამით ხელი შეეშალა ამ ორგანიზაციების საქმიანობისა და დეკლარირებული მიზნების მიღწევაში.

ეს დამატებითი ვალდებულებები, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ქმნიდა უნდობლობას ასოციაციების, ფონდების მიმართ და ახდენდა მათ სტიგმატიზებას. სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა გამართლება ამ დამატებითი ვალდებულებების შემოღებისთვის.

საქართველოს ხელისუფლება, მარტივად რომ ვთქვათ, დგას ტყუილის პოლიტიკაზე. ამას აკეთებს იგი რუსულ კანონთან დაკავშირებითაც. ჩვენი, საზოგადოების პრობლემაა: მორიგ ტყუილს მივიღებთ, გადავყლაპავთ, თუ ვიტყვით, რომ არა, ეს უკვე საკმარისია.

  • რატომ აწყობს ხელისუფლებას რუსული კანონის მიღება? „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა საზოგადოება, როცა თქვა, რომ აღარ დაუბრუნდებოდა ამ კანონპროექტს. 

ვხედავთ, რომ ტყუილი და ფლიდობა ამ ხელისუფლების მმართველობის ინსტრუმენტია, რაც გამოიყენება დეზინფორმაციულ კამპანიასთან ერთად. ეს არის „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი, რომელსაც ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ – არა!

სიმართლის თქმა მძიმეა ხანდახან, მაგრამ ეს არის ის, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვუთხრათ ძალას, რომელიც ცდილობს მანიპულირებით და ტყუილებით ქვეყნის მართვას. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ჩვენ, როგორც ინდივიდები, ამ სისტემის ნაწილი ვხდებით.

ჩვენ ერთდროულად ვართ, როგორც მსხვერპლი, ისე დამნაშავე – ამ მასობრივი ტყუილის თანამონაწილეები.

ეს აჩვენებს ასევე დიდ მორალურ კრიზისს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს. ზოგადად, ტოტალიტარული სისტემები ქვეყანას მართავენ საზოგადოების დემორალიზებით.

  • ხედავთ საქართველოში ტოტალიტარიზმის საფრთხეს, როცა შეიძლება ყველაფერი გააკონტროლონ და აღარ ისმოდეს კრიტიკული აზრი? 

აბსოლუტურად. ჩემი პერსპექტივით, ამ კანონის მიღებით ხელისუფლებას უნდა კონტროლი მოიპოვოს საზოგადოების დაუმორჩილებელ ნაწილზე, ამ შემთხვევაში მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მას ხელისუფლების ბოლომდე კონცენტრაციაში.

თუ ჩვენ შევხედავთ „ქართული ოცნების“ მართვის სტილს, მან ნელ-ნელა დაიმორჩილა სხვადასხვა სექტორი, ნაწილ-ნაწილ მოკლა სხვადასხვა სეგმენტი.

დარჩა საზოგადოების ერთი ნაწილი, ვისზეც „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ თუ არ„მიხედა“, მის არსებობა საფრთხეშია. მისთვის შეუძლებელია მართვა სიკეთის კეთების გზით.

რას ვუყურებთ ჩვენ? საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და იმის ნაცვლად, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი ლაპარაკობდეს, რა გააკეთა, ან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში დარჩება, რას გააკეთებს, საზოგადოებას რეალურად ტერორი მოუწყვეს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, მთელი წინასაარჩევნო კამპანია გადაიყვანოს აი, ამ რეჟიმში, რომელიც არაფერია, გარდა იმისა, რომ მოახდინოს ხელისუფლების სრული კონსოლიდაცია.

ამ ფონზე თუ ვინმე იფიქრებს, რომ ჩვენი ევროპულ მომავალს რამე პერსპექტივა აქვს, პირდაპირ ვიტყვი, რომ მას ან ინტელექტის პრობლემა აქვს, ან სინდისის, ან ორივესი ერთად.

  • მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზეც მინდა გკითხოთ – ევროკავშირის ამ მოთხოვნას კატეგორიულად უპირისპირდებიან მოსამართლეები „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. თქვენ ხართ ჩართული მოლდოვაში ე.წ. ვეტინგის პროცესში. რას აჩვენებს თქვენთვის ქართველი მოსამართლეების რეაქცია, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის განცხადება: „აღარ არის ეთიკური სტანდარტების დრო“. 

თუ ნახავთ, რუსეთში როგორ განვითარდა ეს მოვლენები, როგორ მოახრჩვეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ნახავთ, რომ სასამართლოს როლი საკვანძო იყო ამ პროცესში – დამორჩილებული სასამართლო არის რუსული კანონის აღსრულების გარანტია. რუსული კანონის იმპლემენტაციას ხელისუფლება ვერ შეძლებს სასამართლო ხელისუფლების გარეშე.

რუსეთში თავდაპირველად ეს კანონი იყო ბუნდოვანი, მისი იმპლემენტაციის დროს იმდენად ფართო ინტერპრეტაცია მისცეს კანონებს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას დაუქვემდებარეს რუსეთში აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის, ფლორასა და ფაუნაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სემინარებში მონაწილეობაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტი და ჯანდაცვა გამორიცხული იყო თავდაპირველად კანონის მოქმედების სფეროდან, მოსამართლეების განმარტებით ეს ყველაფერი მოთავსდა კანონის რეგულირების სფეროში.

ამიტომაც არის ეს კანონი ასეთი საშიში, რადგან მისი საცეცები საზოგადოების ყველა ფენას შეიძლება მოედოს. ამ პროცესში დამორჩილებული სასამართლოს როლი საკვანძოა. სწორედ მოსამართლეების მონაწილეობით გააუქმეს რუსეთში სამოქალაქო ორგანიზაციები, მათ შორის, ორგანიზაციებმა საქმიანობა შეაჩერეს  თვითლიკვიდაციის იძულების გზით.

ამ კანონმა აუკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებს კორუფციის თემაზე მუშაობა, მაგალითად, სამართლებრივ აქტებზე ანტიკორუფციული შეფასებების გაკეთება. ამ შემთხვევიდან ჩანს, სად ემთხვევა ხელისუფლების და მოქმედი სასამართლო სისტემის ინტერესები.

წარმოიდგინეთ ეს კანონი ამ კონკრეტული მოსამართლეების ხელში საქართველოში, რომელსაც აქვთ მოწინააღმდეგე აზრის მქონე ადამიანების დევნის დიდი გამოცდილება. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

  • საბჭოთა დროინდელი, რომელსაც არ ცვლიან და რომლის საფუძველზეც ადამიანებს პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის გამოც სჯიან? 

დიახ.  რუსული კანონი  მარტო კი არ იქნება. ამას მოჰყვება სხვა კანონების ნუსხა, რომელიც მის იმპლემენტაციას მოახდენს. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს მოხდება, მაგრამ საცეცებს, რასაც ისინი გაუშვებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ვერ მივადევნებთ თვალს, იმდენად ფართომასშტაბიანი და მძიმე იქნება.

წარმოიდგინეთ, მოსამართლეთა კლანის ხელში ეს კანონი და რამდენად საინტერესოა ხელისუფლებისთვის მოსამართლეთა დამორჩილება, რომ ეს ყველაფერი სისტემაში მოიყვანოს.

ამ წუთას სასამართლო კლანის ინტერესებში არის ძალაუფლების შენარჩუნება ისე, როგორც არის. ცვლილებების შემთხვევაში კი, რასაც ევროპა მოიტანს, და ეს ქართველ ხალხს სჭირდება, მოსამართლეები ფიქრობენ, რომ მათი ძალაუფლება, დაგროვებული ქონება, იქნება საფრთხის ქვეშ.

მოსამართლეების პროტესტი ეს არის საკუთარ ინტერესებზე მორგებული პროტესტი, რომელიც ამ შემთხვევაში ემთხვევა ხელისუფლების ინტერესს, მოახდინოს ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია.

„ვეტინგი“ პანაცეა არ არის. ეს არ არის სტანდარტული სისტემა. ეს არის გამონაკლისი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღების სხვა საშუალება არ არის. ეს არის გზა იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა რეფორმირდეს.

საქართველოში ვნახეთ, როგორ გაამწესეს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, როცა ზოგიერთ შემთხვევაში იყო კვალიფიკაციის პრობლემა, ან საერთოდ უმაღლესი განათლების პრობლემა, მოხდა რამე? შევძელით შეგვეჩერებინა? – ფაქტია, რომ ვერაფერი შევძელით. ისინი მაინც გამწესდნენ სასამართლოში.

  • რეკომენდაციაც იყო დასავლეთიდან, შეჩერებულიყო მოსამართლეების უვადოდ გამწესება, ვიდრე სასამართლო რეფორმა არ ჩატარდებოდა, თუმცა ხელისუფლებამ არც ეს მოთხოვნაც შეასრულა. 

არავინ არ გაითვალისწინა ეს, ძალადობრივად დაასრულეს ეს პროცესი. ამას გარდა, უამრავი ანგარიშია და ეჭვი მოსამართლეების შემოსავლებზე, რაც არავის გამოუკვლევია.

არსებობს დისციპლინარული დევნის მექანიზმი, თუმცა რამდენი მოსამართლე გაგიგიათ საქართველოში, რომ დისციპლინარულად დასაჯეს? არაფერი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს სისტემა, როდესაც გაამწესეს მოსამართლე და თითქოს უკვე არსებობს პრეზუმფცია, რომ ის წესიერი და კეთილსინდისიერია მთელი დანარჩენი ცხოვრება.

გაუგონარი ამბავია ასევე ის, რომ მოსამართლეებს საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების პროცესის შეჩერებაც შეუძლიათ. ჩვენნაირ ქვეყნებში ბევრი რამეა პრობლემა. მე არ შემისწავლია დეტალურად დეკლარაციების სისტემა საქართველოში. იქ შეიძლება ბევრი ხვრელი იყოს, რომელიც მაგალითად, არ ითვალისწინებს ბევრი ობიექტის დეკლარირებას. ამ ხვრელებსაც ქმნიან კანონმდებლები, როცა გამორიცხავენ დეკლარირების სფეროდან ბევრ საგანს, რაც კორუფციის რისკია.

მაგალითად, მოლდოვაში 2016 წლამდე ნაღდი ფულის დეკლარირება არ ხდებოდა. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა ხვრელი იყო კორუფციისთვის. იმის თქმა მინდა, რომ დეკლარაციის სისტემას თავად შესაძლოა ბევრი ნაკლი ჰქონდეს. ამ ნაკლულ დეკლარაციას რომ კიდევ არ ამოწმებ და დეკლარანტს რომ შეუძლია ამ პროცესის შეჩერება, ეს არის ფანტასტიკა.

მოლდოვაში სულ სხვა სიტუაცია იყო: შემოწმების სისტემა იყო ნაკლული და დეკლარაციის შემმოწმებელი ორგანო ვერ ახერხებდა, რომ სრულყოფილად შეესწავლა დეკლარაციები.

მოსამართლეებს მოლდოვაში მოჰქონდათ ეს დასკვნები და ამბობდნენ, აი, შეისწავლა ჩემი დეკლარაციები ამ ორგანომ და გაითვალისწინეთ მისი დადებითი შეფასებებიო. ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ კანონმა მოგვცა უფლება, მიუხედავად ამ ორგანოს დადებითი დასკვნისა, თავად მოვიკვლიოთ დამატებით დეტალები.

  • რა ეტაპზეა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება, ე.წ. ვეტინგის პროცესი მოლდოვაში. თქვენთან წინა ინტერვიუ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სასამართლო კლანი მოლდოვაში იშლებოდა, რა ხდება ახლა? 

მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ პრე-ვეტინგზე, რადგან ვმონაწილეობ წინასწარი ვეტინგის პროცესში, როცა შეირჩა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და პროკურატურის უმაღლესი საბჭოს წევრები. ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატებით ამ ორი ორგანოს ფორმირება უკვე მოხდა. ჩვენი კომისია არ დაითხოვს თანამდებობებიდან მოქმედ მოსამართლეებს თუ პროკურორებს.

იმის გამო, რომ მოლდოვაში იუსტიციის საბჭო იყო ბლოკირებული – იქაც მარტივად არ არის ეს ყველაფერი – მოლდოვის ხელისუფლებამ სიახლე შემოიტანა იუსტიციის საბჭოში ასარჩევი წევრების შემოწმების სახით. იუსტიციის საბჭო მართავს შემდეგ სასამართლო ხელისუფლებას. ამიტომაც, მიიჩნიეს საჭიროდ, რომ ჯერ დაეკომპლექტებინათ ეს ორგანო, რომელიც შემდეგ ჩაერთვებოდა „ვეტინგის“ პროცესში.

2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ჩვენ ბოლო გადაწყვეტილება, რაც სასწრაფოდ იყო საჭირო მოლდოვისთვის, რომ პროკურატურის საბჭო ფუნქციონირებადი ყოფილიყო და ამის დეკლარირება მომხდარიყო ევროკავშირისთვის.

თუ შევხედავთ საქართველოში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ნათელია, რა მოცემულობა გვაქვს: დაკომპლექტებულია იმ ხალხით, ვისაც არ სურს სასამართლოს რეფორმირება.

გასული წლის დასაწყისში მოლდოვაში მთელი უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დიდი ნაწილი გადადგა. ამ დროს საფრთხე შეექმნა დავების გადაწყვეტას უზენაესი სასამართლოში. ჩვენი გადაწყვეტილებების განხილვაც, რაც გასაჩივრებული იყო უზენაეს სასამართლოში, საფრთხის ქვეშ დადგა.

ამ ვითარებაში მთავრობამ იპოვა გამოსავალი და სხვა სასამართლოებიდან მიავლინეს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. იყო რისკი იმის, რომ უზენაესი სასამართლო ბლოკირება მომხდარიყო.

არ მინდა სპეკულაციაში შესვლა, რა მოტივით გადადგნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, არის სერიოზული კითხვები კორუფციაზე, ქონებაზე, რომელიც მათ აქვთ.

მე ასე ვიტყოდი: სასამართლო რეფორმის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთულია, რაც კი ადამიანმა შეიძლება რეფორმირების პროცესში წარმოიდგინოს. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის შეუშლიან ამ პროცესს ხელს, ეცდებიან, რომ რევანშიც მოაწყონ. მთავარია, საზოგადოება არ დაიღალოს ამ პროცესით და იგი ბოლომდე მიიყვანოს.

  • მოლდოვის გამოცდილება აჩვენებს, რომ ე.წ. ვეტინგია დღეს ერთადერთი გამოსავალი, სასამართლო სისტემა გაძლიერდეს? 

სხვა გამოსავალი არ არსებობს. ამაზე საუბარია ევროკავშირის და ვენეციის კომისიის დასკვნებში, თუმცა „ვეტინგი“ არის ერთი ნაწილი ამ პროცესის, რომელსაც უნდა მოჰყვეს მთელი სისტემის ინსტიტუციური რეფორმირება. ეს ნიშნავს  მოსამართლეების გამწესების, დაწინაურების, კვალიფიკაციის შემოწმების, დისციპლინური დევნის და ასე შემდეგ ორგანოების რეფორმირებას.

  • ეს ხელისუფლების აქტიური ნების გარეშე არ გამოვა?

რა თქმა უნდა, არ გამოვა. „ვეტინგი“ ერთი პატარა ნაწილია, რომელსაც შემდეგ თუ არ დახვდა რეფორმირებული სტრუქტურები, რომელშიც ეს ხალხი უნდა ჩაერთოს და იფუნქციონირებს, რეალურად არაფერი გამოვა.

მაგალითად, კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ჩემი კოლეგაა, კალიფორნიის შტატში იყო 27 წლის განმავლობაში მოსამართლეთა დისციპლინარული დევნის საბჭოს იურიდიული სამსახურის უფროსი.

მოსამართლეების ეთიკურ საქციელზე, მათ პროფესიონალიზმზე რეაგირება ყოველდღიური პროცესია. თუ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამ შემთხვევებს სათანადოდ შეისწავლის და დისციპლინური დევნის სისტემას მწყობრში მოიყვანს, სასამართლო ხელისუფლება სათანადოდ ვერ იფუნქციონირებს. ჩვენ მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირება კი არა, მთელი სისტემის ფუნქციონირება გვინდა.

  • რჩება რესურსი, რომ ე.წ. ვეტინგის პროცესი დაიწყოს საქართველოში? 

რესურსი არის მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაში. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამ ხელისუფლებას ელაპარაკო რეფორმებზე. ეს ხალხი არ არის ამ რეფორმების გამტარებელი. ეს წყლის ნაყვაა.

თუ გვინდა ევროპაში შესვლა, ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ.

___

გადაბეჭდვის წესი


ასევე: